ვინ გაცვლის „ჯიპს“ მეტროზე?!

© http://sibkray.ru/გზებზე საცობების ალტერნატივა
გზებზე საცობების ალტერნატივა - Sputnik საქართველო
გამოწერა

  ნინო ცხოიძე

 რამდენიმე დღეა პარიზი კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების საგანი გახდა. თუმცა, ამჯერად პარიზის რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ჯერ კიდევ 13 ნოემბრის ტერაქტების შედეგად დაღუპულებს გლოვობენ, პოლიციამ ბუნების დამცველთა არასანქცირებული მიტინგი ცრემლსადენი გაზით რომ ვერ დაშალა, ფიზიკურადაც შეავიწროვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს აქცია პროვოკაციად შეაფასა, ქართულმა მედიამ კი აღნიშნა, რომ პოლიციამ პარიზში მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია. მსგავსი რამ ფრანგ ჟურნალსიტს რომ ეთქვა, არ გამიკვირდებოდა. მაგრამ ქართველისგან, რომელსაც თბილისში 7 ნოემბრის, 26 მაისის, 15 ივნისის და სხვა მსგავსი მშვიდობიანი აქციების სასტიკი დარბევა ახსოვს, ასეთ შეფასებას არ ველოდი.

 ოცდამეერთე საუკუნეში განსაკუთრებით მახვილდება ყურადღება გლობლური დათბობის საფრთხეებზე, რადგან ბოლო დროს ეკოლოგიური კატასტროფები სულ უფრო ხშირია. მეწყერები, წყალდიდობები, თუ ღვარცოფები საქართველოსთვის არც წინა საუკუნეში იყო უცხო, მაგრამ ასეთი ხშირი შემთხვევები უფროსი თაობის მეხსიერებასაც კი არ შემორჩენია. 

 „კონფერენციაზე უნდა დაიდოს ამბიციური და მდგრადი მსოფლიო შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობს, მსოფლიოში ტემპერატურის მატება 1,5-2 C◦-ის ფარგლებში შენარჩუნდეს, რაც მომავალ თაობებს უკეთესი მომავლის პერსპექტივას შეუქმნის. ეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა და მსოფლიოს მოსახლეობა იმედოვნებს, რომ მრავალი წლის წინ დაწყებული დისკუსიები წარმატებით დაგვირგვინდება. საფრანგეთს, რომელიც ამ კონფერენციის თავმჯდომარე იქნება, თავისი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ღირსეული შედეგის მისაღწევად. მოლაპარაკებებისთვის ძლიერი და საბოლოო პოლიტიკური იმპულსის მიცემის მიზნით, 2015 წლის 30 ნოემბერს გიწვევთ, რათა პარიზის კონფერენციის გახსნის ცერემონიაში პირადად მიიღოთ მონაწილეობა!“– ნათქვამია მოწვევის წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.  იგი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრმა, COP 21-ის თავმჯდომარემ, ლორან ფაბიუსმა ერთობლივად მიიწვიეს.

 თუმცა, ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის მაინც გაუგებარია, რატომ არის გლობალური დათბობის საშიშროება ჩვენი ქვეყნისათვის გასათვალისწინებელი. მე კი უნებლიედ გამახსენდა ჩემი პირველი ვიზიტი პარიზში 2003 წლის შესახვედრად, როგორ მომხიბლა მაშინ პარიზის მთავარი გამზირის „შანზ ელიზეს“ საახალწლო განათებამ. ამიტომაც საქართველოს რადიოში 1იანვარს სატელეფონო ჩართვისას ავღნიშნე კიდეც, რომ ამ ქვეყანას ნამდვილად ეტყობა, ენერგეტიკულ კრიზისს რომ არ განიცდის-მეთქი. 4 იანვარს კი, გამთენიისას თბილისში რომ დავბრუნდი, თვითმფრინავის დაშვებისთანავე ვიგრძენი განსხვავება და აღშფოთებას ვერ ვმალავდი, სახლში მისულს შუქი რომ არ დამხვდა.    

 გავიდა წლები და „შანზელიზეს“ ჭადრების განათება თანდათან ეკონომიური გახდა, საქართველოში კი პირიქით, ზედმეტმა საახალწლო განათებამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ეს ფაქტი რომ ავღნიშნე, პარიზში ერთმა ქართველმა მეგობარმა მითხრა, სარკოზიმ იცის, რომ ქვეყანაში კრიზისია და განათებაც ამიტომ გახდა ეკონომიური, თქვენს პრეზიდენტს კი ეტყობა, ეს პრობლემა არა აქვსო… 

ვისაც ევროპის ქვეყნებში უმოგზაურია, ამ განსხვავებას არა მარტო ენერგეტიკული პრობლემების თვალსაზრისით შეამჩნევდა. იქედან დაბრუნების შემდეგ აშკარად იგრძნობა, რომ თბილისის ქუჩებში სუნთქვა, განსაკუთრებით პიკის საათებში და ავტობუსების გაჩერებებზე, საშინლად გაძნელებულია. მოჭარბებული ავტომანქანები ხომ ისედაც თვალშისაცემია, რაც დედაქალაქში ხანგრძლივ საცობებს ქმნის. ამასთან დაკავშირებით, საკრებულოს დეპუტატ შალვა ოგბაიძეს დიდი ხნია თავისი პოზიცია გააჩნია. მითუმეტეს, რომ ჯერ კიდევ 2005 წელს, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის რანგში, გამონაბოლქვის მავნებლობასთან დაკავშირებით, დისერტაცია დაიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

როგორ უნდა გაითვალისწინოს ჩვენმა ხელისუფლებამ ევროპის ქვეყნების სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები, ამის თაობაზე შეკითხვით სწორედ ბატონ შალვას მივმართე. მან მოკლე და კონკრეტული პასუხი გამცა.

 შალვა ოგბაიძე: „საქართველოს ხელისუფლების (საკანონმდებლო და აღმასრულებელი) უნარები ასეთ გამოწვევებთან საბრძოლველად საგრძნობლად უნდა ამაღლდეს, ასევე მოსახლეობის ცოდნის (ცნობიერების) დონეც ასამაღლებელია, რომ მან მხოლოდ,,დიდ'' და,,შავ'' ჯიპზე არ იფიქროს. უნარი კი, მოგეხსენებათ, არის რაღაცის გაკეთებისთვის საჭირო ცოდნა და შესაძლებლობა ერთად აღებული.“ 

აუტანელი საცობებისაგან თავის დასაღწევად, ზოგიერთმა თბილისელმა ველოსიპედით მგზავრობა გადაწყვიტა. მართალია, წინა ხელისუფლება თითქოს ევროპასთან დასაახლოვებლად ველოსიპედების შემოღებას აქტიურად უჭერდა მხარს, მაგრამ ევროპის მსგავსად საქართველოში სპეციალური ბილიკები არ შეუქმნია. ჩემმა კოლეგამ ინგა გრიგოლიამ ამ სიტუაციიდან გამოსავლად მეტროთი მგზავრობა მიიჩნია და საკუთარი გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა. „ერთადერთი საშუალება, რომ არ დაიტანჯო, არ დააგვიანო დანიშნულების ადგილას და დროულად გადაადგილდე, უკვე მხოლოდ მეტროა…მე მეტროზე გადავდივარ“! — წერს ინგა გრიგოლია. 

გამოუჩნდება თუ არა მას მიმბაძველები, ან გაჩნდება თუ არა ჩვენს მეტროში მგზავრთა ისეთივე სიმრავლე, როგორიც 90–იანი წლების დასაწყისში გვახსოვს, ამას დრო გვიჩვენებს. ფაქტია, ევროპას ფეხი უნდა ავუწყოთ და საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე ქვეითად მოსიარულეების პრიორიტეტს, ანუ უპირატესობას, როგორც ეს ევროპაშია, უნდა შევეჩვიოთ.

 რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, მან სამიტიდან დაბრუნების შემდეგ თბილისში არსებული მდგომარეობა შეაფასა როგორც ეკოლოგიურად მძიმე და მთავრობას მოუწოდა, შექიმნას შესაბამისი რეგულაციები საწვავის შესამოწმებლად, ავტომანქანებისათვის გამონაბოლქვის საწინააღმდეგო ფილტრების დასაყენებლად და წინა ხელისუფლების მიერ გაუქმებული ტექდათვალიერების ხელახლა დასანერგად.


ყველა ახალი ამბავი
0