თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული დიმიტრი მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, იტყობინება შსს-ს პრესსამსახური.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავში, ნადიკვრის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1958 წელს დაბადებულ ელენე თ-ს ნაჯახით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიმიტრი მ. თელავში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი — ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).