თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოიღეს. კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ჩინოვნიკზე საერთაშორისო ძებნა 10 დღის წინ შეწყვიტა, იუწყება ქართული მედია.
ერეკლე კოდუას ადვოკატის ოთარ კახიძის განმარტებით, ინტერპოლმა ძებნის შეწყვეტის გადაწყვეტილება ადვოკატების მიმართვის საფუძველზე მიიღო.
"ძებნიდან მოიხსნა იმ მოტივით, რომ მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად. ჩვენ ინტერპოლს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკური ნიშნით. ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლი კი კრძალავს ამ ორგანიზაციის ინსტრუმენტების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისათვის,"- განაცხადა ოთო კახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ერეკლე კოდუას მიმართ საქართველოში სამი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაერთი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.