ზუგდიდელების წარმატებული სპექტაკლი

© მ. ტურიაშვილიზუგდიდის თეატრის მსახიობები
ზუგდიდის თეატრის მსახიობები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბედნიერებაა,როცა ქვეყანას ნიჭიერი ადამიანები ემსახურებიან და უბედურებაა, როცა მათ ბედს სხვათა ნიჰილიზმი განსაზღვრავს.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრმა მოზარდ მაყურებლთა თეატრში თბილისელ მაყურებელს უჩვენა რეჟისორ გეგა ქურციკიძის სპექტაკლი „დაბრუნება“, რომელიც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების: „მარადისობის კანონის“, „სისხლისა“ და „ძაღლის“ მიხედვით არის შექმნილი. დიდი სითბოთი და სიყვარულით გამთბარი წარმოდგენა, თბილისელ მაყურებელს გულგრილს ვერ დატოვებდა და ეს კარგად ჩანდა მათ გულწრფელ რეაქციებში, რაც სპექტაკლის ბოლოს ცრემლებშიც გადაიზარდა. 

ძნელია დადგა ნოდარ დუმბაძე, ძნელია მისი გასცენიურებაც, ვინაიდან ჩვენ საქმე გვაქვს პროზასთან და არა დრამატურგიულ ნაწარმოებთან. რეჟისორმა და მსახიობებმა, ამ ამოცანას ბრწყინვალედ გაართვეს თავი. რთულია გამოვყოთ წარმატებული მსახიობები, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ქალბატონ ზემფირა გუნიასა და ბატონ მერაბ კაკალიას შესრულებულმა როლებმა და მათ მიერ გამოვლენილმა სამსახიობო ოსტატობამ მოლოდინს გადააჭარბა. რასაკვირველია, ეს რეჟისორის დამსახურებაც არის და გეგა ქურციკიძის მიმართ მადლიერების გრძნობა მსახიობებმა გულწრფელად გამოხატეს. 

გული დაგვწყდა, როცა მსახიობემა გვიამბეს ზუგდიდის თეატრში შექმნილ გაუსაძლის პირობებზე და გაგვიკვირდა, ვინაიდან ჯერ კიდევ 2 წლის წინ  ამ თეატრის შენობის მდგომარება საგანგაშო იყო. სპექტაკლის შემდეგ გულისტკივილით ვიხსენებდით საქმისათვის თავდადებულ მსახიობებს და განსაკუთრებით ზემფირა გუნიასა და მერაბ კაკალიას. მათთვის ხომ  სცენა ეშაფოტია, სადაც მაყურებელს ნამდვილი გრძნობებით ხიბლავ და არა გაცვეთილი შტამპებით. ამ არტისტებს აუცილებლად მივანიჭებდი „საუკეთესო მსახიობის“ პრიზს.

 რეჟისორი გეგა ქურციკიძე: რუსთავის თეატრისთვის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით ინსცენირება გავაკეთე. რატომ ავიღე იგივე ინსცენირება ზუგდიდის თეატრისათვის? სამხატვრო ხელმძღვანელს, ბადრი წერედიანს უნდოდა ქალბატონ ზემფირა გუნიასთვის რამე დაედგა და როცა ჩვენ სხვადასხვა ვერსიებს განვიხილავდით, ბებიას როლზე შევჯერდით. სიმართლე გითხრათ, მე ამის დადგმა აღარ მინდოდა და ჩემ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში დიდი ამბავი მოჰყვა: რატომ დგამს მეორედ თუ მესამედო?

- ამ სპექტაკლში  განსაკუთრებით ორი მსახიობი — ქალბატონი ზემფირა გუნია და ბატონი მერაბ კაკალია  ისეთი ძალისხმევით მუშაობს, რომ თუ სხვა თეატრში, იმავე ნაწარმოებით მიაღწევთ ასეთ მაღალ დონეს, მაშინ გირჩევდით — დადგით ეს სპექტაკლი. ზუგდიდში როგორი გამოხმაურება აქვს ამ დადგმას?

-მითხრეს, რომ ზუგდიდში ეს სპექტაკლი არაჩვეულებრივად მიდის და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ყველა ფესვებს უნდა დავუბრუნდეთ, წარსულს კი არა, არამედ იმ ღირებულებებს, რაც საქართველოს ყველა კუთხეშია, ამიტომ გასდევს მთელ სპექტაკლს ლაიტმოტივად ბაბუასა და შვილიშვილის ურთიერთობის თემა, სადაც ნათლად იკვეთება ის დიდი ჰუმანიზმი, რაც ჩვენი ხალხის ბუნებაშია.

მსახიობი ზემფირა გუნია: ამ როლზე მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო. ახლა მკითხეს: იმ „ბებიებს“ თავი როგორ დააღწიეთო — ეს ჩემთვის ქათინაურია!

-ქალბატონო ზემფირა, თქვენ ძალიან კარგად თამაშობთ ამ როლს, თქვენ მიერ შესრულებული „ბებია“ კრებითი სახეა: ტრაგიკულია, თან იუმორიც აქვს. ყველა ჟესტი, მოქმედება ზუსტად გაქვთ დამუშავებული. შვილიშვილს რომ უბრაზდებოდით, იქ სიკეთეც ჩანდა.

-თუ ეს გამოჩნდა, ბედნიერი ვარ. ჩვენ, მსახიობებს სხვა სიამოვნება არ გვაქვს.

-სამსახიობო ოსტატობა ვისთან ისწავლეთ?

-როცა თემურ ჩხეიძე ზუგდიდის თეატრში მუშაობდა, ორივე ახალგაზრდები ვიყავით და ვინაიდან მე მის ყველა სპექტაკლში ვთამაშობდი, დიდი სამსახიობო სკოლა გავიარე.

-ქალბატონო ზემფირა, ზუგდიდში როგორი მაყურებელია?

-ძალიან კარგი. ახლა მარჯანიშვილის თეატრი იყო ჩვენთან გასტროლებზე, თემურ ჩხეიძის სპექტაკლით „ART — ხელოვნება“ და დარბაზში ისეთი რეაქციები იყო, რომ გაოცდნენ მსახიობები.

-დღეს ამ როლს რა შემატეთ თუ ეს საღამო ჩვეულებრივი იყო? როგორი მუხტი მოდიოდა დარბაზიდან?

-როცა მიხვდები, რომ მაყურებელი დაიჭირე და გრძნობ, რომ მოგყვება, გისმენს, ძალა გვმატება და თავს არ ვზოგავთ.

-თქვენ ზუსტად იცოდით, რა უნდა გაგეკეთებინათ — ეს მხოლოდ სწავლით არ მიიღწევა, ეს თქვენი ნიჭია, ქალბატონო ზემფირა!

-ბედნიერი ვარ!.. ისე, მუშაობის დროს განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდი. უბრალოდ, რეჟისორთან ერთად ვიკვლევდი, ვინ არის ეს ქალი და რა უნდა მას. მთავარია, იცოდე: რისთვის გამოდიხარ სცენაზე, რომ გაჭირვებამ ისეთ დღეში არ უნდა ჩააგდოს ადამიანი, რომ საკუთარ სისხლზე და ხორცზე უარი თქვა. ეს ჩემი ბებიას ტრაგედიაა.

მსახიობი მერაბ კაკალია: მოგეხსენებათ, თეატრში გათბობა არ გვაქვს და ამ სპექტაკლზე თოვლსა და ყინვაში ვმუშაობდით. ზუგდიდის თეატრი ხომ ფაქტობრივად დანგრეულია, მაგრამ ბატონმა გეგა ქურციკიძემ დიდი გმირობა ჩაიდინა, მთელი ძალიხმევით ვმუშაობდით და რეჟისორმა სპექტაკლი ბოლომდე მიიყვანა. გეგაც ისეთ სარეპეტიცო პროცესს ქმნის, რომ თითქოს გაიძულებს მთელი ძალა და ენერგია ჩააქსოვო. ვიწვალეთ, ვიშრომეთ, მაგრამ სიამოვნებაც ბევრი მივიღეთ. ძალას გვაძლევდა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების სიკეთე და სურვილი: მაყურებლისათვის გვეთქვა, რომ ადამიანი კეთილი უნდა იყოს, რომ მან სიკეთე უნდა თესოს. პირადად მე ამის სათქმელად გამოვდივარ სცენაზე. ამ სპექტაკლს ზუგდიდში კარგად აღიქვამენ, ჩვენთან ძალიან კარგი მაყურებელია.

-იმ ენერგიას და ძალისხმევას, რასაც თქვენ სცენაზე გამოსვლის დროს ხარჯავთ, ამას ხომ განსაკუთრებული მომზადება,  დრო და თავიდან ბოლომდე ამ საქმეში ყოფნა სჭირდება, სხვანაირად არ გამოვიდოდა ის, რაც დღეს ვიხილეთ სცენაზე — როცა მსახიობი, მაყურებლის თვალწინ ქმნის. მარტო თეატრში მუშაობთ თუ დამატებითი შემოსავალიც გაქვთ?

-ზუგდიდში ბევრი თეატრი არ არის, არც ტელევიზიებია, ამიტომ არც დამატებითი შემოსავალი გვაქვს… 

-ზუგდიდში როგორ ცხოვრობს მსახიობი?

-ვცხოვრობთ კი? ჩვენ ვარსებობთ! ამას ცხოვრება ჰქვია? ძალიან დაბალი ხელფასი გვაქვს, თეატრში გაუსაძლისი პირობებია — ყინავს, კედლები მონგრეულია!

-ესე იგი, თეატრი იმავე მგომარეობაშია, როგორც 2 წლის წინ?

-უარესი მდგომარეობაა. ამას წინათ რეკონსტრუქციას შეგვპირდნენ, კორეელებიც ჩამოიყვანეს, მაგრამ რაღაც-რაღაცების გამო ეს საქმე გაჭიანურდა. ჩვენმა დირექტორმა მოიძია სახსრები და ორი საგრიმიორო ძლივს შეაკეთა.

-ესე იგი, ზამთარში სპექტაკლებს ვერ თამაშობთ?

-ვთამაშობთ მინუს 5 გრადუსში, ყინვაში. თქვენ ნახეთ სპექტაკლი, იქ მსუბუქად გვაცვია, მე ფეხშიშველი ვარ, მაგრამ მაინც ვთამაშობთ.

-დაუჯერებელია, როგორ თამაშობთ დღეს ასეთ პირობებში? 90-იან წლებში ასეთ ვითარებაში თამაშობდნენ  და მე ვიცი, რას ნიშნავს გაყინულ დარბაზში სპექტაკლის ყურება.

-მაინც ვთამაშობთ, ვინაიდან ზუგდიდში თეატრის ერთგული მაყურებელია, ისინი გაყინულ დარბაზში სხედან. ამას წინათ ჩვენთან ჩამოვიდა მოზარდ მაყურებელთა თეატრი, სპექტაკლს ბოლომდე ვერ ვუყურე იმიტომ, რომ მუხლს ქვემოთ ფეხები გამეყინა და დარბაზიდან გავედი. ზუგდიდელები კი ამ ყინვას უძლებენ დაჩვენ სპექტაკლებზე მაინც მოდიან… 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0