მერაბ ხაჩიძე
დარწმუნებული ვარ, (ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე ვფიქრობდი), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საქმეგამოლეულები არ სხედან. ეს სტრუქტურა გაეროს სპეციალური დაწესებულება და მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაციაა,რომელიც 194 სახელმწიფოა გაერთიანებული- მათ შორის საქართველო. იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ დაავადებასთან ბრძოლით. ორგანიზაცია დაკავებულია სოციალური პრობლემების საერთაშორისო მასშტაბით მოგვარებითაც (ცალკეული სახელმწიფოებისათვის სოციალური დახმარების აღმოჩენა, სამედიცინო კვლევების ხელშეწყობა და სხვ).
მსოფლიო ხალხების ჯანმრთელობის მაღალი დონის მიღწევა მისი ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. აღნიშნულის განხორციელებას ემსახურება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული და 1998 წელს მიღებული სტრატეგიული დოკუმენტი „ჯანმრთელობა ყველასათვის 21-ე საუკუნეში“, რომელიც 1998 წელს მიიღეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა მისი ასამბლეა, რომლის 30 სახელმწიფოსაგან შემდგარი აღმასრულებელი კომიტეტი წელიწადში სულ ცოტა ორჯერ მაინც იკრიბება. სულ ცოტა ხნის ეს სერიოზული ადამიანები შეიკრიბნენ და…
„სიყვარული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაზაციამ ფსიქიკურ დაავადებათა სიაში ოფიციალურად შეიყვანა და საკუთარი ნომერიც მიანიჭა — F63.9. თავისი მახასიათებლებით სიყვარული ისეთ დაავადებათა რიცხვში შედის, როგორებიცაა, ალკოჰოლიზმი, ტოქსიკომანია, კლეპტომანია და ა. შ.
მედიკოსების თქმით, დაავადება “სიყვარულის” სიმპტომებია: აკვიატებული ფიქრები, ხასიათის ხშირი ცვალებადობა, საკუთარი თავის შეცოდება, უძილობა, იმპულსური ქცევა, არტერიული ჰიპერტენზია, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქცია, არითმია, და აკვიატებული იდეის სინდრომი…“
ამ ჩამონათვალიდან მე პირადად ალერგიასა და აკვიატებულ იდეას არ დავეთანხმებოდი, თორემ სხვა დანარჩენი ოდესღაც საკუთარ თავზე ყველა (კინაღამ წამომცდა ნორმალურიო) ადამიანს აქვს გამოცდილი.
აქვე ვიტყვი: „…სიყვარული სენივით შეეყარაო…“ რომ ამბობენ ხოლმე, ჯანდაცვის ორგანიზაციას ამ „დაავადებაზე“ არ აქვს აქცენტი და საუბარი. არც იმაზე, ნოდარ დუმბაძის ზურიკელა რომ „მთელი ღამის უძილო და სულ მთლად გადარეული“ დადიოდა.
ვის, რატომ და რისთვის დასჭირდა ამ უდაოდ საჭირო და სოლიდურ ორგანიზაციას ალკოჰოლიზმთან, ტოქსიკომანიასა და კლეპტომანიასთან გაეიგივებინა „სიყვარული“, როგორც დაავადება?! —ამ კითხვაზე პასუხს იოლად ვერ გასცემ ადამიანი. ვერ გეტყვით, არის თუ არა სიყვარული „შიზოფრენია“, მაგრამ ეს მიღებული დოკუმენტი კი ნამდვილად არის, როგორც ერთი დიდი მწერალი ამბობს: „შოკზე მეტი და ჭკუიდან გადაცდენაზე ცოტა ნაკლები…“!
თეოლოგიური კამათით, რომ ღმერთმა ადამიანი სიყვარულით შექმნა, ან იმის მტკიცებით, რომ სიყვარული მეტისმეტად ფაქიზი გრძნობა და განცდაა და ერთგულ მეგზურად ზნეობაც აუცილებლად ახლავს,- ამ გამაოგნებელი „შედევრის“ ავტორებთან ვერაფერს გავხდებით. ანდ, სად და ვის მივაწვდინოთ ხმა. სიმართლე გითხრათ, ეს მთელი თავისი არსით კომიკური დასკვნა, სხვა დროს ალბათ სასაცილოც იქნებოდა, რომ არა ერთი მეტად სერიოზული საშიშროება.
ქრონიკული ალკოჰოლიზმითა და კლეპტომანიით შეპყრობილი ადამიანები უყოყმანოდ და უკითხავად გადაჰყავთ ფსიქიატრიული გამოკვლევების დაწესებულებებში. ძალიან მრცხვენია, მაგრამ უნდა ვიკითხო: მათთან გათანაბრებული „შეყვარებულების“, ანუ ფსიქიურად დაავადებულების ბედი როგორი იქნება?!
იმხელა საგიჟეთი მთელი მსოფლიო რომ დაიტიოს ჯერ არ აშენებულა. არადა, ამდენ თავგზა და ჭკუაარეულ შეყვარებულს რა გინდა რომ უყო?! მაშ ვისთვის, ვის „დასაშოშმინებლად“ შეიმუშავა გაეროსთან არსებულმა საერთაშორისო სტრუქტურამ ეს ძალიან საინტერესო ნორმატივი?!
იმათი იზოლაციისთვის ხომ არა, ვისაც მთელ მსოფლიოში დიდი პროტესტისა და წინააღმდეგობის განცდა აქვს ამ ბოლო დროს მოძალებული ერთნაირსქესიანთა ქორწინებებისა თუ კაცისა და ქალის „ერთმანეთთან გათანასწორების“ ყურით მოთრეული იდეების მიმართ?! ვისაც სიყვარული კაცობრიობის უპირველეს მამოძრავებელ მისწრაფებად მიაჩნია და ვისაც ჯანსაღი ადამიანური ურთიერთობები მის გარეშე ვერც წარმოუდგენია. ასეთი „…ჯანმრთელობით ყველასათვის 21-ე საუკუნეში…“ საუკუნის ბოლომდე ნაღდად ვერ მივალთ!
რიტორიკული შეკითხვა ჟურნალისტს ყოველთვის პროფესიულ ნაკლად ეთვლება, მაგრამ რა ვქნა, როგორ არ ვიკითხო: მართლა სად მიდის და რას აპირებს „სიყვარულის“ ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე ავადმყოფობად გამომცხადებელი მსოფლიო?!
არ გაბედოთ სიყვარული! მას უკვე ოფიციალურად დაავადება N F63.9 ჰქვია!
ამაზე მინდა ისე გითხრათ, კახელებმა იციან მსუყედ: „…რაღამც შენ იტყვიო!..“