თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. ლეონარდო და ვინჩის ყველაზე ცნობილი ნახატის „მონა ლიზას“ („ჯოკონდას“) საღებავის ფენებქვეშ ფრანგმა მეცნიერმა პასკალ კოტმა კიდევ ერთი პორტრეტი აღმოაჩინა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეკომპანია „ბი–ბი–სი“-ზე დაყრდნობით.
პასკალ კოტმა ნახატის შესასწავლად უნიკალური ფოტოკამერა გამოიყენა და მონაცემთა ანალიზისთვის 10–ზე მეტი წელი „დახარჯა“, იუწყება „ბი–ბი–სი“.
მეცნიერის მიერ ჩატარებული რეკონსტრუქცია სხვა პორტრეტს გამოსახავს – მასზე მოდელი გვერდით იყურება, მას არა აქვს პირდაპირი, იდუმალი მზერა, როგორც ეს ლუვრში გამოფენილ შედევრზეა. გარდა ამისა, აღმოჩენილ ნახატზე არ არის ასევე ამოუცნობი, იდუმალი ღიმილიც, რომელიც ხელოვნების თაყვანისმცემლებს 500–ზე მეტი წელია, აჯადოებს.
ბოლო ნახევარი საუკუნეა, „მონა ლიზაზე“ სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტები ტარდება. ყველაზე ბოლოს ჩატარებული ექსპერიმენტები ინფრაწითელი და მულტისპექტრული სკანირების გამოყენებას მოიცავდა. პასკალ კოტი აცხადებს, რომ მის აპარატურას ტილოს უფრო ღრმა შესწავლა შეუძლია.
„ახლა შეგვიძლია ზუსტად გავაანალიზოთ, თუ რა ხდება საღებავების ფენებქვეშ და ნახატის ფენები „მოვხსნათ“. შეგვიძლია ტილოს შექმნის ქრონოლოგიის აღდგენა“, – ციტირებს „ბი–ბი–სი“ ფრანგი ხელოვნებათმცოდნის სიტყვებს.
პასკალ კოტის დასკვნებს ყველა მეცნიერი არ ეთანხმება. იმ დროს, როცა ზოგი აცხადებს, რომ ხელოვნებათმცოდნის აღმოჩენა „საუკუნის ისტორიაა“ და ახლა ცნობილ „ჯოკონდასთან“ გამომშვიდობება მოგვიწევს, სხვები აცხადებენ, რომ „მონა ლიზა“ ყოველთვის „მონა ლიზად“ დარჩება.
ლუვრმა პასკალ კოტის მსგავს განცხადებებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, აღნიშნულია სტატიაში.