დაჯექი ნოდია, ორიანი ისტორიაში!

გამოწერა

 მერაბ ხაჩიძე   

 სასაცილო და გასართობი არაფერია იმაში, რომ მსოფლიო დენთის სუნით გაიჟღინთა, თორემ ჩვენ რომ პოლიტიკური „ექსპერტიზა გვჭირს“, კარგ დროში უკეთეს გასართობს ვერ ინატრებ. 

 ამ ორიოდე დღის წინ ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვანო მაჭავარიანი  ტელეეკრანიდან ერთი საათი გვიმტკიცებდნენ, რომ დღევანდელი თურქეთი ცივილიზებული ევროპის აზროვნებით აზროვნებს, ჩვენი მეგობარია და მე–19-ე საუკუნე ნუ გგონიათო. ამის გამგონემ, სახალხოდ ორივეს მარტო ის შეიძლება უთხრა, რომ პოლიტიკაში არ არსებობენ მეგობრები, არიან მხოლოდ საკუთარი ინტერესების დამცველი სახელმწიფოები, თორემ რაც მათი მოსმენის მერე მეც და სხვებმაც გულში გავიფიქრეთ, ცოტათი კორექტული ადამიანი იმის ხმამაღლა თქმას შინაურებშიც მოერიდება. ერთი სული კი მქონდა, დარბაზში მსხდომთაგან ვინმეს ეკითხა: რა განსხვავება იყო ამ ორ ბატონსა და ნიკიტა ხრუშჩოვს შორის, რომელმაც 1961 წელს ოფიციალურად განაცხადა: საბჭოთა კავშირს თურქეთთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნიაო.

 ეს „შოუ“ მონელებული არ გვქონდა, როცა „პროფესორმა“ გია ნოდიამ რადიო „აფხაზეთის“ ეთერში „უსერიოზულესი“ ექსპერტის პოზიციიდან  მოგვახსენა: „ისტორიულად, რუსეთი ყოველთვის ჩერდებოდა, როცა ძალას ხედავდა და ახლა სწორედ ის შემთხვევააო. ხოლო ურთიერთობის გარკვეული გაფუჭება რუსეთსა და თურქეთს შორის, ისევე როგორც რუსეთსა და ნატოს შორის, რატომაა ჩვენთვის წამგებიანი და სანერვიულო, ამის არგუმენტი ჯერ არ გამიგიაო.“ 

— ისტორიულადო?!- ასე ბრძანა და ამ ადამიანს, როგორც სჩანს, ბევრი რამის გაგება მართლა უჭირს. იმ უმძიმესი დაძაბულობის ფონზე, რაც დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკას ახლავს, რა არის ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი თუ წამგებიანი, ამას ვერც ავუხსნი და არც ვაპირებ. საინტერესო ის არის, სად და როდის ნახა გაჩერებული კი არა, სულ ოდნავ მაინც შეყოვნებული რუსეთი?! როგორ გინდა იყო კორექტული იმ დროს, როცა ასეთი სისულელის ავტორს პროფესორის სტატუსი და ექსპერტის იმიჯი აქვს. მით უფრო მაშინ, როცა რუსული სააგენტოების ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის პირველი იანვრიდან რუსეთი თურქეთთან მიმოსვლის უვიზო რეჟიმს ცალმხრივად აუქმებს. თურქეთის პრეზიდენტი კი იმედს არ კარგავს, 30 ნოემბერს პარიზში დაგეგმილ საგანგებო კონფერენციაზე შეხვდეს და კონსტრუქციული დიალოგი გამართოს ვლადიმერ პუტინთან. ეს უკანასკნელი კი თურქეთთან ყოველგვარი მოლაპარაკების წინააღმდეგია. სწორედ „ისტორიულადაა“  პირიქით და ახლაც „ზადნი ხოდის“ მიმცემი რომ არ არის, ის რუსეთია მსოფლიოს ალალად შეშფოთების მიზეზი. პარიზის კონფერენციაც ამის გამო იკრიბება. ერდოღანიც ამის გამო იხვეწება შეხვედრას. 

 ვინ იცის, ჩემს ნაწერს ნოდია წაიკითხავს თუ არა, ისე, ჩემს ნაწერზე რა მოგახსენოთ და, ეტყობა სკოლა ისე დაამთავრა, ისტორიის სახელმძღვანელოში ცალი თვალითაც არ ჩაუხედავს, თორემ ნახავდა როგორ და რომელმა ძალამ „გააჩერა“ რუსეთი 1921 წელს, როცა გერმანულ-ფრანგულ-ინგლისური საქართველოს „მფარველი“ ჯარები ფეხაკრეფით გაიძურწნენ ჩვენი ქვეყნიდან.  2008 წლის ომზე აღარაფერს ვამბობ. რუსეთი სწორედ იმით გამოირჩევა დანარჩენი მსოფლიოსაგან, რომ მისი „გაჩერება“ და სირიაში შესვლა ისევე ვერ შეაფერხა დღევანდელმა  საერთაშორისო პოლიტიკამ, როგორც თავის დროზე —  ალპებმა, ჰიტლერმა და ნაპოლეონმა. 

მართლა სად ისწავლე ისტორია, ბატონო „პროფესორო?! ანდა, იმ რუსულ სკოლაში, შენ რომ დადიოდი,  მეტი ვერ გასწავლეს? 

 გაკოტრებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ მშვენივრად იცის, რომ რუსეთ–საქართველოს შორის დღეს ბოლომდე გამწვავებული ურთიერთობა და არსებული პოლიტიკური უფსკრული უპირველესად მათი „ნიჭიერი“ აზროვნებისა და საქციელის შედეგია. ამიტომ მათი „ექსპერტების“ ხელში რუსეთის მიმართ აგრესიის გარდა, სხვა საღი და პროფესიული ანალიზის მოსმენას მკითხავთან წასვლა სჯობია. ერთი გზაც არის, მაგრამ ათონელ ბერებს დღეს ისევე აღარავინ უსმენს, როგორც ძველ, დაყრუებულ რადიოს. 

 გია ნოდიას მოსმენის შემდეგ კი ერთადერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება: საქართველოს ისტორიაში უთუოდ შევა აქამდე ყველასაგან დავიწყებული და სრულიად უდანაშაულო, მისი ისტორიის მასწავლებელი…

 

 

 

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0