თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ქართული ყოფისა და კულტურის გაცნობა ახლა სოჭიდან გაუსვლელადაც გახდა შესაძლებელი — სოფელ პლასტუნკაში ქართული ეთნოგრაფიული მუზეუმი გაიხსნა, — იუწყება ტელეარხი „ვესტი სოჩი“.
უჩვეულო მუზეუმში გამოფენილია შრომის უძველესი იარაღები, ჭურჭელი, ქართული არღანი და ფაეტონიც კი.
ქართული მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი ადგილობრივი ვიქტორ ანისიმოვი გახლავთ. როგორც ის ამტკიცებს, მის უნიკალურ კოლექციაში არცერთი ბუტაფორია არ არის — ყველა ექსპონატი ნამდვილია და თითოეულს საკუთარი ისტორია აქვს.
ქართული ყოფის ორიგინალური ნიმუშების შეგროვების გარდა, ანისიმოვს სხვა გატაცებაც აქვს — ქართული ღვინის უძველესი ტრადიციების მიხედვით დაყენება. მისი თქმით, ღვინის დამზადებისა და შენახვისათვის ის მხოლოდ ძველებურ კასრებსა და ჭურჭელს იყენებს.
„ეს ყველაფერი უფროსებმა მასწავლეს. პირდაღებული შევცქეროდი, როგორ ჭრიდნენ მტევანს ვაზიდან, როგორ ამზადებდნენ სასმელს“, — განუცხადა სოჭის ტელეარხს ანისიმოვმა.
როგოც „ვესტი სოჩი“ იუწყება ვიქტორ ანისიმოვი სოჭში გაიზარდა, რუსთაველის ქუჩაზე და სწორედ მაშინ გაიტაცა ქართულმა კულტურამ. მუზეუმისთვის ნივთებს თავადაც პოულობდა და მეგობრებიც ჩუქნიდნენ.
„ის, რაც მან გააკეთა, ყველას არ ძალუძს და დიდ პატივისცემას იწვევს. წარსულის გარეშე არ არსებობს მომავალი“, — აღნიშნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ქართული კულტურის ცენტრის თავმჯდომარე სიმონ უჩაძემ.
სოჭში ქართული კულტურის პოპულარიზაციაში ანისიმოვს მეუღლე — თბილისელი სომეხი ქალბატონი ლამარა ეხმარება. ის მეუღლესთან ერთად სწავლობს ქართულ კულტურას, ეხერხება ისეთი ქართული კერძების დამზადება, როგორებიცაა ღომი და სულგუნი. სხვათა შორის, სწორედ ქალბატონ ლამარას დამსახურებით მოიპოვება ანისიმოვის კოლექციაში სომხური ყოფის ნიმუშებიც.
ვიქტორ ანისიმოვისა და მისი თანამოაზრე მეგობრების გეგმა — ეს დიდი ეთნოგრაფიული კომპლექსის აშენებაა, რომლის პროექტიც უკვე მზადაა.