თამაზ ჩიქვანაია
სულ სამჯერ ვნახე მისი ჭიდაობა. მართალია, პატარა გახლდით, მაგრამ დღემდე თვალწინ მიდგას: წელში გამართული ქართველი და ლამის სამკეცად მოხრილი მისი მოწინააღმდეგეები. მასსავით არავინ ჭიდაობდა. ის ერთადერთი იყო და განუმეორებელი. როგორც წესი, ხალხის ნებიერები იქ, „ზემოთ“, დიდად არ უყვართ. რა ეპითეტებით არ ამკობდა იმ დროის პრესა: „რომანტიკოსი“, „ხალიჩის მინდია“, „ჭიდაობის მაესტრო“, „კაცი ილეთების ფეიერვერკით“. 23 წლისამ იმდენი მოახერხა, რომ ფალავანთა სამყაროში მხოლოდ მასზე ლაპარაკობდნენ და ყველა დროის ჩემპიონად მოიხსენიებდნენ.
ვლადიმერ რუბაშვილი 19 წლის იყო, როცა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და უმალ აალაპარაკა სრულიად საჭიდაო თემი. მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმირ სინიავსკი: „ხალასი ტალანტი, უდიდესი ნიჭის პატრონი, უშიშარი და შეუპოვარი, ხშირად ისე გავუტაცივარ მისი შერკინების ყურებას,ხალიჩაზე გასვლა დამგვიანებია“.
რომის ოლიმპიურ თამაშებზე ირანელთა „ოქროს იმედს“, ჰადემს დაეჭიდა. პირველივე წუთზე ელვისებური ილეთით მოწინააღმდეგე ბეჭებზე დასცა. შუამავალმა მსაჯმა თვალი დაიბრმავა და შეხვედრის გაგრძელება ბრძანა. ვოვამ ილეთი გაიმეორა და ირანელი ისევ აფართხალდა. მსაჯმა ვერც ეს დაინახა. გამწარებულმა ქართველმა მეტოქე ხელში აიტაცა, დაატრიალა და მძლავრად დაიქნია. ორიენტაციადაკარგულმა ჰადემმა ფეხი მსაჯს წამოსდო და ახარხარებული მაყურებლის თვალწინ ორივე „მოწინააღმდეგე“ ბეჭებით აღმოჩნდა ხალიჩაზე გაკრული. სხვა გზა რომ არ იყო, გამარჯვება რუბაშვილს მიაკუთვნეს. მეორე შემთხვევა იაპონიაში მოხდა. მასპინძელთა სახელოვან ფალავან კოგასთან საჭიდაოდ გამოსულ ქართველისთვის მსაჯს უთქვამს, ულვაში მოიპარსე, რომ მეტოქესთან თანაბარ პირობებში იყოო(?!). გაოგნებული რუბაშვილი არ შეეპუა და ხალიჩაზე გასვლაზე უარი უთქვამს. აქ იაპონელმა ივაჟკაცა და განაცხადა ასეთი მოგება არ მჭირდებაო და თავადაც უარი უთქვამს გამოსვლაზე. გამოჩენილმა ქართველმა პოეტმა იოსებ ნონეშვილმა ამ მოვლენაზე ლექსი დაწერა, რომლიდან ამონარიდსაც გთავაზობთ:
„და, ჰაი გიდი,
შეჯიბრზე მაშინ აღმოჩნდა მსაჯი,
ისეთი მკაცრი,
არად ჩააგდო თურმე ულვაში –
თავმოწონება ქართველი კაცის.
დიახ. უბრძანა ქართველ ფალავანს,
დაუმარცხებელ ჭაბუკ რუბაშვილს…
– ხედავ?.. მეტოქეს შენსას არა აქვს,
გაიპარსეო ჩქარა ულვაში…“
„და ის ქართველი გროშად არა ღირს,
(ამ ფიქრმა გული უფრო დაკაწრა),
ვინც სხვისი ჟინით, სხვისი კარნახით,
ულვაშს მოუშვებს ან გაიპარსავს!“
რომან რურუა, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი: „ვისაც ვოვა ოდესმე საჭიდაო ხალიჩაზე უნახავს, მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩებოდა მისი განუმეორებელი ოსტატობა. ლაღი იყო, თავისუფალი, ღია ჭიდაობა უყვარდა. ხელი გინდა? ფეხი? ა, ბატონო წაიღე, ოღონდ მოდი და მეჭიდავეო, რაინდულად, კაცურად. როცა ვოვა ჭიდაობდა 10 000-იანი დარბაზი მაყურებლით იყო გადაჭედილი. ეს იოლი არ გახლავთ, ათასობით ადამიანი შენი ჭიდაობის საყურებლად მოიყვანო და მერე ისეთი სანახაობა აჩვენო, რომ სამუდამოდ დაამახსოვრო თავი.
ვოვა სიკეთე იყო, ამიტომ ბოროტება მუდამ ცდილობდა გზაზე გადაღობებოდა. მისი დიდი სპორტიდან ჩამოშორებაც სიკეთისა და ბოროტების ორთაბრძოლა მგონია….“
დიახ, 22 წლისას საზღვარგარეთ გასვლა აეკრძალა. ერთი უბრალო იაპონელი ქალიშვილის ბარათმა რუბაშვილის სპორტული კარიერა შეიწირა. უშიშროების სამსახურმა ამომავალი მზის ქვეყნიდან მოსულ უწყინარ წერილში არარსებული ხიფათები დაინახა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს უცხოეთის გზა ჩაუკეტა. ამან ყველაზე მეტად იაპონელი ოსამუ ვატანაბე გაახარა, რომელმაც სივრცე გაუთავისუფლდა და ორჯერ ზედიზედ პირველი ადგილი მოიპოვა. ეს ის ვატანაბეა, რომელსაც საბჭოა კავშირში სტუმრობისას რუბაშვილმა ფანდების ისეთი კორიანტელი დაატეხა, დაბნეული ვატანაბე ხალიჩაზე მთვარეულივით დადიოდა. ბოლოს შეხვედრის დასრულებასაც არ დაელოდა, ხელი ჩაიქნია და ხალიჩიდან გავიდა. მაშინ ბევრი ამბობდა, ამ საქმეში იაპონელების ხელი ურევიაო.
1964 წლის 1 თებერვალს, 23 წლის ვლადიმერ რუბაშვილი ავტოავარიაში დაიღუპა. როგორც ამბობენ, იაპონელმა მოჭიდავე კოგამ, მის საპატივსაცემოდ ულვაში მოუშვა და სიკვდილამდე არ მოუპარსავს: ყველა დროის ჩემპიონის ხსოვნას პატივი ჩემებურად უნდა ვცეო, – უთქვამს.