გია ყანჩელი:"ვცდილობ, უმეცრებას „დუმილი“ დავუპირისპირო".

© http://www.ipress.geკომპოზიტორი გია ყანჩელი
კომპოზიტორი გია ყანჩელი - Sputnik საქართველო
გამოწერა

  რუსუდან შაიშმელაშვილი

 მას უყვარს სიჩუმე არამარტო კინომუსიკაში, არამედ სიმფონიურ ნაწარმოებებშიც. მისმა მუსიკამ 60 კინოფილმი და 60-ზე მეტი თეატრალური სპექტაკლი განსაკუთრებულად ააჟღერა და ბევრი მათგანი შედევრად აქცია. თავად კომპოზიტორი თვლის, რომ მუსიკა, რომელიც შეიძლება თავად შექმნას, მაინც სხვისია. „ეს ყველაფერი დაწერილი იყო არა ჩემთვის, არამედ იმ მსმენელისთვის, ვისაც ჩემი მუსიკა ესმის“. გენიალური ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი  80 წლის გახდა. ბოლო თვეების განმვალობაში არაერთმა საიუბილეო ღონისძიებამ ჩაიარა, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული კონცერტი იყო, სადაც მისი მეგობრები, კოლეგები და უბრალოდ გია ყანჩელის მუსიკის მსმენელები დაესწრნენ.

კომპოზიტორის საღამოს სცენარისტი და პროექტის ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე:

— ეს საპასუხისმგებლოც იყო და სანერვიულოც, რადგანაც ბატონი გია საქმის კურსში არ იყო. ჩვენს მიერ გაკეთებული მსგავსი კონცერტების დროს, თითქმის ყველა რეპეტიციას ესწრება ხოლმე და ამ პასუხისმგებლობასაც ინაწილებს და ეს ის შემთხვევა იყო, როცა არ იცოდა რას ვაპირებდით. ჩვენ გვინდოდა ეს საღამო მისთვის მოულოდნელი და სიუპრიზებით აღსავსე ყოფილიყო, რადგანაც გვინდოდა მის მიმართ ჩვენი სიყვარული ასე გამოგვეხატა. მე ბედნიერი ვარ, რომ ეს საღამო შედგა. ის რომ გამორჩეული ხელოვანია, ამის მომსწრე თავადაც ვყოფილვარ, როცა მის კონცერტებს უცხოეთში ვესწრები და იქ უფრო კარგად ჩანს, როგორ უყვართ მისი სიმფონიური მუსიკა. ეს არის მართლაც მსოფლიო მუსიკა, რომლის შესახებაც დისერტაციები იწერება, რომელიც ისწავლება.ხშირად შემოქმედის ნაწარმოებები მისსავე ხასიათს ძალიან ჰგავს და გია ყანჩელის შემთხვევაში, ეს აბსოლუტური ავტოპორტრეტია. ყოველი მისი ნაწარმოები, მისი ხასიათი, მისი დამოკიდებულება. ეს არის იდეა, ფორმა და ამ ფორმის დრამატულად ქცევა.მისი სიმფონიური ქმნილებები ეს არის ცალკე თეატრი, რომელშიც სხვადასხვა ამბებია მონათხრობი. მე ვფიქრობ, ის დიდი მოაზროვნე ადამიანია.

კომპოზიტორი მაცაცო სებისკვერაძე:

— პირველ რიგში მის იუბილეს ვულოცავ ჩემს თავს. გია ქართულ  მუსიკაში თავისი მუსიკით და ნოვატორული აზრებით მოვიდა. ძალიან ბევრი ნიჭიერი კომპოზიტორი გვყავს ჩვენ, მაგრამ ბატონი გიას ხელწერა აბსოლიტურად გამორჩეულია და სწორედ ეს ხელწერაა მისი ნიჭის მაჩვენებელი. მის მუსიკას მსოფლიოს ყველა ქვეყნის მუსიკისაგან გამოარჩევ.

 მომღერალი ლიზა ბაგრატიონი:

— ქალბატონო ლიზა, თქვენ ერთ-ერთი იმათგანი ხართ, ვისაც წილად ხვდა ბედნიერება აეჟღერებინა გია ყანჩელის მუსიკა…

— ამ იუბილეს ყველას ვულოცავ-მთელი მსოფლიოს ხალხებს, ვისაც უყვარს მუსიკა, ვინც  გია ყანჩელის ფასი იცის. როგორც თვითონ ამბობს, ნახევარი ცხოვრება გავლიე და ნახევარი კიდევ გასავლელი მაქვსო, —ნეტა მართლა ასე იყოს. წეროს მუსიკა და ყოველდღიურობისაგან, უაზრო პოლიტიკისა და მძიმე დუხჭირი ცხოვრებისაგან დაღლილ ქართველ მსმენელს აჩუქოს ასეთი დღესასწაული- მისი მუსიკა!  

ახლა კი ექსკლუზიურად ჩვენი მკითხველისთვისგთავაზობთ ინტერვიუს  გია ყანჩელთან.

 —ბატონო გია, პირველ რიგში გილოცავთ ამ დიდ იუბილეს, როგორ ფიქრობთ, 80 წელი —რა ასაკია ეს, რისთვისაა ბევრი ან ნაკლები?

— მე მგონია ბევრია… ვინაიდან ყველა ჩემი უახლოესი მეგობარი, კოლეგა უკვე აღარ მყავს. მე ჯერჯერობით ვცოცხლობ. ისინი არ უნდა წასულიყვნენ ჩემზე ადრე. ეს ჩემთვის საკმაოდ მძიმე გადასატანია. დღეს მე უკვე ვცოცხლობ ყოველდღიური მადლიერებით, იმიტომ, რომ ამას წინათ გარდავიცვალე და სამი კვირა კომაში ვიყავი.  იცით, რა არის კომა? წასული ვიყავი იმ ქვეყნად და ძალით მომაბრუნეს, ამიტომ ყოველი დღე ჩემთვის უკვე საჩუქარია. „სტიქსში“ ხომ მღერის გუნდი „უფალო შემიწყალენს“. აი, ამას ვამბობ სულ დღე-ღამის მანძილზე.

 —როგორია გია ყანჩელის მუსიკა?

— გია ყანჩელის მუსიკაში ქართული სული ხმიანობს, ტკივილიანი, მოზეიმე, მარტივი და მრავალწახნაგოვანი, ჩუმი და ფიქრიანი. არასოდეს გამჩენია სურვილი მუსიკის საშუალებით გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება იმ უმეცრების მიმართ, რომელიც თან  ეპოქის მონაცვლეობას ახლავს. კარგად მესმის, რომ ხელოვნება სამყაროს უკეთესობისაკენ ვერ შეცვლის, ამიტომ ვცდილობ, უმეცრებას არა აზვირთებული მდინარე დავუპირსპირო, არამედ „დუმილი“, რომელიც ვიზუალურად უძრავი წყლის ზედაპირს ჰგავს. ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი შემოქმედება მომავალში დავიწყებას არ მიეცემა და აღიქმება როგორც მცდელობა სიბნელიდაგან თავის დაღწევისა და  სინათლისაკენ სწრაფვისა.

 —აი, ამ გადასახედიდან როგორ შეაფასებდით, როგორი იყო ყველასათვის საყვარელი ქართველი კომპოზიტორის  ცხოვრება?

— საკმაოდ რთული… იმიტომ, რომ ყოველდღიურ შრომაში გავატარე მთელი ჩემი ცხოვრება და ეს შრომა იწყებოდა დღისით და გვიან ღამე მთავრდებოდა. თუ წამოიდგენთ, რომ ეს ხდებოდა ყოველდღე ალბათ მიხვდებით, ეს როგორი მძიმეა და გარდა ამისა, სულ ვცდილობდი ჩემს მუსიკაში ჩამედო ის, რაც დაკავშირებულია სილამაზესთან და სიმშვიდესთან. ეს ადვილად არ ხდება, ამიტომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია აუტანელ შრომასთან. ძალიან მინდა, რომ  მსმენელმა ჩემი სირთულე არ იგრძნოს და იფიქროს, რომ ეს ყველაფერი ადვილად მოდის…

 — დიდი მადლობა და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ.


ყველა ახალი ამბავი
0