თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. კახეთში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმა განხორციელდა, იუწყება ქართული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათს, 9 დეკემბრის ღამით, დედოფლისწყაროს რაიონში უცნობმა პირებმა „ნაცმოძრაობის“ ოფისი დაცხრილეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა.
აღნიშნული ფაქტი ყოფილი მმართველი პარტიის რეგიონალურ ოფისზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. ოქტომბრის თვეში ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, რომელშიც მთავარი პროკურატურის განცხადებით, წინა ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები იღებდნენ მონაწილეობას, პარტიის წინააღმდეგ სხვადასხვა რაიონში საპროტესტო აქციები გაიმართა.
გარდა ამისა, მოხდა თავდასხმები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე თბილისსა და რეგიონებში.