თბილისში სულხან ცინცაძის საიუბილეო საღამო გაიმართა

სულხან ცინცაძის საიუბილეო საღამო
სულხან ცინცაძის საიუბილეო საღამო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცერტზე კომპოზიტორის საკვარტეტო მინიატურები და მისი უკვდავი კინომუსიკა აჟღერდა.

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის სულხან ცინცაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა, იუწყება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

ღონისძიებაში ს. ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი (კონსტანტინე ვარდელი, თამაზ ბათიაშვილი, ნოდარ ჟვანია და ოთარ ჩუბინიშვილი), თემურ მაისაშვილი (არანჟირებები, ელექტროპიანო), რიტმ–ჯგუფი: ნიკა ადიკაშვილი (ფ–ნო), უჩა მეტრეველი (გიტარა), ლევან დეისაძე (ბას–გიტარა), დები ჭოხონელიძეები,  ნოდიკო ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, „4 გია“, ანსამბლი „უნივერსიტეტი“, საბავშვო სტუდიები „ბზიკები“ და „მხიარული ნოტები“ მონაწილეობდნენ.

კონცერტზე კომპოზიტორის საკვარტეტო მინიატურები და მისი უკვდავი კინომუსიკა შესრულდა.

საიუბილეო საღამო, რომელსაც მომღერალი ირმა სოხაძე უძღვებოდა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

სულხან ცინცაძე (1925–1991) ქართული მუსიკალური კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მას დაწერილი აქვს ოპერები, ბალეტები, სიმფონიები, კონცერტები ფორტეპიანოსა და ორკესტრის, ჩელოსა და ორკესტრისთვის. მის ნაწარმოებთა შორის ყველაზე მეტად სიმებიანი კვარტეტები და მინიატურები კვარტეტისთვის გამოირჩევა, რომლებიც ქართული მუსიკის საგანძურშია შესული.

საზოგადოებაში განსაკუთრებული პოპულარობით მისი კინომუსიკა სარგებლობს.  მისი მუსიკა ჟღერს ფილმებში „ღიმილის ბიჭები“, „ჯარისკაცის მამა“, „თოჯინები იცინიან“, „თხუნელა“, „მაია წყნეთელი“, „ოთარაანთ ქვრივი“, „ბაში აჩუკი“, „აბეზარა“, „ჭრიჭინა“ და სხვა. 

სულხან ცინცაძე იყო საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მიღებული აქვს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის, რუსთაველის  პრემია, ორდენები და სხვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0