თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1 დეკემბერს შეძენილ იმუნოდეფიციტთან – აივ/შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება (World AIDS Day).
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო–პრაქტიკული ცენტრის განცხადებით, 2015 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში 5328 აივ–ინფიცირებულია რეგისტრირებული.
ცენტრის მონაცემებით, დაავადებულთა შორის 3929 მამაკაცია, ხოლო 1399 — ქალი. მათი ასაკი, ძირითადად 29–დან 40 წლამდეა.
ინფიცირებულთა ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია რეგისტრირებული — 1,8 ათას კაცზე მეტი. შემდეგ მოდის სამეგრელო — 729, იმერეთი — 702, აჭარა — 627 ადამიანი.
შიდსი 3150 განუვითარდა ადამიანს, მათგან 1063 გარდაიცვალა.
აივ–ინფექციით დაავადების ძირითადი მიზეზი ინექციის გზით ნარკოტიკების მოხმარება და სქესობრივი კონტაქტებია.
შიდსით დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა.