თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს გარდაცვლილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმის, გოგლა ჟვანიას განცხადებით, ამ ეტაპზე ცხედრის ექსგუმაციის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს.
„ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჟვანია ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორ რაულ უსუპოვთან ერთად 2005 წლის 3 თებერვალს, გამთენიისას თბილისში, კონსპირაციულ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მაშინ განაცხადეს, რომ ჟვანიასა და უსუპოვის ტრაგიკული გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა — გამათბობელიდან გამოყოფილი მხუთავი აირით მოწამვლა გახდა. 2012 წელს ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებების ხელახალი გამოძიება დაიწყო.
მანამდე, გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა გამოძიებისთვის ხელშეწყობის მიზნით, ცხედრის ექსგუმაციაზე თანხმობა განაცხადეს.
ექს-პრემიერის ძმის, გოგლა ჟვანიას განმარტებით, გამოძიების პროცესში მთელი რიგი დამამტკიცებელი გარემოებები გამოიკვეთა იმისა, რომ ჟვანიას დარტყმა ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული და თავის არეში შესაბამისი დაზიანებები იყო დაფიქსირებული.
„ამ ეტაპზე ექსგუმაციის ჩატარების აუცილებლობა არ არის, თუმცა, ჩვენ აქამდე აუცილებლად მივალთ. სისხლჩაქცევების აღმოჩენა უკვე რთული იქნება, თუმცა რამდენიმე დაზიანების აღმოჩენა, ალბათ,მაინც იქნება შესაძლებელი“, — განაცხადა გოგლა ჟვანიამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“.
ექს-პრემიერის ძმამ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად გამოძიების გრძელვადიანი პროცესისა, საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა, რის შესახებაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს.