თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. ფესტივალის „თბილისი — 2015 თანამედროვე მუსიკის საღამოები" ფარგლებში ქართველი კომპოზიტორის ზურაბ ნადარეიშვილის კამერული ოპერის „ამბავი აფანიფტერას და ფორმისიდესი“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტროს პრეს–სამსახური.
ფესტივალი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზის სცენაზე ჩატარდება და ფრანგი კომპოზიტორისა და დირიჟორის, პიერ ბულეზის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება.
კონცერტზე ქართველი, ებრაელი და ფრანგი მუსიკოსები გამოვლენ, რომლებიც XX საუკუნის ერთ–ერთი უდიდესი კომპოზიტორის იგორ სტრავისნკის „ჯარისკაცის ისტორიას“ შეასრულებენ.
ფესტივალი „თბილისი — 2015 თანამედროვე მუსიკის საღამოები" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2004 წლიდან ტარდება. ყოველწლიურად ფესტივალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ექსპერტ–შემსრულებლებსა და თანამედროვე მუსიკის გამოჩენილ კომპოზიტორებს მასპინძლობს.
სხვადასხვა წლებში „თანამედროვე მუსიკის საღამოებში“ მონაწილეობდნენ ისეთი ანსამბლები, როგორებიცაა ფრაიბურგის ანსამბლი "Recherche", პარიზის ანსამბლი "Court-Circuit", ისრაელის ანსამბლები "Contemporary Music Players" და "Meitar".
სხვადასხვა დროს თბილისის ფესტივალზე აჟღერდა კომპოზიტორების – იზაბელ მუნდრის (გერმანია), ფილიპ იურელის (საფრანგეთი), ჰანს ტუჩკუს (გერმანია), დან იუხასის (ისრაელი), აგრეთვე ისრაელში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორის, იოსებ ბარდანაშვილის მუსიკა.