კავშირის უკანასკნელი ძმობა

© photo: Sputnik / Александр Гращенков / გადასვლა მედიაბანკშისპიტაკი, 1988 წელი, 7 დეკემბერი
სპიტაკი, 1988 წელი, 7 დეკემბერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთისთვის 1988 წლის მიწისძვრა უდიდესი ტრაგედია იყო. დასახმარებლად მთელი საბჭოეთიდან ჩავიდა ხალხი.

27 წლის წინ, 1988 წლის 7 დეკემბერს მომხდარმა კატასტროფულმა მიწისძვრამ 30 წამში გაანადგურა სომხეთის ქალაქი სპიტაკი და უძლიერესი ნგრევა გამოიწვია ლენინაკანში, კიროვაკანსა და სტეფანავანში. სულ სტიქიამ 21 ქალაქი, 350 სოფელი და დასახლებული პუნქტი დააზიანა. მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 25 ათასი ადამიანი. გენადი კირილენკო ერთ–ერთი იყო იმ მრავალ ათას მოხალისეს შორის, რომლებიც მიწისძვრის ზონაში მუშაობდნენ. მან Sputnik სომხეთს უამბო, როგორი ძმობა გამოიჩინა მაშინ საბჭოეთის ხალხმა. 

სომხეთის ტრაგედიის შესახებ დილით, როსტოვის უნივერსიტეტში ლექციებზე შევიტყეთ. მაშინ ინტერნეტი არ არსებობდა, ტელევიზიებით კი ძალიან ცოტა ინფორმაცია გადმოიცემოდა, მაგრამ ხმა კატასტროფის მასშტაბებზე ელვისებურად გავრცელდა. დღის მეორე ნახევარში  სტუდენტები და პედაგოგები, ზემოდან ყოველგვარი ბრძანების გარეშე, სისხლის გადასასხმელად რიგში იდგნენ. უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში ადამიანებმა დაკონსერვებული პროდუქტების, აზოვური თევზის, მაკარონისა და ბურღულეულის მიტანა დაიწყეს — მიჰქონდათ ყველაფერი, რაც შავი დღისთვის ჰქონდათ გადანახული. „შავი“ კი მაშინ დღეები კი არა, მაღაზიების ცარიელი თაროების, კარაქის, სარეცხი ფხვნილისა და შაქრის ტალონების თვეები და წლები იყო. 

© photo: Sputnik / Александр Гращенков / გადასვლა მედიაბანკშიმიწისძვრით დანგრეული სპიტაკი
მიწისძვრით დანგრეული სპიტაკი - Sputnik საქართველო
მიწისძვრით დანგრეული სპიტაკი

თითოეულს ვალდებულად მიაჩნდა თავი, რაღაცით მაინც დახმარებოდა სისხლმდინარე სომხეთს. მიწისძვრის ზონაში წასვლის გადაწყვეტილება სპონტანურად დაიბადა — იქვე, ლექციაზე. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, ინტერნაციონალური სამშენებლო რაზმების შემადგენლობაში, მანამდე არაერთხელ  ვიყავით ნამყოფები ღვთისგან მივიწყებულ ადგილებში და ამიტომ სწრაფად შევიკრიბეთ. სომხები, რუსები, დაღესტნელები, უკრაინელები, ჩეჩნები, აზერბაიჯანელები, ქართველები… ვინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ საზღვრები გაგვყოფდა და ზოგიერთები ავტომატების სამიზნეებიდან გავხედავდით ერთმანეთს. უნივერსიტეტის „იკარუსში“ ორმოცი კაცი ეტეოდა, მაგრამ წასვლის მსურველი ხუთჯერ მეტი იყო. ამიტომ გადაწყდა მათი გამოხშირვა  სამედიცინო კომისიის გზით — სათვალეებიანები, მაღალწნევიანები და უბრალოდ „ბოტანიკოსები“ როსტოვში დავტოვეთ. 

© photo: Sputnik / Александр Макаров / გადასვლა მედიაბანკშიმიწისძვრით დანგრეული ლენინაკანი
მიწისძვრით დანგრეული ლენინაკანი - Sputnik საქართველო
მიწისძვრით დანგრეული ლენინაკანი

მეორე დღეს დილაადრიან დავიძარით. იმ დროისათვის სომხეთში უკვე დუღდა სამაშველო სამუშაოები. უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში შეგროვილი პროდუქტი ავტობუსის საბარგო განყოფილებაში ჩავტვირთეთ. უკან მოგვყვებოდა სამხედრო კათედრის სატვირთო „ზილი“, რომელსაც კარვები, სამუშაო იარაღი და სამედიცინო მოწყობილობები მოჰქონდა. საღამოს საქართველოს საზღვრებს მივაღწიეთ და იქვე ავტობუსში გავათიეთ ღამე. პირველი სერიოზული შემთხვევა თბილისში მოგვივიდა — „ზილი“ დავკარგეთ. სატვირთოს მძღოლი ავტობუსს ჩამორჩენოდ და ქალაქის მისადგომებთან გზა აბნეოდა. გადავწყვიტეთ, თბილისის ავტოსადგურზე დავლოდებოდით. 

© photo: Sputnik / Р. Мангасарян / გადასვლა მედიაბანკშიათბალიანი მიწისძვრა სომხეთში
ათბალიანი მიწისძვრა სომხეთში - Sputnik საქართველო
ათბალიანი მიწისძვრა სომხეთში

ეს ახლაა მობილური ტელეფონები, მაშინ კი, ჩვენი მძღოლის ლოგიკით, ყველა დაკარგულს ერთმანეთი ავტოასდგურებში უნდა ეძებნა. „იკარუსის“ წინა მინაზე მიკრული იყო აბრა წარწერით „სპეცრეისი როსტოვი–სპიტაკი“, ამიტომ, როგორც კი ავტობუსიდან გადმოვედით, გარს მაშინვე შემოგვერტყნენ „იკარუსისა“ თუ ძველი „პაზიკების“ ქართველი მძღოლები. ათას კილომეტრამდე გვქონდა გავლილი იმ საწვავით, რომელიც როსტოვში ჩავასხით. გზაში ვეღარ მოვმარაგდით, იმიტომ, რომ ყველა შემხვედრი ბენზოგასამართი სადგური დაკეტილი იყო. დიზელი გვჭირდებოდა. ქართველები უსიტყვოდ შემოგვეცალნენ, ცოტა ხნის შემდეგ კი უკლებლივ ყველა ძვირფასი საწვავით სავსე „კანისტრებით“ დაგვადგა თავს — თავ–თავისი ავტობუსების ავზებიდან გადმოესხათ. ჩვენ კი ვიდექით, ვეწეოდით და არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. სპიტაკში კარვებისა და სამუშაო იაღარის გარეშე წასვლა აბსურდად გვეჩვენებოდა. 

© Игорь Михалев / გადასვლა მედიაბანკშიმიწისძვრით განადგურებული ქალაქი სომხეთში
მიწისძვრით განადგურებული ქალაქი სომხეთში  - Sputnik საქართველო
მიწისძვრით განადგურებული ქალაქი სომხეთში

რამდენიმე საათი ნერვიულ მოლოდინში გავატარეთ. გვეგონა, რომ მთელი ავტოსადგური ეჭვით შესცქეროდა ავტობუსს, რომელიც საერთოდ არ ჩქარობდა იქით, საითაც მთელი ქვეყნიდან მიედინებოდა დახმარება. გამოსავალი თავისი ფეხით მოვიდა — გაქექილი ქურთუკით, „უშანკა“ ქუდითა და გაუპარსავი პირით — როგორც ყველა მგლოვიარე იმ მხარეში. იმ სომეხი კაცის სახელი არ დამამახსოვრდა, ვიცი მხოლოდ, რომ გადაჯდომით მიდიოდა სახლისკენ — განადგურებული კიროვაკანისკენ. მოგვიახლოვდა და დამგზავრება გვთხოვა. ხუთი წუთის შემდეგ უკვე სომხეთისკენ მივდიოდით. ჩვენს „ზილს“ კი, როგორც მერე გავიგეთ, თბილისში რამდენიმე წრე დაერტყა და ლენინაკანისკენ წასულიყო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჩამოტანილი ტვირთი იქაც გამოადგებოდათ. 

თუ ვინმე იტყვის, მიწისძვრამ მიწის პირისგან აღგავა ქალაქიო, იცოდეთ, ეს სპიტაკზეა ნათქვამი. ნანგრევები, არმატურა, უბედურებით ჩაშავებული ხალხი, კუბოები ქუჩებში, ეზოებში, სტადიონზე… ყველგან კუბოები. ძალიან ციოდა. გაყინულ ჰაერში მოტკბო არომატი ტრიალებდა. ყოფილი ქალაქის ქუჩებში თითქმის კოჭამდე იდგა დანგრეული ქარხნის ცისტერნებიდან გადმოღვრილი ხილის ბადაგი.    

© photo: Sputnik / Р. Мангасарян / გადასვლა მედიაბანკშიდამანგრეველი მიწისძვრის შედეგები სომხეთში
დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები სომხეთში  - Sputnik საქართველო
დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები სომხეთში

მშენებლები, სამხედროები და „ხორცსაკებს“ გადარჩენილი ადამიანები დღითა და ღამით კოცონებთან თბებოდნენ. უბნის კომენდანტმა საზაფხულო ორადგილიანი კარვები მოგვცა და ბრიგადებად დაგვყო. დასაბანაკებლად დანგრეული საბავშვო ბაღის ეზო შევარჩიეთ. ირგვლივ სათამაშოები, ავეჯი, საბავშვო საწოლების ლეიბები ეყარა. ამ ლეიბებით მოვაგეთ კარვებში იატაკი. ოთხ–ოთხ კაცს გაუხდელად გვეძინა — ასე უფრო თბილად ვიყავით — და სინქრონულად ვიცვლიდით ხოლმე გვერდს. დილით ჭირხლისგან შევერცხლისფერებულები ვიღვიძებდით. შეიძლება სწორედ ამის მერე მძულს სიცივე და ყველაფერი, რაც მასთანაა დაკავშირებული. 

საჭმლისა და სამუშაო იარაღის პრობლემა არ არსებობდა. ყველა გზაჯვარედინზე, უფრო სწორად, იმ ადგილებში, სადაც 7 დეკემბრამდე გზაჯვარედინები იყო, საველე სამზარეულოები იდგა, კონსერვები, პური და კარაქის ყუთები ელაგა. სადღაც ერთი კვირის შემდეგ ჩვენს სიახლოვეს სასადილო გაჩნდა. სასადილო რა, მესერის ფიცრებისგან ხელდახელ შეჭედილი მაგიდები და მერხები ღია ცის ქვეშ. მაგიდებზე გროვად ელაგა ჯამები, ტოლჩები და კოვზები. იქვე უზარმაზარი ქვაბი და ფლავის სუნი. მის გარშემო ხანშიშესული უზბეკი და პატარა ბიჭუნა ტრიალებდნენ. ვკითხე, ვინ ხარ და აქ საიდან მოხვდი–მეთქი. ის, რაც მან მიპასუხა, ზედმიწევნით ზუსტად ასახავდა ადამიანებს შორის ურთიერთობას ნახევარი საუკუნის წინ.

© photo: Sputnik / Р. Мангасарян / გადასვლა მედიაბანკშიდამანგრეველი მიწისძვრა სომხეთში
დამანგრეველი მიწისძვრა სომხეთში - Sputnik საქართველო
დამანგრეველი მიწისძვრა სომხეთში

— პატარა ბიჭი ვიყავი, როცა ტაშკენტში ასეთივე ტრაგედია მოხდა. კარგად მახსოვს, როგორ მუშაობდა მთელი კავშირი ტაშკენტის აღდგენაზე. და როცა იგივე აქ მოხდა, ვიფიქრე, ახლა ჩემი ჯერია–მეთქი. ქვაბსა და ცოლ–შვილს ხელი მოვკიდე, მატარებელში ჩავსხედით და სპიტაკში ჩამოვედით. სამხედროები პროდუქტს გვაძლევენ და ყველას ვაპურებთ, ვისაც შია. სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი, გესმის?

პირველი ობიექტი, რომელზეც ჩვენი ბრიგადა მუშაობდა, სამკერვალო ფაბრიკა იყო. ყველა ცოცხლად გადარჩენილი, დაჭრილი თუ დაღუპული, ვისი პოვნაც მალევე შევძელით, პირველსავე დღეს გამოვიყვანეთ. ახლა გვამების საპოვნელად კიდევ ერთხელ უნდა შეგვემოწმებინა ნანგრევები. გასაგები იყო, რომ იქ ამ სიცივეში ცოცხალი აღარავინ იქნებოდა. ხელების, ძალაყინებისა და ნიჩბების მეტი არაფერი გვქონდა. ამიტომ სტიქიისგან ჩახლართული რკინაბეტონის კონსტრუქციების დაშლა შეუძლებელი იყო. და მაინც სათითაოდ გამოგვქონდა ქსოვილების გორგლები, ფურნიტურა, დაჭეჭყილ–დაგრეხილი საკერავი მანქანები. 

ჩვენთან ერთად მუშაობდნენ მშენებლები ბალტიისპირეთიდან, ამწეების მემანქანეები უკრაინიდან, მედესაანტეები რიაზანიდან, მაშველები პოლონეთიდან. მაშინ ხომ არანაირი სამაშველო სამსახური არ არსებობდა, არ გაგვაჩნდა არანაირი მოწყობილობა, თბოვიზორები თუ სხვა ტექნიკა წინსართით „სპეც“, რაც ადამიანების სწრაფად მოძებნასა და გადარჩენაში დაგვეხმარებოდა. აი პოლონელებს კი ჰქონდათ. და ძაღლებიც ჰყავდათ. სწორედ ისინი გვაჩვენებდნენ ნანგრევებში ზუსტად იმ ადგილებს, სადაც  ადამიანები უნდა გვეძებნა — მივიდოდნენ, დაყნოსავდნენ და ჩაჯდებოდნენ. 

© photo: Sputnik / Александр Макаров / გადასვლა მედიაბანკშისომხეთის მიწისძვრის მსხვერპლი
სომხეთის მიწისძვრის მსხვერპლი  - Sputnik საქართველო
სომხეთის მიწისძვრის მსხვერპლი

იმ დღეს სატვირთო ლიფტის მაღაროს ვშლიდით. დილით პოლონელები მოვიდნენ, სამი მაშველი და ძაღლი. ცუგამ მიიარ–მოიარა და ჩაჯდა. მთელი დღის განმავლობაში, სამი–სამზე ფართობის შახტში, მხოლოდ 1.5–2 მეტრით წავიწიეთ წინ. დაბინდებულზე ლიფტის ჭერამდე მივაღწიეთ და პატარა ნაწილი ავხადეთ. ახალგაზრდა გოგონას გვამი ვიპოვეთ. ამოსაცნობად თავით ფეხამდე შავებში შემოსილი მოხუცი ქალი მოვიდა, ტირილისგან ამოღამებული თვალებით. მიწისძვრის დღეს მთელი მისი დიდი ოჯახი დაღუპულა და ეს გოგო — შვილიშვილი —  ერთადერთი იმედი იყო იმისა, რომ ვიღაც მაინც შერჩებოდა ცოცხალი… 


ყველა ახალი ამბავი
0