ნინო ცხოიძე
8 დეკემბერს, ლეგენდარული ქართველი რეჟისორისა და მშვიდობის ელჩის, რეზო ჩხეიძის დაბადების დღე მისმა ახლობლებმა და თანამოაზრეებმა პირველად აღნიშნეს მის გარეშე.
მის მიერ დაარსებული ქართული ერთობის დარბაზისა და ტელეკომპანია „ქართულის“ წარმომადგენლებმა ეს დღე საქმიან ვითარებაში აღნიშნეს, რადგან ბატონ რეზოს არ უყვარდა ზედმეტი პომპეზურობა და საქებარი სიტყვები. თუმცა, არც მთლად უამისობა იქნებოდა, როცა ასეთ შემოქმედს და საზოგადო მოღვაწეს, დამრიგებელს და მოამაგეს ეხება საქმე.
დღე მისი სახლის კედელზე მემორიალური დაფის გახსნით დაიწყო და ბევრი თბილი სიტყვაც ითქვა. შემდეგ უამრავმა ადამიანმა მის საფლავთან მოიყარა თავი და პატივი მიაგო მის ნათელ ხსოვნას. საღამოს კი სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც ბოლო დროს ხშირად მასპინძლობდა იგი საზოგადოების წარმომადგენლებს, მის მიერ დაწყებული საქმეების შესახებ ისაუბრეს. საღამოს უძღვებოდა ქედი-ს პოლიტიკური მდივანი, ბატონი რამაზ ლომინაძე.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართული ერთობის დარბაზის მიერ განსახორციელებელ მთავარ დანაბარებზე, მსოფლიო ქართველთა კონგრესის ჩატარებისათვის დაწყებულ სამუშაოზე ისაუბრა ბატონმა თეიმურაზ შაშიაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ოქტომბრამდე კონგრესი 24 ქვეყანაში ჩატარდება, სადაც ჩვენი თანამემამულეების დიდი რაოდენობაა აღრიცხული. ამავე ქვეყნებში, ერთდროულად იგეგმება უკვდავი „ვეფხისტყაოსნის“ კითხვა, რითაც შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე აღინიშნება. ხოლო ოქტომბერში საქართველოში ჩამოვლენ უცხოეთში მოღვაწე ქართველებიც და საქართველოს მეგობარი უცხოელებიც, რათა საქმიან ვითრებაში განიხილონ საქართველოს მომავალი და მათი წვლილი ამ საქმეში.
ტელეკომპანია „ქართულის“ ერთ ერთმა ხელმძღვანელმა მანანა ნოდიამ აქციონერთა დახმარებით სატელიტზე მაუწყება მიულოცა ამ ტელეარხის გულშემატკივრებს და იმედი გამოთქვა, რომ მხარდამჭერების ზრდის ტენდენცია ამ საქმის წინსვლის გარანტად უნდა ჩაითვალოს. მისი თქმით, მალე არ მოუწევს მაყურებელს მიმართონ ცნობილი ფრაზებით „არ გადართოთ!.. დარჩით ჩვენს არხზე!“ რადგან უახლოეს მომავალში ეს ტელევიზია მართლაც გახდება ყველაზე სასურველი და მშობლიური არხი ქართველი მაყურებლისათვის.
საღამოზე ცნობილმა მეცნიერმა არნოლდ გეგეჭკორმა თავის ახალი წიგნი წარმოადგინა, რომელზეც ხანგრძლივად მუშაობდა და მის გამოცემას ასე ელოდა ბატონი რეზო ჩხეიძე. წინგი ქართულ-ინგლისურია და სრუყოფილად გვაცნობს საქართველოს ფლორას და ფაუნას, ასევე საინტერესო მოვლენებსა და ადამიანებს.
ბატონმა რამაზ ლომინაძემ დამსწრეთ წარუდგინა მელაძეების საინტერესო ოჯახი, რომლებიც შემოქმედებითად იყვნენ დაკავშირებული ბატონ რეზოსთან. გამომცემლობა „მინიატურა“-ს ერთ ერთმა ხელმძღვანელმა ქეთევან ლაზარიშვილმა ხელით შექმნილი „ვეფხისტყაოსნის“ ყველაზე პატარა წიგნი წარმოადგინა და რეზო ჩხეიძის ღვაწლზე, მის მშობლიურ დამოკიდებულებაზე, თავმდაბლობასა და მოკრძალებაზე ისაუბრა. აქვე დაანონსდა ამ ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრის, 14 წლის თეკლა მელაძის ნახატების გამოფენა, რომელმაც უკვე ამერიკაშიც კი მოიპოვა აღიარება. მისი გამოფენა თბილისში, 10 დეკემბერს, ზურაბ წერეთლის მუზეუმში, 19 საათზე გაიხსნება.
საღამოს დასასრულს ერთმანეთს ცვლიდა პატრიოტიზმით გამთბარი, თანამედროვე ქართული ლექსი, უბერებელი „შავლეგო“ და კვლავ რეზო ჩხეიძის პათოსი, რომ დაპირისპირება სუსტების მოგონილია, ხოლო ძლიერთა მიზანია ერთიანობა, ერთსულოვნება და სამშობლოზე ზრუნვა.