საგარეო უწყებამ დაგმო რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ახალი „შეთანხმება“

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებასთან „შეთანხმების“ გაფორმების ნებისმიერი მცდელობა — ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა, — აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთსა და აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებას შორის „შეთანხმებას“ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე.

ზემოხსენებული „შეთანხმება“ წარმოადგენს 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების" შემადგენელ ნაწილს, რაც ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო ვალდებულებების და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრული უგულებელყოფით, განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას და ამგვარად საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯის გამო“, — ნათქვამია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოსა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას. 

აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებასთან „შეთანხმების“ გაფორმების ნებისმიერი მცდელობა — ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა, —  აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებას და მიიღოს შესაბამისი ზომები რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული არასტაბილური მდგომარეობის შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით.

ზემოაღნიშნული „შეთანხმება“  ითვალისწინებს შეთანხმებული საგარეო პოლიტიკის წარმეობას, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნას და აგრეთვე საერთო სოციალურ–ეკონომიკურ სივრცეს. 


ყველა ახალი ამბავი
0