თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ხუთშაბათს, 3 დეკემბერს.
იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამ ეტაპზე ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელიც ივნისის თვეში უკრაინის მოქალაქე გახდა, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართა.
„დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასკვნა შემოვიდა. მინდა ვთქვა, რომ ჩვენთან ყოველთვიურად შემოდის არა ერთი მსგავსი დასკვნა. საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადებში აუცილებლად მიიღებს მიხეილ სააკაშვილისთვი მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას“, — განაცხადა კვერენჩხილაძემ.
საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში, სააკაშვილს უფლება აქვს გიორგი მარგველაშვილს ორმაგი მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით მიმართოს.
„კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობბით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართოს“, — დასძინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება ამ ადამიანისთვის საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების უპირობო საფუძველია.