ნინო ცხოიძე
როგორც ცნობილია, ევროპის ქვეყნებში მინიმუმ, ორჯერ მეტი თანხის პენსია გაიცემა, ხოლო საკვებსა და მედიკამენტებზე ფასები ბევრად ნაკლებია, ვიდრე ჩვენთან. თანაც ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს არც ერთ სამოქმედო დოკუმენტში პენსიების ზრდა და ფასების შემცირება ვალდებულებაში არ უწერია. პენსიონერები რამდენიმე დღის წინ უიმედოდ და უკმაყოფილონი იყვნენ, რადგან ხელისუფლება მათ პენსიების ზრდას ქვეყნის მთავარ სამოქმედო ბიუჯეტში არც 2016 წლისთვის პირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა პენსიების 50 ლარით გაზრდის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ახლა პენსიონერთა ხელმოწერების შეგროვებით იმუქრებიან და თავიანთი მოთხოვნის მიღწევას მაინც გეგმავენ. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ 2016 წლის ივლისისთვის დაგეგმილი 20 ლარიანი მომატება ნაციონალების მოთხოვნის საფუძველზე არ ხორციელდება და წინადადება პენსიების ზრის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტიდან უფრო ადრე შემოვიდა. 20 ლარიანი მატებით პენსიონერები დიდად არ მოხიბლულან, მითუმეტეს, რომ იგი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე უნდა გაიცეს და არა წლის დასაწყისში. ამდენად, გარკვეულ ეჭვებს იმის თაობაზე, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, პენსიონერების ზოგიერთი კატეგორია იზიარებს. გაოცებით კი არც უკვირთ, რადგან მათ ხელისუფლების წინასაარჩვენო „ტრიუკები“ ყველა დროში კარგად ახსოვს.
როგორ აღიქვამენ პენსიონერები ყოფილი ხელისუფლების მიერ მათზე ზრუნვას და აპირებენ თუ არა გიგი წერეთლის მიერ გამოცხადებული ხელმოწერების შეგროვებაში მონაწილეობას, ამ შეკითხვებით რამდენიმე პენსიონერს მივმართე.
პენსიონერი იზოლდა ჯიბუტი: „ნაციონალური მოძრაობის ოქროც არ მინდა, არც ხუთოთახიანი ბინა, თუმცა 10 კვადრატულ ოთახში ვცხოვრობ. ახლა გაახსენდათ პენსიონერებზე ზრუნვა? თვითონ რომ ოპოზიციაში იყვნენ, შევარდნაძის დროს, ამბობდნენ, რომ 115 ლარი უნდა გახდეს პენსიაო. მაშინ 75 ლარი გვქონდა. ბევრი მოტყუვდა, მართლა ამდენს მოგვცემდნენ ეგონათ და მათ ამიტომაც მისცეს ხმა. მე კი ვხდებოდი, რომ ეგენი რეალურად არაფრის მომმატებლები არ იყვნენ და ხმა არ მიმიცია. მერე სანამ წავიდოდნენ ხელისუფლებიდან, 100 დოლარსაც გვპირდებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში კი სულ ორჯერ მოგვიმატეს, მგონი, 5-5 ლარი და მაგასაც მივუბრუნებ უკან, ოღონდ ეგენი არ დამანახა. უფასო სასადილოები რომ გახსნეს, ვინმემ შეამოწმა, რას გვაჭმევენ ამდენი წელია?!. ნაციონალები ტელეკამერების თანხლებით რომ მოვიდნენ უფასო სასადილოში, მერის არჩევნების წინ, იმდენი საყვედური ვუთხარი და არც ერთმა ტელევიზიამ არ გააშუქა. ისე გამოვიდა, ვითომ ყველა ნაციონალების მომხრეები იყვნენ იქ და დითირამბებს უმღეროდნენ. არადა, მარტო ის კი არ მითქვამს, რომ ხელახლა გასაკეთებელ საჭმელს გვაჭმევდნენ, რაც გვაწუხებდა, ყველაფერი ვუთხარი… „
პენსიონერი ლეილა მიქაძე: „ხელმოწერებით რომ მოვიდნენ ნაციონალები, ხელს კი არ მოვუწერ. შევახსენებ, თუ დაავიწყდათ, რომ მათ 9 წლის განმავლობაში იმდენი არ მოუმატებიათ პენსიისთვის, რამდენიც ამ ხელისუფლებამ სამი წლის განმავლობაში მოახერხა. თან სანამ 5 ლარს მოუმატებდნენ, ბაზარში ფასები უკვე იზრდებოდა. წელიწადში ერთხელ მომატებულ პენსიას ფასების ზრდა ყოველ კვირა ახლდა. ბაზარში გასვლა მეზარებოდა, სულ ჩხუბით ვკითხულობდი, რატომ გააძვირეთ ასე-მეთქი და გამყიდველები მპასუხობდნენ, ხომ მოგიმატეს პენსიაო? დახმარებითაც მხოლოდ მათ მომხრეებს ეხმარებოდნენ, ხალხი სოციალურად დაუცველთა სიებშიც მიკერძოებით შეჰყავდათ. არჩევნების წინ ამ ციფრს გაზრდიდნენ და მერე გაანახევრებდნენ, თითქოს უკვე დაძლიეს სიღარიბე. ამიტომ ნუ ექნებათ იმედი, რომ მათი ნამოქმედარი საქმეები დაგვავიწყდა. ახლა ოღონდ ვინმემ პენსია მოგვიმატოს, სულერთია ვინ ისარგებლებს ჩვენი ხელმოწერებით. პენსიონერებზე თუ ზრუნავენ, მაშინ რატომ არ შეგვისრულეს დანაპირები?!. ან რასაც გვიმატებდნენ, რა გზით ხდებოდა და ბიუჯეტს რითი ავსებდნენ, ეგეც ხომ კარგად გვახსოვს? მართალია, ძალიან გვიჭირს ამ პენსიით არსებობა, კვებასა და მკურნალობაზე არ გვყოფნის, მომატებულ კომუნალურ გადასახადებს ძლივს ვიხდით და მაინც გაყინულები, ბნელ ოთახში ვსხედვართ ტელევიზორის შუქზე, თვალებში ხომ ისედაც ვერ ვიხედებით, მაგრამ ახლა რომ ბიზნესს არ ატერორებენ და ამის ხარჯზე არ გვიმატებენ პენსიას, ესეც ხომ გვესმის? ნაციონალებს რა აქვთ სალაპარაკო?! თუმცა არც ამ ხელისუფლებით ვარ კმაყოფილი, რადგან ისევ ძველი კადრები მუშობენ უმეტესად და სააკაშვილის დროს გაწამებული ხალხი სამსახურებში არ აღადგინეს. ამას გარდა, ვეტერანი პენეიონერები საერთოდ არავის ახსოვს და მინდა ვთხოვო მათ, ცოტა მოიკლონ დანამატები მაინც და ფასებიც დაწიონ, თორემ ვერც ამ მომატებული პენსიით ვიარსებებთ. დახმარებები მხოლოდ სოციალურად დაუცველებს რომ ურიგდებათ და ყველა შეღავათი მათთვის არის გათვალსიწინებული, დანარჩენი პენსიონერები დალხენილები ჰგონიათ?! მე მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, იზრუნონ უფროს თაობაზე, გააუმჯობესონ უფასო სასადილოები და მასში დაპურების საშუალება ყველა პენსიონერს უნდა მიეცეს, ვისაც ეს სჭირდება, თორემ თვითონაც დაბერდებიან!..“
ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც მოვიძიე განსხვავებული პოზიციის მქონენი, ვისაც მხოლოდ ის ადარდებს, რომ ეს 50 ლარი ნამდვილად სჭირდება და სულ ერთია, ვინ მიიწერს ამას. თუმცა იმ უფასო სასადილოში გაკეთებულ საჭმელსაც არ კადრულობენ და პენსია, დახმარებასთან ერთადაც კი არ მიჰყვება თვიდან თვემდე. ზოგი ამ პენსიას უმუშევარ შვილს უნაწილებს და თვითონ ნახევრად მშიერია, ამიტომ არ ამბობს უარს, ნაციონალების ხელმოწერების მხარდაჭერაზე.
მაგრამ, როგორც მივხვდი, ნაციონალების „წყალობის“ მიმღებები ბევრად ცოტანი არიან, ვიდრე მათ ხელისუფლებაზე გაბრაზებულები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ წარსულის დავიწყებით და პატიებით უკეთეს მომავლას ვერ შევქმნით. აკი, ნაციონალებმა დღემდე მისი წინამორბედების გინება და ცუდი სამართალმემკვიდრეობის გამო თავის მართლება ვერ მოიშალეს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!