თბილისში შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული პირველი სკვერი მოეწყო

CC0 / Pixabay / საქართველოში შშ მქონე ბავშვებისათვის პირველი ადაპტირებული სათამაშო მეოედანი მოეწყო
საქართველოში შშ მქონე ბავშვებისათვის პირველი ადაპტირებული სათამაშო მეოედანი მოეწყო - Sputnik საქართველო
გამოწერა
3 დეკემბერი - მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik./ლალი ნოზაძე/ ფონდ „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით საქართველოში პირველად შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული გასართობი მოედანი. ადაპტირებული სკვერის მოწყობის იდეა, რომელიც კიკვიძის პარკში გაიხსნა, კოალიცია „მზის შვილებს" ეკუთვნის. პროექტმა „ფიტნესი ბარიერების გარეშე“ ღია ცის ქვეშ ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ გამოცხადებულ მეორე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და 25 000 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. 

 პროექტის ფარგლებში ადაპტირებულ სათამაშო მოედანზე განთავსდა ზღაპრული სახლი და სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო აღჭურვილობა, რომელიც ეტლით მოსარგებლე, მსხვილი მოტორიკის სირთულის, დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ფიზიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. მათ შესაძლებლობა ექნებათ თამაშით და გართობით ფიზიკური აქტივობა გაიუმჯობესონ. უმნიშვნელოვანესია, რომ ადაპტირებული გასართობი მოედანი ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების თანატოლებთან ინტეგრაციას. „სკვერის გახსნაზე ბავშვებისთვის ჩატარდა გასართობი ღონისძიებები: ასფალტზე ფერადი ცარცებით ხატვა, სახის მოხატვა, სხვადასხვა სახალისო აქტივობები. მათ ეს მნიშვნელოვანი დღე ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიულოცეს“- აღნიშნა  ფონდ სიცოცხლის ხის“ დირექტორმა ანა თათულაშვილმა.

 ფონდი „სიცოცხლის ხე“, რომელიც 2008 წლიდან  არსებობს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების  განათლებისა და გარემოს დაცვის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. ფონდი შესაძლებლობა აძლევს კომპანიებსა და მომხმარებლებს საქართველოს უკეთესი მომავალის შექმნისთვის ეფექტურად და გამჭვირვალედ იზრუნონ.  „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით განხორციელდა ისეთი პროექტები, როგორიცაა: ნეიროგანვითარების ცენტრში სხვადასხვა ტიპის დარღვევების მქონე ბავშვებისთვის სპეციალური სათამაშოებით, გასართობებითა და წიგნებით სენსორული ოთახის მოწყობა, ასოციაცია “ქალი, ბავშვი და სოციუმის“ პროექტი „სოციალური ტაქსი“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის და ბევრი სხვა საინტერესო პროექტი.

 მკითხველს შევახსენებთ, რომ 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს მსოფლიო 1992 წლიდან  აღნიშნავს. ამ დღეს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები საზოგადოებას სხვადასხვა ფორმით საკუთარი უფლებების, შესაძლებლობების რეალიზაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ახსენებენ. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0