თამაზ ჩიქვანაია
1982 წლის 13 დეკემბრის ღამეს ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი დაიღუპა. ვარსკვლავი და კეთილი ადამიანი, ახალგაზრდა კაცი, რომელსაც უყვარდა, უხაროდა, ცხოვრობდა სითბოთი და უხვად გასცემდა ამ სითბოს, სამაგიეროს კი არასოდეს ელოდა. ის ცხოვრობდა, როგორც დიდ სამყაროში მოხვედრილი პატარა ქალაქში დაბადებული ბიჭი, რომელიც გახდა ჩვეულებრივი ვარსკვლავი და ამის გამო ცხვირი არ აუწევია. მან თავისი ხედვა და ალალი ბუნება მოიტანა იმ სამყაროში, რომელსაც ქართული ფეხბურთი ჰქვია.
,,დინამოში“ 17 წლის ასაკში მოვიდა, 17 წლისა გამოვიდა პირველად მინდორზე,,დინამოს“ მაისურით. ეს იყო 1975 წლის 11 მაისს, ტაშკენტის „ფახთაქორის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში. ძალიან მალე გაირკვა, რომ „დინამოში“ ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა. ვიტალი დარასელია უკვე მოზარდობაშიც ნამდვილი ფეხბურთელი იყო.
იმ პერიოდის გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრებათ მისი სპორტული იერი – დაკუნთული ფეხები, ჩამოსხმული ტანი და მხარბეჭი. მას ჰქონდა ახალი ყაიდის, ახალი დროის ფეხბურთელის გარეგნობა.
ეს ის დროა, როცა განთქმული თბილისის „დინამო“ იქმნებოდა. გუნდმა პირველად მოიგო ქვეყნის თასი, მაგრამ დარასელიას არც ნახევარფინალში უთამაშია და არც ფინალში. ნოდარ ახალკაცი თავის,,დინამოს“ ქმნიდა და ახალბედა ნახევარმცველს ამ გუნდში თავისი ადგილი ექნებოდა. დარსელია იმ ახალი ტალღის აღმოჩენად შეიძლება ჩავთვალოთ, რომელმაც, ფაქტობრივად, სიყმაწვილეში მოასწრო დიდ გამარჯვებებში წილის დადება.
ვიტალი დარასელიას მოედანზე ბევრი რამ შეეძლო და როგორც ნაღდი პროფესიონალი, ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც შეეძლო. ასეთ დროს ხშირად ოსტატობაზე აღარც ლაპარაკობენ, დარასელია კი ფეხბურთის ოსტატი იყო. უფრო მეტიც, ის იყო კაცი, რომელსაც მოედანზე მაყურებლისთვის საოცარი თამაშის მიძღვნა შეეძლო. იგი გადამწყვეტი გოლების გამტანი ფეხბურთელი გახლდათ. ამასთან, შავი მუშაც იყო, საუცხოო იყო ორთაბრძოლებში. გონიერ პასებს არიგებდა.
ის არასოდეს დაღლილა და ეს ყველაფერი მანამდე მოასწრო, სანამ ოცდაექვსი წლის გახდებოდა. ვიტალი იყო 80-იანი წლების საბჭოთა ფეხბურთის სრულიად განსაკუთრებული ფიგურა, ნებისმიერ, ყველაზე მაღალი დონის საფეხბურთო გუნდს რომ მოერგებოდა. მისი ტალანტი დასავლეთში უფრო ნახავდა გზას, იქნებ სულ სხვა სიმაღლეებისთვისაც მიეღწია, მაგრამ მაშინ ეს გამორიცხული იყო და ვიტალი დარასელიაც თამაშობდა იქ, სადაც შესაძლებელი იყო. იგი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ჩვენი გუნდისთვის, რომელსაც იშვიათად ჰყოლია მსგავსი ფეხბურთელები. დარასელია სტაბილურობის, გაუტეხლობის ერთგვარი სიმბოლო იყო. სრულიად გამოუვალ უიღბლო თამაშშიც კი, როცა არაფერი გამოდიოდა, საკუთარ თავს არ ღალატობდა და ბოლომდე იხარჯებოდა.
1981 წლის 13 მაისს, იმ ერთმა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესმა გოლმა, რომელიც ვიტალი დარასელიამ გაიტანა, მგონი, ყველაფერი გაახუნა. მან თავად შექმნა ეს გოლი!.. მხოლოდ დარტყმის ძალის იმედად არც არასოდეს ყოფილა. ეს გოლები ისე იყო შესრულებული, რომ მათში ნაკლებად იგრძნობოდა სხვა მოთამაშეზე დამოკიდებულება. კარიერის მთავარი გოლიც, თვისი არსით, ასეთი იყო და მის მიერ გატანილი სხვა ბურთებიც. ბევრი რამის გადაწყვეტა შეეძლო მომავალში, მაგრამ ვერ მოესწრო.
თავისებურად, უცნაურად სჯეროდა მას განგებისა…
იმ საღამოს, როცა თბილისში მისი ერთადერთი ვაჟი იბადებოდა, ვიტალი დარასელია ნეაპოლის „სტადიო კომუნალეზე“ იდგა. თამაშის წინ უთქვამს, ბიჭს, რომელიც დღეს დაიბადება, იმის სახელს დავარქმევ, ვინც „ნაპოლის“ გოლს პირველი გაუტანსო.,,დინამოს“ თბილისში ანგარიშით: 2:0 ჰქონდა მოგებული. სტუმრად კი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით: 1:1-ზე დაასრულა. „სტადიო კომუნალეზე“ ანგარიში ვიტალი დარასელიამ გახსნა…
უცნაურად სწამდა „13“ რიცხვის: 13 რიცხვში დაქორწინდა, „დინამოში“ და საბჭოთა ნაკრებში 13-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი გოლი დიუსელდორფის სტადიონზე 13 მაისს გაიტანა… 13-ს ჩემთვის ბედნიერება მოაქვსო, ამბობდა. თუმცა, სწორედ 13 დეკემბერს დაიღუპა… მონათლული არ იყო, მაგრამ ეკლესიაში დადიოდა და მილიონობით ადამიანმა დაინახა დიუსელდორფის ფინალის შემდეგ როგორ გადაიწერა პირჯვარი.
მოხდა უიშვიათესი შემთხვევა: კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის კურთხევით, ვიტალი დარასელია გარდაცვალების მერე მონათლეს. მთავრობას უნდოდა, ის დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაეკრძალა, მაგრამ აფხაზეთიდან უხუცესების შემადგენლობით დიდი დელეგაცია ჩამოვიდა და ფეხბურთელის ნეშტი მშობლიურ მხარეში წაასვენეს.
ვიტალი დარასელია დიდი ფეხბურთელი იყო და ალბათ ამიტომაც, მისი დაღუპვის შემდეგ, თბილისის „დინამო“ კარგა ხანი ვერ დადგა ფეხზე. ძნელია დიდი ადამიანების დაკარგვა… ისე მოხდა, რომ თასების მფლობელთა თასის მოგების სამი შემოქმედი: დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია და ვიტალი დარასელია დღეს ცოცხლები აღარ არიან: ესეც განგების ნება იყო…