თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. 2015 წლის 30 ნოემბერს საქართველოს პატრიარქის მიწვევით მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერები და სასულიერო პირები პატრიარქს შეხვდნენ, ამის შესახებ მუსლიმთა სამმართველოს პრესსამსახური იტყობინება.
მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ბოლო დროს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და ისლამის სახელით ჩადენილი ტერორისტული აქტების შესახებ საკითხები იქნა განხილული.
„მუსულმანურ რელიგიას არანაირი კავშირი არ აქვს ნეგატიურ მოვლენებთან, ეს მხოლოდ ავი ადამიანების ქმედებებია“, თქვა პატრიარქმა.
სასულიერო ლიდერებმა და რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნეს, რომ ისლამი არის მშვიდობის, ქველმოქმედების და ერთობის რელიგია. სამწუხაროდ ზოგ შემთხვევაში გარკვეული ჯგუფები თავისი ბინძური მიზნების მისაღწევად რელიგიას ეფარებიან და კონკრეტულ შემთხვევაში ისლამს. ასევე აღნიშნეს, რომ ისლამის ტერორიზმთან ასოცირება დაუშვებელია.
დასავლეთ საქართველოს მუფტიმ ბეგლარ კამაშიძემ მადლობა გადაუხადა ილია მეორეს მოწვევისათვის და აღნიშნა, რომ მრავალი საუკუნის მანძილზე, საქართველოს მუსულმანები მეგობრობდნენ მართლმადიდებელ ქართველებთან, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.
„იმედი მაქვს ეს შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, უფრო ხშირი გახდება, რათა მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ტოლერანტულები ვართ, რომ გვიყვარს ერთმანეთი, რომ ჩვენ ქართველები ვართ“…, — უთხრა მუფტიმ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ბოლო დღეებში ტერორისტული დაჯგუფების წევრები საქართველოსაც დაემუქრნენ. მსგავსი პრობლემების აღმოფხვრისათვის და საერთოდ ქვეყანაში რელიგიურ და საზოგადოებრივ საკითხების მოგვარებისათვის აუცილებელია რელიგიური გაერთიანებების ერთობლივი თანამშრომლობა, რადგან ამას მნიშვნელოვანი ფაქტორი აქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში.
შეხვედრის დასასრულს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებმა პატრიარქს საჩუქრები გადასცეს და საერთო სამახსოვრო სურათი გადაიღეს.