თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსული ვერტმფრენის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ განცხადება გაავრცელა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„რუსულმა ვერტმფრენმა საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთა და რამდენიმე წუთის შემდეგ უკან დაბრუნდა“, — აცხადებენ უწყებაში. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრო წერილს ამზადებს, რომლითაც ოფიციალური თბილისი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების კომისიას მიმართავს.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ მხარეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თავდაცვის სამინისტრო რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ განცხადებას ავრცელებს.