თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და თურქეთთან მიმართებით სპეციალური ეკონომიკური ზომების შემოღების შესახებ, აღნიშნულია კრემლის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რუსეთის მოქალაქეების დანაშაულებრივი ან სხვა სახის სამართალსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაცვის ზომების თაობაზე და თურქეთის რესპუბლიკის მიმართ სპეციალური ეკონომიკური ზომების დაწესების შესახებ“, — აღნიშნულია განცხადებაში.
ბრძანებულებით გათვალიწინებულია შემდეგი ზომები:
— აიკრძალოს ან შეიზღუდოს რუსეთის ტერიტორიაზე საქონლის ცალკეული სახეობების შემოტანა, რომლებიც თურქეთის მიერ არის წარმოებული (გარდა საქონლისა, რომელიც პირადი სარგებლობისთვის შემოდის იმ მოცულობით, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამართლით არის ნებადართული);
— აიკრძალოს ან შეიზღუდოს თურქეთის იურისდიქციის ქვეშ რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობა;
— 2016 წლის 1 იანვრიდან აეკრძალოთ დამსაქმებლებს რუსეთში თურქეთის მოქალაქეების დასაქმება, რომლებიც 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არ არიან შრომით ან სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში დამსაქმებლებთან;
— 2016 წლის 1 იანვრიდან გაუქმდეს თურქეთთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ეს ზომები არ ეხებათ თურქეთის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებით სარგებლობენ, ასევე მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე დიპლომატიურ და საკონსულო უწყებებში სამუშაოდ შემოდიან;
— ტუროპერატორებმა და ტურაგენტებმა შეწყვიტონ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის იმ ტურისტული პროდუქტის მიყიდვა, რომელიც თურქეთის მონახულებას ითვალისწინებს;
დაევალოს მთავრობას:
— განსაზღვროს საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი, ასევე ის დამსაქმებლები, რომლებსაც ბრძანებულება შეეხებათ;
— განსაზღვროს საქონლის მოწოდებისა და მომსახურების შესახებ კონტრაქტების ჩამონათვალი, რომელთა მიმართ თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ზომები არ გამოიყენება;
— დაწესდეს ზომები, რომლებიც, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ითვალისწინებს რუსეთ-თურქეთის საჰაერო ჩარტერული რეისების აკრძალვას და თურქული ავტოგადამზიდავების რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობის კონტროლის გაძლიერებას;
— გაძლიერდეს პორტების კონტროლი, სატრანსპორტო უსაფრთხოების კონტროლი, მათ შორის რუსეთის საზღვაო პორტებში საზღვაო ან სხვა სახის გემების უკანონო ყოფნის ან გადაადგილების თვალსაზრისით;
კანონი 28 ნოემბერს — გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. მისი მოქმედება დადგენილი ნორმების გაუქმებამდე გაგრძელდება.