ნადანა ფრიდრიხსონი, ანალიტიკური ცენტრი „კუბი“, ექსპერტი.
სპეციალურად "Sputnik საქართველოსთვის"
რუსეთ–თურქეთს შორის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე თბილისში 26 ნოემბერს ევროკავშირის პროექტ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მეექვსე მინისტერიალი გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდავეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დელეგაციები ბელორუსიიდან და უკრაინიდან და ასევე ევროჩინოვნიკები. ერთი შეხედვით, ბუნდოვანი დღის წესრიგის მიუხედავად, მინისტრთა შეხვედრამ საფუძვლები ჩაუყარა რეგიონში ახალ პროექტებს, რომელთა ერთი ნაწილი, აშკარაა, რომ რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
ევროპა—თურქეთი
რიგის სამიტის შემდეგ, რომელმაც ევროკავშირის საინტეგრაციო პროექტები დააპაუზა, ბრიუსელი კვლავ ააქტიურებს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროექტს, რაც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ევროკავშირის რწმენასთან, რომ სირიის კრიზისით გამოწვეულ საკვანძო პრობლემებს მალე გადაჭრის.
ჯერჯერობით, დეკლარაციების ფონზე, ასეც ხდება. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროპამ და თურქეთმა მიგრანტების თემაზე მოილაპარაკეს: თურქეთს ლტოლვილების პრობლემის მოსაგვარებლად 3 მლრდ ევრო გამოეყოფა, თუმცა ანკარას, რომელიც დათანხმდა ამ დახმარების მიღებას, არ დაუდია პირობა, რომ პრობლემა ასი პროცენტით გადაიჭრება.
და მაინც ბრიუსელი დარწმუნებულია, რომ მიღწეული შეთანხმებები ვითარების სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს. უფრო მეტიც, მოსკოვსა და ანკარას შორის ვითარების გამწვავების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ ევროკავშირი თურქეთის კიდევ უფრო აქტიურად გამოყენებას გეგმავს რეგიონში.
ევროკავშირი—თბილისი—ანკარა
თბილისში ჩატარებულმა შეხვედრებმა ახალი კონტურები გამოკვეთა ევროპისა და ექვსი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს ურთიერთობაში. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საქართველო, რომლის როლიც მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებში შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
ჩანს, რომ ბრიუსელში ანკარა–თბილისის რგოლი საკვანძოდ მიაჩნიათ საკუთარი ყოფნის გაძლიერებისა და ინტერესების გატარების კუთხით, მათ შორის, მოცემულ რეგიონში რუსეთის შეკავების პოლიტიკასთან დაკავშირებითაც.
ევროკავშირი, პაუზის შემდეგ, საქართველოსთან ტრადიციული სცენარით იწყებს თანდათანობით დაახლოებას: ჯერ ეკონომიკური დახმარება, მერე პოლიტიკური დაპირებები და ამის შედეგად — ქვეყნის რეგიონულ კონფიგურაციაში ჩათრევა.
სამიტიდან ორი დღის შემდეგ, 28 ნოემბერს, ევროკავშირმა გადაწყვიტა, გამოეყო საქართველოსთვის 100 მლნ ევრო სახელმწიფო მართვის სექტორებში, სოფლის მეურნეობასა და სოფლების განვითარების საქმეში რეფორმების გასატარებლად.
ამას გარდა, ევროკავშირი საქართველოს განიხილავს როგორც სატრანზიტო ზონას კასპიური ნახშირწყალბადების გადასაზიდად არა მხოლოდ ბაქო–თბილისი–ანკარის, არამედ ირანი–საქართველოს მიმართულებითაც. ამ რგოლს კი პირდაპირ გავყავართ უკრაინულ თემაზე, რამდენადაც მოცემული მარშრუტის შემდგომი გაგრძელება გაზსადენის უკრაინის სანაპირომდე გაყვანას მოიაზრებს.
თურქეთი–საქართველო–სამხრეთ კავკასია. და რუსეთი
რუსეთი შესაძლოა ფრიად შეაშფოთოს თურქეთისა და საქართველოს დაახლოებამ (ბრიუსელის ძალდატანებით) იმ ისტორიის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოდან თურქეთის გავლით ბოევიკების „დაიშში“ („ისლამური სახელმწიფოს“ არაბული სახელწოდება) გადაყვანას უკავშირდება. რამაც, სხვათა შორის, შესაძლოა უკუმიმართულებითაც იმუშავოს.
საოცარია, მაგრამ საქართველოს სპეცსამსახურებს ეს თემატიკა განსაკუთრებულად არასდროს აღელვებდა და როგორც ეტყობა, არც ახლა აღელვებს. ხელისუფლებამ რამდენიმე განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც პრესამ ძალზე აქტიურად დაიწყო ამაზე წერა. თუმცა საკითხი კვლავაც მხოლოდ განცხადების დონეზე განიხილება. ამის პარალელურად ზოგი ქართველი ექსპერტი ირწმუნება, რომ ქართული სპეცსამსახურები არათუ ეწინააღმდეგებიან ამ პროცესს, პირიქით, ზოგი მათგანი, ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის დროიდან მოყოლებული, კიდეც ირიბად ხელს უწყობს საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის რადიკალიზაციას.
თუ მოსკოვსა და ანკარას შორის კონფრონტაცია არ შეწყდა, არსებობს ყველა წინაპირობა იმისა, რომ საქართველო რუსეთის შემაკავებელ ერთ–ერთ მექანიზმად გამოიყენონ. რაღა თქმა უნდა, მოსკოვი არ შეიძლება არ ააღელვოს ამ ფაქტმა, თუმცა ამ ეტაპზე რუსეთს არ გააჩნია არანაირი რბილი ინსტრუმენტი ამ საფრთხესთან გასამკლავებლად.
ამას გარდა, ევროპაში მშვენივრად ხედავენ და აფასებენ საქართველოსა და უკრაინის კავშირს. ბრიუსელში პროექტის ავტორები ნამდვილად მსჯელობენ ამ მიმართულებით შეთანხმებულად მოქმედების სხვადასხვა მექანიზმებზე.
ყველაფრიდან ჩანს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შეხვედრაზე ზოგი ასპექტი განხილული იყო. თუმცა საზოგადოება ამის თაობაზე ინფორმირებული არ არის.
საფიქრებელია, რომ თბილისში მომავალი ცვლილებების კონტურებს ჩაეყარა საფუძველი, რომელთა ფარგლებშიც რგოლები უკრაინა–მოლდოვა, აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთი, ყარაბაღის საკითხი — ყველაფერი ეს რუსეთის შეკავების ერთიანი პოლიტიკის შემადგენელ ნაწილებად განიხილებოდა. უპირველესად, საუბარია ეკონომიკურ შეკავებაზე.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს, რომელიც სირიის საკითხითაა გატაცებული, უკვე გამორჩა წყნარი ოკეანის კავშირის დაარსება. დღეს რუსეთის პერიმეტრზე ყოფილი საბჭოთა ქვეყნები ახალ ეკონომიკურ კონფიგურაციას ქმნიან. მაგრამ რუსეთს არ გააჩნია ქმედითი ეკონომიკური მექანიზმები ამ გეგმების თავის სასარგებლოდ გადასაკეთებლად.
შეკავების პოლიტიკის მეორე ელემენტი სტრატეგიულია. რუსეთს დევნიან სამხრეთ კავკასიიდან და ანკარასთან ურთიერთობის გამწვავება ამას მხოლოდ ხელს უწყობს.
განვითარდება თუ არა სიტუაცია ამ სცენარის მიხედვით, რამდენიმე მარკერით შეგვიძლია დავადგინოთ. ესენია: საქართველოს პოლიტიკა უახლოეს მომავალში, ბრიუსელის რიტორიკა თბილისის მიმართ, ყარაბაღის კონფლიქტის დესტაბილიზაციის დონე, თურქეთის რკალის რეაქცია რუსეთ–თურქეთის კონფლიქტზე და ასევე სომხეთში დესტაბილიზაციის შესაძლო ელემენტები.
რედაქციის პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორისას