თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორშაბათს, 7 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში გაემგზავრა, იუწყება პრემიერის პრესსამსახური.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერი თავის კოლეგა ბოიკო ბორისოვს შეხვდება.
„ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ხელს მოაწერენ საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე, ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევთან.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია არიან.