1988 წლის 7 დეკემბერს ადგილობრივი დროით 11 საათსა და 41 წუთზე სომხეთში კატასტროფული მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების სერიამ 30 წამში პრაქტიკულად გაანადგურა ქალაქი სპიტაკი და ძლიერ დააზიანა ქალაქები ლენინაკანი (ახლა გიუმრი), კიროვაკანი (ახლა ვანაძორი) და სტეპანავანი. სულ სტიქიისგან 21 ქალაქი დაზარალდა, ასევე 350 სოფელი (რომელთაგან 58 სრულიად დაინგრა).
მიწისძვრის ეპიცენტრში აღმოჩნდა ქალაქი სპიტაკი. მისმა ძალამ 10 ბალს მიაღწია (12 ბალიანი შკალის მიხედვით), ლენინაკანში 9 ბალს, კიროვაკანში კი – 8–ს.
მიწისძვრის ექვსბალიანმა ზონამ მოიცვა რესპუბლიკის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ერევანსა და თბილისში.
სპეციალისტების გამოთვლით, სპიტაკის მიწისძვრისას მიწის გახსნის ადგილიდან გამოიყო ათი ატომური ბომბის აფეთქების ექვივალენტური ენერგია, თითოეული მათგანი 1945 წელს ჰიროსიმაში მომხდარის მსგავსი იყო. ტალღამ, რომელიც მიწისძვრამ გამოიწვია, დედამიწას შემოუარა და ის დაარეგისტრირეს ევროპის, აზიის, ამერიკისა და ავსტრალიის მეცნიერთა ლაბორატორიებმა.
მიწისძვრის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 25 ათასი ადამიანი, 140 ათასი დაინვალიდდა, ხოლო 514 ათასმა ადამიანმა თავშესაფარი დაკარგა.
მიწისძვრამ მწყობრიდან გამოიყვანა რესპუბლიკის მრეწველობითი პოტენციალის დაახლოებით 40%. დაინგრა და ავარიულ მდგომარეობამდე მივიდა ჯამში 210 ათასი ადგილის მქონე საშუალო სკოლები, 42 ათასი ადგილის მქონე საბავშვო ბაღები, ჯანდაცვის 416 ობიექტი, ორი თეატრი, 14 მუზეუმი, 391 ბიბლიოთეკა, 42 კინოთეატრი, 349 კლუბი და კულტურის სახლი. დაზიანდა 600 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო გზა, 10 კილომეტრის რკინიგზა, სრულად ან ძირითადად დაინგრა 230 სასოფლო–სამეურნეო საწარმო.
ექსპერტების შეფასებით, სპიტაკის მიწისძვრის კატასტროფული შედეგები რიგმა მიზეზებმა განაპირობა: რეგიონის სეისმური საფრთხის შეუფასებლობამ, სეისმური მშენებლობის დოკუმენტების ნორმატივების არასრულყოფამ, სამაშველო სამსახურების არასრულმა მომზადებამ, სამედიცინო დახმარების არაოპერატიულობამ და მშენებლობის დაბალმა ხარისხმა.