თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის შეხვედრაზე საკალათბურთო კლუბმა „ქუთაისმა“, საკუთარ მოედანზე, პირველივე მატჩში „მგზავრები“ ანგარიშით 81:66 დაამარცხა და ტურნირის ლიდერი გახდა.
სპეციალისტების შეფასებით, ორთაბრძოლის უპირობო ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ. თუმცა, „მგზავრების“ კალათბურთელები ქუთაისში საბრძოლი შემართებით ჩავიდნენ და შეხვედრის პირველი ნახევარი ანგარიშით 42:34 მოიგეს.
შესვენების შემდეგ ვითარება მოედანზე რადიკალურად შეიცვალა, „ქუთაისის“ უპირატესობა აშკარა გახდა, რომელიც მეტოქეს ყველა მხრიდან უტევდა, რამაც შედეგიც გამოიღო და საბოლოოდ, მატჩი მასპინძელთან გამარჯვებით დასრულდა. ქუთაისელთა შემადგენლობიდან ყველაზე ნაყოფიერი გიორგი ცეკვავა აღმოჩნდა, რომლის აქტივშიც 18 ქულაა.
„ქუთაისის“ ლიდერობას „ბათუმის“ დამარცხებამაც შეუწყო ხელი. შესარჩევ ტურში გუნდმა თბილისის „დინამოსთან“ ანგარიშით 64:76 წააგო და ჩემპიონატის ლიდერობა დათმო.
გვერდს ვერ ავუვლით „აკადემიასა“ და „ოლიმპის“ შეხვედრას, რომელშიც „აკადემიამ“ მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა. პირველი წრის ყველა მატჩის წაგების შემდეგ სუპერ-ლიგის დებიუტანტმა, ყველას გასაოცრად დამაჯერებლად იასპარეზა მეორე წრეში. „აკადემიამ“ „ოლომპთან“ ყველა ოთხი მეოთხედი მოიგო და ტაბლოზე 54:73 დააფიქსირა.
საქართველოს ჩემპიონატის VIII ტურის შედეგები:
"ქუთაისი" — "მგზავრები" 81:66 (17:20, 17:22, 22:9, 25:15);
"ოლიმპი" — "აკადემია" 54:73 (21:22, 14:16, 14:15, 5:20);
"ბათუმი" — "დინამო" 64:76 (13:22, 26:16, 13:15, 12:22);
"სოხუმი" — "რუსთავი" 71:57 (20:16, 19:12, 17:20, 15:9).