თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში თეატრმცოდნე მანანა გეგეჭკორის საიუბილეო საღამო გაიმართა. შარშან ზაფხულში ის მძიმე და ულმობელი სენით დაავადდა, მაგრამ ამ ტანჯვას არ იმჩნევდა, პირიქით სხვებს ანუგეშებდა და მხარში ედგა. მხიარულსა და საქმიანს, მას ხშირად შეხვდებოდით თითქმის ყველა თავყრილობასა და პრემიერებზე, სადაც გამოთქვამდა თავის პრინციპულ აზრს და კამათში აწონ-დაწონილი სიტყვით ერთვებოდა. ბოლო წლებში მანანა გეგეჭკორი მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში, თეატრალურ საზოგადოებაში, თანამშრომლობდა მერიის კულტურის განყოფილებასთან და როგორც მისი 60 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე ახლობლებმა განაცხადეს: ის სიცოცხლის ბოლო წუთამდე ამხნევებდა ქმარ-შვილს, მეგობრებს და ახლობლებს. ქალბატონი მანანა ისე ჩუმად მიდიოდა და ქრებოდა, რომ მისი გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი იყო. ქართულ თეატრს დარჩა მისი წიგნები, წერილები, რომლებშიც მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეულ მისებრ აზროვნებას ქართველი თეატრმცოდნეების ნაშრომებში იშვიათად შეხვდებით.
რეჟისორი გიზო ჟორდანია: მისი ადამიანური თვისებები შეესატყვისებოდა მის პროფესიონალიზმს. მანანაში ყოველთვის ვხედავდი კდემამოსილებას, კრიტიკული აზრის ტაქტით გამოხატვას. მისი აქტიორული ბუნება მჟღავნდებოდა იმ ოპუსებში, რაც მან თეატრის სცენაზე შექმნა. ამ მხრივ, მე მქონდა მანანასთან ურთიერთობა და უნდა გითხრათ, რომ ის ძვრებოდა მსახიობის ქურქში, პერსონაჟიც ძალიან კარგად იცოდა და სწორედ ამიტომ იყო მისი სიტყვა ზუსტი. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ სპექტაკლზე „ქალი ყვავილით“. ერთხელ მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან დამირეკეს და შემომთავაზეს: იქნებ ჩვენთან დადგათ სპექტაკლიო და ისეთი დაკავებული ვიყავი, რომ შეხვედრა ვერ მოვახერხე. ბოლოს დიმიტრი ხვთისიაშვილმა მითხრა: იქნებ „მაუგლი“ დადგათ და მანანასთან ერთად იმუშავებთო. იმ წუთშივე დავთანხმდი. მანანას ველაპარაკე, გეგმა დავსახეთ, მე ჩემი თხოვნა გადავეცი და მან შესანიშნავი ინსცენირება გააკეთა. იმხანად ოპერის თეატრში საქმე გამომიჩნდა, მერე სპექტაკლებზე ვმუშაობდი და ჩვენი თანამშრომლობა ამჯერად ვერ შედგა. თეატრალურ საზოგადობაში ერთად ვმოღვაწეობდით: ის ჩემ თვალწინ იცვლებოდა, სხდომიდან ხსდომამდე ნელ-ნელა ილეოდა, მაგრამ მისი თვალები ყოველთვის აკვესებდა და გამოსცემდა იმ ენერგიას, რაც ადამიანზე კარგად მოქმედებდა. სიკვდილს თვალებში უყურებდა და სიკეთეს აფრქვევდა.
ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქტორი, მწერალი გურამ ბათიაშვილი: მანანა მაღალი დონის პროფესიონალი იყო და ჩვენს ჟურნალში მის სტატიებს ხშირად ვბეჭდავდით. ის წერდა ძალიან სადად, უბრალოდ და რას ნიშნავს ეს?— ესე იგი, ტექსტი სახიერია, ანუ როცა კითხულობ და ხედავ. მანანას ჰქონდა ეს თვისება. მისი ფრაზა იყო ძალიან სადად აგებული, სახიერი და ლექსიკონის მოშველიება არ გჭირდებოდა. ჩვენ ვიცით ავტორები, რომლთა წერილის წასაკითხად ლექსიკონი უნდა დაიდო გვერდით. მანანა იყო ღირსეული ქალბატონი და თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის სხდომებზე ეს აშკარად ჩანდა. ის კონფლიქტებში არ ერეოდა, ხშირად ჩუმად იჯდა, მაგრამ მისი დუმილი ძალიან მეტყველი გახლდათ. ერთხელ მე დავუპირისპირდი პრეზიდიუმის ერთ-ერთ წევრს, ვინაიდან კატეგორიულად არ მივიღე მისი წინადადება. ამასთან, არც ვიცოდი მარტო აღმოვჩნდებოდი ამ კამათში თუ მხარს დამიჭერდნენ. ამ დროს მანანას მზერაში თანადგომას ვგრძნობდი, რაც ბრძოლის სტიმულს მიძლიერებდა. ბოლოს სხვებმაც დამიჭირეს მხარი, მაგრამ რის თქმა მინოდოდა ამ ეპიზოდით: მანანა ძალიან გონიერი ქალბატონი იყო, სიტყვას იოლად არ ხარჯავდა, არ ცდილობდა თავისი აზრის, როგორც ერთადერთისა და განუმეორებელის წინ წამოწევას და ამაში მდგომარეობდა მისი ინტელიგენტობა.
რეჟისორი გოჩა კაპანაძე: ჩემ სტუდენტებთან ინსცენირებას რომ ვაკეთებდი, მანანას მივმართავდი, ვინაიდან ის ჩემთვის ავტორიტეტი იყო და მასთან მუშაობა კი — დიდი პატივი. მერე, როცა დავიწყე რეჟისორობა პროფესიულ თეატრებში, რუსთავში იქნებოდა ეს თუ რუსთაველის, სოხუმის, აზერბაიჯანის და ბაქოს თეატრებში, ჩვენ გავაგრძელეთ თანამშრომლობა. ჩვენ ვიმუშავეთ რუსთაველის თეატრის გახმაურებულ სპექტაკლზე „მოხუცი ჯამბაზები“, რომლის ტექსტი მანანა გეგეჭკორის დამსახურებაა. ის იყო განუმეორებელი, შესანიშნავი ადამიანი, რომელსაც შეეძლო ქართული ფრაზისთვის ისეთი ქმედითი ფორმა მიეცა, რომ მთლიანად ცვლიდი ეპიზოდს თუ მიზანსცენას. ძალიან დიდი სპეციალისტი იყო, საყვარელი მეგობარი და დახვეწილი გემოვნების ადამიანი, რომელსაც ენდობოდი. რაც უფრო ახლობელი ხდებოდა, მით უფრო დაუნდობელი იყო, თუმც ძალიან დიდი ტაქტით და გემოვნებით გეტყოდა თავის სათქმელს და თუ არ იყო მოსაფერებელი, არ მოგეფერებოდა. მახსოვს მისი რეცენზია ჩემს „მარიამ სტიუარტზე“, რომელიც სითბოთი და მაღალი პროფესიონალიზმით იყო დაწერილი. მე იმ 25 წლიანი თანამშრმლობისათვის მას მადლობას ვუხდი და ვფიქრობ, რომ მისი წასვლა ქართული თეატრისთვის დიდი დანაკლისია. ის გოგი გეგეჭკორისა და ნათელა ურუშაძის შვილია და იმდენად საინტერესო ცხოვრება განვლო, რომ მათ ჩრდილში ვერ მოექცა — ასეთი იყო მანანა გეგეჭკორი.
ექიმი შალვა პეტრიაშვილი: მანანა გეგეჭკორთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. ეს ურთიერთობა დაიწყო 1979 წელს, მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმში, სადაც სტუმრად დავდიოდი ქალბატონ მაია კვანტალიანთან და მარინე ენუქიძესთან. მანანა გეგეჭკორი იქ დამწყები თანმშრომელი იყო. ჩვენ თეატრის სიყვარულმა დაგვაკავშირა. წლები მიდიოდა, ჩვენი ურთიერთობა ღრმავდებოდა და ბოლოს ურთიერთობა განამტკიცა ბატონმა კოტე მირიანაშვილმა — მანანას მეუღლემ, რომელიც ჩემი პაციენტი აღმოჩნდა. მათთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო, მე უკვე აღარ ვამბობ მანანას მაღალ პროფესიონალურ დონეზე. მანანა იყო დიდი ადამიანი: უაღრესად დახვეწილი, მხიარული, კეთილგანწყობილი. მასთან ურთიერთობა ზეიმს ჰგავდა. ის ადრე წავიდა და თან იმ დროს, როცა თავის პროფესიაში ბევრის გაკეთება შეეძლო. ის იყო ადამიანი, ვისგანაც უნდა გადაიღონ მანერები, ურთიერთობის უნარი, ქცევის კულტურა. ძალიან საწყენია, რომ ასე ადრე წავიდა.
თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა: ჩვენ დავკარგეთ უაღრესად პრინციპული ადამიანი, რომელიც ყველა შემთხვევაში მართალი იყო. როცა იტყოდა: მომწონს! დაასაბუთებდა და როცა რამე არ მოსწონდა, ამას იტყოდა ისე რბილად, საქმისადმი ისეთი სწორი მიდგომით, რომ როგორი მძაფრი კრიტიკაც არ უნდა ყოფილიყო, ამას იღებდი, როგორც საქმიან შენიშვნას.
ის იყო არაჩვეულებრივი პიროვნება და აღმოჩნდა, რომ ყველაფერში ნიჭიერი გახლდათ: როგორც თეატრმცოდნე, როგორც დიასახლისი, როგორც არაჩვეულებრივი დედა და მეგობარი. როდესაც გიჭირდა, ისე დაგიდგებოდა მხარში, როგორც კარგი ვაჟკაცი. ამ ადამიანმა, პირადად მე, მიჩვენა იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა მიიღო სიკვდილი ისე, რომ თვალი არ დაახამხამო. მას სიკვდილის არ შეშინებია, არ შემკრთალა. მძიმე ავადმყოფმა სამი წარმოდგენის ინსცენირება გააკეთა, გოჩა კაპანაძესთან ორ სპექტაკლზე იმუშავა და ეს ხდებოდა ერთი წლის მანძილზე, როცა ის ქრებოდა და მას არ უნდოდა, რომ ჩამქრალიყო.
მანანა გეგეჭკორის მეუღლე, რეჟისორი კოტე მირიანაშვილი: ჩვენი ურთიერთობა იუმორით დაიწყო. ტელე-თეატრში რეჟისორის ასისტენტად ვმუშაობდი, თემურ ჩხეიძესთან. ბატონმა თემურმა დადგა არაჩვეულებრივი სპექტაკლი — „ჯაყოს ხიზნები“ და ვინაიდან მანანამ დაწერა საინტერესო ანალიზი, ის ტელე-თეატრში სამუშაოდ მიიწვიეს. მე საშვი ჩავუტანე მას და მერე ერთად წამოვედით. მახსოვს, კიბეზე ამოვდიოდით, ერთმანეთს ხუმრობით ვესაუბრებოდით და სწორედ იქიდან დაიწყო ფლირტი. მერე ია საკანდელიძე ჩართავდა რაღაცა რიტმულ მელოდიას და სამსახურში სულ ვცეკვადით. რეჟისორმა ნანა კვასხვაძემ ერთხელ თქვა: „ეს ამბავი კარგად დამთავრდება!“ და ასეც დამთავრდა. საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა და ეს მისი კრიტიკული აზროვნების შედეგია. მასთან ყოფნა ადვილი იყო. ცოლ-ქმარს შორის კინკლაობა ყოველთვის არის და ეს, სხვათაშორის, სიყვარულის ნიშანია. ამ გადასახედიდან მასთან ურთიერთობა ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო.
მას იცნობდნენ და აღიარებდნენ, როგორც მანანა გეგეჭკორს და არა, როგორც სახელგანთქმული მსახიობის, გოგი გეგეჭკორისა და დიდი მეცნიერის, თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძის ქალიშვილს.