თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი უხელმძღვანელებს, — იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.
გიორგი ბადაშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძემ ჩაანაცვლა, რომლის კანდიდატურაც პარლამენტმა 27 ნოემბერს დაამტკიცა. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარუდგინა.
„გიორგი ბადაშვილმა სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებს სამომავლო გეგმები გააცნო და ყურადღება გაამახვილა მუშაობის მთავარ პრინციპებზე“, — აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.
უკვე ცნობილია, რომ საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
გიორგი ბადაშვილი 2006-2013 წლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2013 წლის მაისიდან ნოემბრამდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ხოლო 2014-2015 წლებში იკავებდა საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტს.