თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, განაცხადა დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა (David Lidington), ნათქვამია ორშაბათს, 30 ნოემბერს საგარეო უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული განცხადება დევიდ ლიდინგტონმა საქართველო-დიდი ბრიტანეთის ყოველწლიური დიალოგის „უორდროპის დიალოგის“ მეორე შეხვედრის სესიის გახსნისას გააკეთა.. შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა.
„დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია. გვჯერა, რომ საქართველოს აქვს სუვერენული უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი, განვითარების გზა. ვემხრობით მის მისწრაფებას გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“- განაცხადა დევიდ ლიდინგტონმა.
უორდროპის დიალოგის პლენარულ სესიამდე, გაიმართა მინისტრების ორმხრივი შეხვედრა. გიორგი კვირიკაშვილმა და დევიდ ლიდინგტონმა განიხილეს საქართველოს — დიდი ბრიტანეთის ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებს, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარეობას, ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელებას, აღინიშნა სქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი წლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების თვალსაზრისით.