თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს შსს–ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ხოლო ერთი – პასუხისგებაში მისცეს, იუწყება შს სამინისტროს პრესსამსახური ორშაბათს, 7 დეკემბერს.
„პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, შსს-ს თანამშრომლებმა 1953 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ომერ ი. და 1949 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე უსუფ თ. დააკავეს, ხოლო 1973 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ლეილა კ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს“, – აღნიშნულია შსს–ს განცხადებაში.
როგორც ცნობილი გახდა, ბრალდებულები დროებით მფლობელობაში არსებულ ფართებს (სასტუმროები და დისკოკლუბები) პროსტიტუციისთვის ქალბატონებს უთმობდნენ, სანაცვლოდ კი გარკვეულ თანხას იღებდნენ.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).