საპატრულო პოლიციას BMW X6 გადაეცა

გამოწერა
BMW X6-ის მარკის ავტომანქანა რიგითი საპატრულო ეკიპაჟების განკარგულებაში გადავიდა და განკუთვნილია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, BMW X6-ის მარკის ავტომანქანა, რომელიც 2011 წლიდან უწყების დაქვემდებარებაში იყო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

BMW X6 —ის მარკის ავტომანქანა (გამოშვების თარიღი: 2008 წ.) სამინისტრომ 2011 წელს შეისყიდა, რომლის საბალანსო ღირებულება 99 ათასი ლარი (დაახლოებით 44 ათასი აშშ დოლარი) შეადგენდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრი მიიჩნევს, რომ მსგავსი ავტომანქანებით უწყების მაღალჩინოსნები არ უნდა სარგებლობდნენ. გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ავტომანქანა გადაეცა საპატრულო პოლიციას, რათა ის უშუალოდ მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დამყარებას მოემსახუროს“, — ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის მიერ ორშაბათს, 30 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ავტომანქანა გადავიდა რიგითი საპატრულო ეკიპაჟების განკარგულებაში და განკუთვნილია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

ამ ეტაპისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში მსგავსი კატეგორიის კიდევ რამდენიმე ავტომანქანაა, რომლებიც უახლოეს მომავალში ასევე საპატრულო პოლიციას გადაეცემა.


ყველა ახალი ამბავი
0