გუგული მგელაძე: „იყო მზეც და ღრუბელიც, დანდობაც და ღალატიც, ყველაფერი იყო“

© ირმა ლეჟავარეჟისორი გუგული მგელაძე
რეჟისორი გუგული მგელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

  ირმა ლეჟავა

 29 ნოემბერს 88 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი, კინორეჟისორი და სცენარისტი გუგული მგელაძე გარდაიცვალა. ჩვენი რედაქცია უერთდება მთელი საქართველოს მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი გუგულის ოჯახს.

 ამ უნიჭიერეს და იუმორით სავსე ადამიანს ერთადერთხელ 2009 წელს, წინა საახალწლოდ შევხვდი. მისსავე სამუშაო კაბინეტში დიდხანს ვისაუბრეთ და ბედნიერი ვიყავი, თავისი მოგონებების წიგნიც რომ მისახსოვრა. წიგნის შესავალში ამოვიკითხე: „ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი ცხოვრების გზაზე, იყო მზეც და ღრუბელიც, დანდობაც და ღალატიც, მაღლა სვლაც და დაცემაც, ყველაფერი იყო“. ასეთია ცხოვრება და ამ საინტერესო ადამიანის კიდევ ერთხელ გასახსენებლად ჩვენი საუბრის ნაწილს თქვენც გთავაზობთ.

 გუგული მგელაძე: 18 წლის გავხდი, დიდი სამამულო ომი კი არა და არ სრულდებოდა. ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე არსებულ კინოსკოლას ჯავშანი ჰქონდა და მეც იქ ჩავაბარე. სიმართლე გითხრათ, კინოზე არასდროს მიფიქრია. მამა, გიორგი მგელაძე, ინჟინერი იყო, 1937 წელს დახვრიტეს. დედა კი არასერიოზულ საქმედ მიიჩნევდა კინოში მოღვაწეობას. ერთხელაც კინოსკოლაში მოსკოვიდან გვეწვია ადამიანი, რომელმაც საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში (ვგიკ-ში) ჩასაბარებლად რამდენიმე სტუდენტი შეგვარჩია. მე, რა თქმა უნდა, წავედი. საგამოცდო კომისიის წევრებს თითქოს მოვეწონე კიდეც. ლერმონტოვის „მწირი“ წავიკითხე, ეტიუდებიც გავაკეთე, მაგრამ სამსახიობო ფაკულტეტის დეკანმა ტავრიზიანმა განმიცხადა: у вас сильный грузинский акцен! — а что у Сталина (მაშინ სტალინი სტალინობდა), армянский-მეთქი?— ვკითხე. ის შეცბა და ალბათ, შეშინდა კიდეც და მიმიღეს კურსზე. ერთ შესანიშნავ ბიჭს — ვიქტორ ორლოვს დავუმეგობრდი. ერთად დავდიოდით გოგონებში, ვყალთაბანდობდით, დავყიალობდით გორკის ქუჩაზე და პირველი სემესტრის შემდეგ ორივე ერთად გამოგვყარეს. არ მინდოდა თბილისში დაბრუნება. ყველას ეგონა, ჩარლი ჩაპლინად დავბრუნდებოდი. ყველას ვეამაყებოდი, განსაკუთრებით კი — დედას. ამიტომ შემრცხვა და ვერ დავბრუნდი. ხან სადგურში მეძინა, ხან ფოსტაში, ხანაც — ორლოვის მშობლების ბინაში. ასე დავასრულე მეორე სემესტრი და თბილისში დავრუნდი, მაგრამ ჩემი ტყუილის ძალიან მრცხვენოდა. ამდენი ვეღარ ავიტანე და ზაფხულის გაგანია სიცხეში, გამოცდების პერიოდში, ჯიბეში ერთი ბუხანკა პურისა და ბიძაჩემის ნახმარი პიჯაკით მოსკოვს გავემგზავრე. ტავრიზიანი გაოგნდა, რომ დამინახა: აქ რას აკეთებ, ხომ გაგაგდეს. ერთხელ ძლივს ეწყობა ხალხი და შენ მეორედ მოგინდაო? ინსტიტუტის დირექტორთან შევედი, გოლოვინა იყო გვარად. ავუხსენი, რომ გავიზარდე, დავდინჯდი, საკუთარ თავზე ვიმუშავე. ალბათ დავარწმუნე და გამოცდაზე გასვლის ნებაც დამრთო. ძლივს მივუსწარი გამოცდას. იქ სწორედ ის კომისია დამხვდა, რომელმაც გამომაგდო — მთელი კინოელიტა: ეიზენშტეინი, რომი, როშალი და იუტკევიჩი. გაგიჟდნენ, რომ დამინახეს. ვიდრე აბსოლუტური სიჩუმე არ ჩამოვარდა, კითხვა არ დავიწყე. თან ვფიქრობდი დედაზე, დახვრეტილ მამაზე, მეგობრებზე. 

- მოკლედ, თქვენ უკან სამშობლო იყო.

- ასე გამოდის. მომზადებული მქონდა პუშკინის „პოეტის სიკვდილი“. დავიწყე: „погиб поэт…“ — საკუთარ თავს ვგულისხმობდი და მთელი ძალითა და გრძნობით წავიკითხე. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ან დამიჭერდნენ, ან მიმიღებდნენ. უცებ დიდმა რეჟისორმა სერგეი იუტკევიჩმა მიმიხმო და წყლის დალევა შემომთავაზა. ეს უკვე რაღაცას ნიშნავდა. ასე გავიარე პირველი ტური. მერე — მეორეც და… ჩამრიცხეს. ჩემს კურსზე სწავლობდნენ მომავალში საქვეყნოდ ცნობილი კინორეჟისორები და მსახიობები: ნონა მორდიუკოვა, ვიაჩესლავ ტიხონოვი, გრიშა ჩუხრაი, ვლადიმერ ბასოვი, რეზო ჩხეიძე და თენგიზ აბულაძე. მეორე კურსზე ვსწავლობდი, გერასიმოვმა „ახალგაზრდა გვარდიის“ გადაღება რომ დაიწყო. სინჯებზე მე და რამდენიმე სომეხი ახალგაზრდა, მათ შორის — სერგო ფარაჯანოვიც, დაგვიბარეს. როლზე მე დამამტკიცეს. სერგომ ძალიან განიცადა და მკითხა: მითხარი, ქართველმა რატომ უნდა განასახიეროს სომეხიო. მოკლედ ვუპასუხე: იმიტომ, რომ გმირის სახე გააკეთილშობილოს-თქო. გაიცინა, მაგრამ გულში მაინც გაბრაზდა და ჯინაზე მსოფლიოში ცნობილი რეჟისორი გახდა.

- მგონი თქვენი კინოდებიუტი გაცილებით ადრე, „გიორგი სააკაძეში“ შედგა?

- მანამდე „ქაჯანაში“ მოვხვდი, ქაჯანას როლი უნდა შემესრულებინა, მაგრამ ზაფხულში თავი გადავიპარსე და მხოლოდ ეპიზოდურ როლს დავჯერდი, მერე კი „გიორგი სააკაძეში“ ავთანდილი განვასახიერე. კოტე პიპინაშვილმა „ორი ოკეანის საიდუმლოებაშიც“ გადამიღო, მაგრამ როგორც კი კადრში ვჩნდები, თავში ჩამცხებენ რაღაცას და მკლავენ. ეტყობა, რეჟისორს არ უნდოდა, დიდხანს დავრჩენილიყავი ეკრანზე.  მოსკოვიდან რომ დავბრუნდი, ფილმში არავინ მიღებდა. ერთხელ შემთხვევით მატარებელში სერგეი გერასიმოვი, ელა ბისტრიცკაია და პეტრე გლებოვი შემხვდნენ. გზად ჩემს ნოველებზე ვესაუბრებოდი, თავს გადახდენილ თუ შეთხზულ ამბებს ვუამბობდი და, — ეს უნდა გადავიღოთო, — დაიძახა ელამ. ავუხსენი, რომ რეჟისორის დიპლომი არ მქონდა და ფილმის გადაღების უფლებას არავინ მომცემდა. მაშინ გერასიმოვი საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დეკანი გახლდათ და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. მომიბრუნდა და მითხრა, — დიპლომს მიიღებო, — და სარეჟისორო ფაკულტეტის მესამე კურსზე დამსვა. ორ წელიწადს ვისწავლე. 

თბილისში რომ დავბრუნდი, კინოსტუდიის იმჟამინდელმა დირექტორმა მიშა კვესელავამ მირჩია, სულიკო ჟღენტთან ერთად გადაიღე რამეო. დავსხედით, დავწერეთ და 25 დღეში „ბურთი და მოედანი“ გადავიღეთ. წარმოგიდგენიათ? ამდენი ხნის წინ გადაღებული სურათი დღემდე ცოცხალია, არადა, ზოგიერთი შედევრად აღიარებული ფილმი არავის ახსოვს. მაშინ კომედიის გადაღება მოდური არ იყო, ეშინოდათ კიდეც, რადგან მასში სულ სატირას ხედავდნენ. არადა, ჩემს ფილმში მართლა იყო სატირა: მამაჩემი ხომ, ე.წ. ტროიკამ გაასამართლა. იმხანად სამ კაცს გამოჰქონდა განაჩენი. თუ გახსოვთ, „ბურთი და მოედანში“ იპოლიტე ხვიჩიას გმირსაც სამი კაცი ასამართლებს. მეშინოდა, არაფერს მიმხვდარიყვნენ, მაგრამ ალბათ ხვდებოდნენ კიდეც და მაინც არაფერი თქვეს. ფილმმა აქაც მიიღო პრიზი და მოსკოვის ფესტივალზეც —„საუკეთესო კომედიური ფილმისთვის“. იტალიაშიც დიდი წარმატება ჰქონდა. თურმე  ეს ფილმი ჩარლი ჩაპლინსაც ჰქონია თავის ფილმოთეკაში და ამაში იპოლიტეს უდიდესი წვლილია. რა ფიუნესი, რის ფიუნესი? იპოლიტე მოვლენა იყო. რეჟისორი გია დანელია მას მე-20 საუკუნის უდიდეს კომიკოსს უწოდებს, არადა  მისი წარმატება „ბურთი და მოედნიდან“ დაიწყო.

- თქვენი წარმატებაც ხომ ამ ფილმით დაიწყო?

- რამდენიმე წლის წინ ჩემმა ვაჟმა, კინორეჟისორმა გიო მგელაძემ რუსთაველზე მანქანა არასწორად გააჩერა და ინსპექტორებმა ნომრები მოუხსნეს. მთხოვა,  შენ გიცნობენ და ეგებ დააბრუნებინოო. მივედი პოლიციაში და ერთმა ქალმა მიცნო. თანამშრომელს უთხრა: რეჟისორი მოვიდა, ნომრები წაართვეს და იქნებ დავუბრუნოთო.  წაართვეს და ახია მაგაზე. ვინ არის, რა რეჟისორიაო? მერე უკმეხად მკითხა, რა გადაგიღიაო? ვუპასუხე: „ბურთი და მოედანი“-მეთქი. გაიოცა: ეგ ფილმი შენი გადაღებულია? უი, რამდენი ვიცინე, რომ ვნახე. კიდევ რა გადაიღეო?  „ფესვები“-მეთქი.  უი, რამდენი ვიტირეო,  და 5 ნომერი გამოატანინა ჩემთვის. აი, რა ქნა ჩემმა ფილმებმა! 

  ქართველმა კინორეჟისორმა და სცენარისტმა, გუგული მგელაძემ 1951 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიული ინსტიტუტის სამსახიობო, 1962 წელს კი — სარეჟისორო ფაკულტეტი. მისი პირველი სარეჟისორო ნამუშევარი გახლავთ საკურსო ფილმი  „განთიადი“. გუგული მგელაძე დამდგმელი რეჟისორი და ერთდროულად სცენარის ავტორია ფილმებისა: „ბურთი და მოედანი“, „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“, „ცისკრის ზარები“, „ძახილი“, „მაცივარში ვიღაც იჯდა“, დამდგმელი რეჟისორია ფილმისა „ფესვები“ და კიდევ სხვა მრავალი ფილმის, რომელიც არა მარტო ქართველმა, არამედ სხვა ქვეყნების მაყურებელმაც გულწრფელად შეიყვარა. რამდენიმე ფილმში — „გიორგი სააკაძე“, „ჭრიჭინა“, „ორი ოკეანის საიდუმლოება“, „ჩაკლული სული“ — თავადაც მონაწილეობდა.

რეჟისორის უკანასკნელი ფილმია „გაჭედილები“.


ყველა ახალი ამბავი
0