ენერგოეფექტურ პროექტები მოსახლეობისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა

© რ.გამისონიასოფლად თემთა განვითარების სააგენტოს პროექტები
სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს პროექტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ჩვენი ორგანიზაცია რეგიონებში მაცხოვრებლებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად მზის წყლის გამაცხელებლის გამოყენებას სთავაზობს. 2 კვ.მ. კოლექტორის დამონტაჟება, რომელიც 150 ლიტრ წყალს ზაფხულში 90 გრადუსამდე, ხოლო ზამთარში 30 გრადუსამდე აცხელებს, ათასი ლარი დაუჯდებათ. ვისაც ერთიანად გადახდა არ შეუძლია, ლიზინგის სისტემასაც ვთავაზობთ“.

 ლალი ნოზაძე 

 არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“ თემზე დაფუძნებული ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 1997 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანი სასოფლო თემების მდგრადი განვითარებისა და ჩამოყალიბების ხელშეწყობაა, რაც ადგილზე არსებული ადამიანური რესურსებისა და პოტენციალის გამოყენებით თემის თითოეული წევრის, ოჯახის შესაძლებლობების გაფართოებას და თვითგანვითარებაში მათ აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს. სააგენტო თავისი საქმიანობით მხარს უჭერს სოფლად მცხოვრებ ღარიბ მოსახლეობას, დევნილებს, მიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ადგილობრივ მმართველობას, კერძო სექტორს და სხვა არასამთავრობო თუ თემზე დაფუძნებულ ორგანიზაციებს, მათი უფლებებისა და ღირებულებების დაცვას. რიგ რეგიონებსა და სოფლებში განხორციელებულ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ მზის ტექნოლოგიების აშენების ტრენერ ნინო გამისონიას გავესაუბრეთ.

 -ქალბატონო ნინო, მოგვიყევით, რას ითვალისწინებს თქვენი პროექტები, რომლებიც ძირითადად, სოფლის მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი?

— ეს პროექტები განახლებადი ენერგიის სფეროს მოიცავს. ამ მიმართულებით მუშაობა ჩვენმა ორგანიზაციამ 2008 წელს, ჩვენს გერმანულ პარტნიორ ორგანიზაციასთან „ევროპის ქალები საერთო მომავლისათვის“ ერთად დაიწყო. პროექტები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მზის ენერგიის გამოყენებას ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, სოფელში ოჯახის საშუალო შემოსავალი წელიწადში 4-5 ათასი ლარია, რომლის 30% ენერგო საჭიროებებისთვის იხარჯება. სახლის გასათბობად და წყლის გასაცხელებლად წელიწადში საქართველოში 7 ათასამდე ჰა ტყე იჩეხება, რაც გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს. ვინაიდან შეშის ღუმელის მოხმარება სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევს და ეს ძირითადად ქალებისა და ბავშვების პრობლემაა. ჩვენი ორგანიზაცია რეგიონებში მაცხოვრებლებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად მზის წყლის გამაცხელებლის გამოყენებას სთავაზობს. 2 კვ.მ. კოლექტორის დამონტაჟება, რომელიც 150 ლიტრ წყალს ზაფხულში 90 გრადუსამდე, ხოლო ზამთარში 30 გრადუსამდე აცხელებს, ათასი ლარი დაუჯდებათ. ვისაც ერთიანად გადახდა არ შეუძლია, ლიზინგის სისტემასაც ვთავაზობთ.

 —ოჯახის მხრიდან ამ თანხის გარდა დამატებით თუ არის რამე საჭირო?

 —არა, ეს შეიძლება მხოლოდ დამონტაჟების პროცესში შრომითი თანამონაწილეობა იყოს. ჩვენი ტექნოლოგები, რომლებმაც მრავალი ტრენინგი გაიარეს, ყველაფერს მაღალპროფესიულ დონეზე და რაც მთავარია, ჩვენს ბაზარზე არსებული მასალის გამოყენებით ამონტაჟებენ.

 -ქალბატონო ნინო, რამდენად შეუმსუბუქა მზის წყლის გამაცხელებელმა მდგომარეობა სოფლის მოსახლეობას?

— მინდა გითხრათ, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენებით განსაკუთრებით ქალბატონები ინტერესდებიან, ვინაიდან გარდა იმისა, რომ მათ ხარჯები შეუმცირდათ, დროც გამოუნთავისუფლდათ ოჯახისა და ბავშვების მისახედად. გარდა ამისა, ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ მზის საშრობს, რომელიც წარმოადგენს ყუთს, სადაც ხილისა და ბოსტნეულის გასაშრობად გამოყენებულია მზის სითბო. მათი აგება მარტივია. ხილი თავსდება მავთულიან ბადეზე საშრობში, რომელიც იდგმება მზეზე, ჩვეულებრივი, მეტალის ფირფიტა იფარება შუშით, რომელიც წარმოშობს თბილი ჰაერის ნაკადს, რის მეშვეობით ხილისა და ბოსტნეულის შრობა ხდება. ასეთ საშრობებში გამშრალი ხილი და ბოსტნეული ფერს, გემოს, არომატს ინარჩუნებს და კარგად ინახება.

მზის ენერგია გამოიყენება ასევე მზის წყლის დისტილატორში, რომელიც იმეორებს იგივე გზას, რასაც ბუნება წვიმის წარმოქმნისას. მზის სახდელით შესაძლებელია ოჯახისთვის საკმარისი სასმელი წყლით უზრუნველყოფა.

 —კიდევ რა მიმართულებით ეხმარებით სოფლის მოსახლეობას?

— ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოფლად მოსახლეობის დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა, მათთვის შემოსავლის წყაროების მოძიების კუთხით დახმარება. ამ მიმართულებით წინამძღვრიანთკარში მცხოვრებ ლტოლვილ ქალებს კოოპერატივის ჩამოყალიბებაში დავეხმარეთ. ისინი იქვე მდებარე ბურიანის ტყეში ასკილს აგროვებენ და მათ, ჩვენს მიერ მოძიებული ბაზრის წყალობით, შემოსავლის წყარო აქვთ. ასკილს, როგორც ნედლს, ასევე ჩვენს მიერ შეთავაზებულ მზის საშრობებში გამხმარსაც, აბარებენ. - ქალბატონო ნინო, თქვენ ევროპის ბევრ სოფელში ყოფილხართ, სადაც განახლებადი ენერგიები და სხვა ტექნოლოგიები აქტიურად გამოიყენება. რამდენად დიდია განსხვავება ჩვენსა და იქაურ სოფლებს შორის?

— დიახ, მე ნამყოფი ვარ გერმანიაში, შვედეთში, პოლონეთში და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ განსაკუთრებით ჩამორჩენილები ვართ გარემოსდაცვითი კუთხით. ზოგადად, ცნობიერებისა და რესურსების მართვის პრობლემები გვაქვს. არ გვაქვს კანონი განახლებად ენერგიებთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან კოალიციაში ვმუშაობთ და იმედი მაქვს, სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროში შესაბამისი შეღავათებით ეს ტექნოლოგიები ჩვენთანაც განვითარდება.

-დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებას.

 


ყველა ახალი ამბავი
0