თბილისში პოლიციის ატაშეთა კონფერენცია გაიმართა

© facebook.com/miaofgeoთბილისში პოლიციის ატაშეთა კონფერენცია გაიმართა
თბილისში პოლიციის ატაშეთა კონფერენცია გაიმართა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენციაზე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ორშაბათს, 30 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოში აკრედიტებული, პოლიციისა და უსაფრთხოების ატაშეთა ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, ამის შესახებ უწყების პრესსამსახური იტყობინება. 

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გახსნა. შს მინისტრმა ატაშეებს ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

„აღსანიშნავია,  რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60%-ზე მეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შედიოდა, რასაც სამინისტრომ წარმატებით გაართვა თავი და ექსპერტებისგან პოზიტიური შეფასებაც მიიღო“, — თქვა მღებრიშვილმა. 

კონფერენციაზე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ღონისძიების მონაწილეებმა იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს, რომელთა წინაშეც დგას დღეს საერთაშრისო საზოგადოება.

„მადლობას ვუხდი ქართველ სამართალდამცავებს მოწვევისათვის. უკვე რამოდენიმე თვეა საფრანგეთში იმყოფება საქართველოდან მოვლინებული  ატაშე, რომელთანაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“, — თქვა საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების ატაშემ საქართველოში ბრუნო ბალდიუკმა (Bruno Balduk).

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი ქვეყნების: აშშ-ს (გამოძიების ფედერალური ბიუროსა და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს, რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერი), ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბელგიის, თურქეთის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სომხეთისა და უკრაინის პოლიციისა და უსაფრთხოების ატაშეებმა. ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობდა ევროპის პოლიციის ოფისის (ევროპოლი) წარმომადგენელი.


ყველა ახალი ამბავი
0