თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. მთავარი ეკონომიკური შოკი, რომელიც ქვეყანამ მიიღო, ლარის კურსში უკვე ასახულია, განუცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი ქადაგიძემ ჟურნალისტებს ორშაბათს, 7 დეკემბერს.
საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ — ლარმა მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო. 2014 წლის 1 ნოემბერს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1,7542 GEL/$1 — ს შეადგენდა. ეროვნულმა ბანკმა 2015 წლის 8 დეკემბრისათვის ლარის კურსი 2,3859 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
"როგორც აქამდე არაერთხელ განვაცხადე, სხვა თანაბარ პირობებში წნეხს ლარის გაუფასურებაზე ჩვენ აღარ ველოდებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავარი ეკონომიკური შოკი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, უკვე ასახულია კურსში",- განაცხადა ქადაგიძემ.
2015 წლის სექტემბრის ბოლოდან, როცა ლარის კურსი 2,4499 GEL/$1 —მდე დაეცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილიზაციისათვის უფრო აგრესიულ პოლიტიკას მიმართა. შედეგად, სამ სავალუტო აუქციონზე უკვე გაიყიდა თითქმის 67 მილიონი დოლარი.