ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო!

© ნ. ცხოიძე"კიდევაც დაიზრდებიან"
კიდევაც დაიზრდებიან - Sputnik საქართველო
გამოწერა

ნინო ცხოიძე

  ქართული ერთობის დარბაზი, რომელმაც ლეგენდარული კინორეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის, რეზო ჩხეიძის ირგვლივ უამრავი ცნობილი პიროვნება გააერთიანა, თანდათან ძალებს იკრებს. სამოქმედო პროგრამა, ჯერ კიდევ  შარშან, გიორგობის დღესასწაულზე, სამების საკათედრო დაძარში შეკრებილმა საზოგადოებამ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით განიხილა და მოიწონა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ეს პროგრამა განსაზღვრულია ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც ქართული სული აქვს, საქართველო უყვარს და აფიქრებს მისი დღევანდელი მდგომარეობა. 

 ორგანიზაცია აერთიანებს საამაყო, ღვაწლმოსილ ადამიანების, სხვადასხვა სფეროს მეცნიერებს, ლიტერატორებს, მედიკოსებს, არქიტექტორებს, რეჟისორებს, მუსიკოსებს, მსახიობებს, ჟურნალისტებს და ა.შ. ყველას, ვისაც, გამოცდილებისა და კომპეტენციის მიუხედავად, ნაკლებად ნახავთ ჩართულს ქვეყნის სხვადასხვა დარგის განვითარებაში. ქართული ერთობის დარბაზში მათი მონაწილეობა „პატივდების სიგელით“ აღინიშნება. ამ დოკუმენტის წინა გვერდი ცნობილი მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის მიერაა გაფორმებული და მისივე ძეგლის — „კიდევაც დაიზრდებიან“ — გამოსახულებითაა დამშვენებული. სიგელის შიდა გვერდზე  სამოქმედო პროგრამაა გამოქვეყნებული, ბოლო გვერდი კი ბატონ რეზო ჩხეიძის საპროგრამო სიტყვას ეთმობა.

 ერთობის დარბაზის მესვეურები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ქართულ ემიგრაციასთან ურთიერთობას. ბატონი თემურ შაშიაშვილი ხშირად სტუმრობს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ თანამემამულეებს და მათ ქართული ერთობის დარბაზის სამოქმედო პროგრამას, აგრეთვე, ქვეყნის ცხოვრებაში ჩართვის საშუალებებს აცნობს. 

 რამაზ ლომინაძე (ქედ-ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის პროფესორი): „თანამედროვე საქართველოს ცხოვრებაში განუზომლად დიდია უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა როლი. ქვეყანა, პრაქტიკულად, შრომითი მიგრანტებისა და, ზოგადად, ქართული დიასპორის თანადგომის წყალობით არსებობს. ყველა იმ ქვეყანაში, რომელშიც ჩატარდება „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესი, შეიქმნება ტელევიზიის სარედაქციო ჯგუფები და საკორესპონდენტო პუნქტები. ამ ეტაპზე, ასეთები  ჯგუფები იქმნება იმ ქვეყნებში, სადაც ქართველთა განსაკუთრებით დიდი კონცენტრაციაა (თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ისრაელი, იტალია, საფრანგეთი, საბე¬რძნეთი, ესპანეთი, გერმანია და ა.შ.). 

 ამ ქვეყანებში შექმნილ სატელევიზიო კორპუნქტებთან თანამშრომლობით, ტელევიზია „ქართული ტვ“, რომელიც უკვე სატელიტზე გადის, აამოქმედებს პრო-ექტებს ორი მიმართულებით: ქართველები ამა, თუ იმ ქვეყანაში და საქართველოს მეგობრები აღნიშნულ ქვეყანებში. მაგალითისათვის: „ქართველები გერმანიაში“ და „საქა¬რთველოს მეგობრები გერმანიაში“. ასეთი მუშაობა ჩაფი¬ქრებულია არა მხოლოდ ცალკეულ სახელმწიფოებში, არამედ ზოგიერთ  ქალაქშიც. ამ მხრივ, ყველაზე ძლიერი ბაზა არსებობს მოსკოვში, სოჭში, პეტერბურგში, ვორონეჟში და ბევრ სხვა ქალაქში.

მივესალმებით ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილის ჩვენთან ყოფნას. თქვენ იცით, როგორი ინიციატივიანი კაცია, მჭექარე ხმაც აქვს და მართლაც, დიდი საქმე გაკეთდება. ის უძღვება გადაცემას პირობითი სახელწოდებით „ტოლერანტობა“.  პირველი გადაცემის თემა, რასაკვირველია, ქართულ-ებრაული ურთიერთობები და ჩვენი უნიკალური მეგობრობა გახდა. დიდად სასიამოვნოა, რომ ამ საქმიანობაში თავის სიტყვას იტყვის მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი, ქართულ-ებრაული ურთიერთობების მუზეუმის დირექტორი, ბატონი გივი ღამბაშიძე.“

აღსანიშნავია, რომ ამ წამოწყებას უცხოეთში მცხოვრები ბევრი ცნობილი ხელოვანი და საინტერესო პიროვნება გამოეხმაურა. ისინი კონგრესის ჩატარების საინიციატივო ჯგუფებს ჩაუდგნენ სათავეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია თურქეთელი ქართველობის აქტიურობა. ამჯერად, ბატონ თემურ შაშიაშვილის ვიზიტიც სწორედ თურქეთშია დაგეგმილი. 19 დეკემბერს, „ქართული კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, მასთან შესახვედრად უამრავი ქართველი ემზადება.


ყველა ახალი ამბავი
0