თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. თბილისში სემინარი გაიმართება წარმატებული ბიზნესის ხელოვნების შესახებ, რომელსაც ლეგენდარული „უოლ-სტრიტის მგელი“ ჯორდან ბელფორტი გამართავს, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა ოფიციალურ გვერდზე.
მასტერ-კლასებზე, რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზში 28 ნოემბერს გაიმართება, ბელფორტი ბიზნესის „ოქროს წესებზე“ ისაუბრებს.
„ჯორდანი შეეცდება დაგანახოთ, თუ როგორ შეიძლება მისი სტრატეგიის გამოყენება დიდი წარმატების მისაღწევად, მისივე შეცდომების გვერდის ავლით.
თქვენ გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, მოისმინოთ მისი ცხოვრების გარდამტეხი მოვლენების შესახებ, 8 წლის ასაკიდან ადრეულ 20 წლამდე, როდესაც მან საბროკერო კომპანია ჩამოაყალიბა. ასევე, პირველი მოულოდნელი წარმატება, მარცხის პიკი და ამ ყველაფრიდან ნასწავლი გაკვეთილები“, — ნათქვამია ღონისძიების გვერდზე.
უოლ სთრითის მგელი ბრონქსში დაიბადა. 90-იანი წლების დასაწყისში, დაარსა კომპანია ”Stratton Oakmont”, რომელმაც წარმოუდგენელ ფინანსურ მწვერვალებს მიაღიწია, წლის განმავლობაში კომპანია 50 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებდა. სწორედ ეს გახდა ჯორდან ბელფორტის ცნობილი სახელის, „უოლ სთრითის მგელის“ წარმოშობის მიზეზი.
მან დააპროექტა 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საჯარო კომპანიები, სადაც 30–ზე მეტ შემთხვევაში, საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. კონსულტაციას უწევდა 50–ზე მეტ საჯარო კომპანიას. გარდა ამისა, მასზე დაიწერა ფაქტობრივად, ყველა წამყვან ჟურნალსა თუ გაზეთში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
დაშვებული შეცდომებისგან მიღებული ფასდაუდებელი გაკვეთილების სანაცვლოდ, დრამატული დაცემა–აღდგენის შემდეგ, დღეს, ბელფორტი უჩვეულო ბიზნესის წარმატების უკან მდგომ, მსოფლიოში აღიარებულ, უდიდესი პოტენციალის მქონე პერსონას წარმოადგენს.
დღეს, მისი საგანმანათლებლო-სამოტივაციო პროგრამა, სახელწოდებით Straight Line Persuasion — ერთ-ერთი ყველაზე მაღალმოთხოვნადია მსოფლიოში. მსმენელი, ბელფორტის გამოცდილების გარდა, იძენს ცოდნას პირდაპირი გაყიდვებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის საუკეთესო მეთოდების შესახებ. მას შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი კომპანიისა თუ ინდივიდის ცხოვრება, წარსულისა და განათლების მიუხედავად. მისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, ყველა ადამიანის მოტივირებაა შესაძლებელი, ისეთი მიზნების მისაღწევად, რომლებზეც მანამდე ვერც კი ოცნებობდნენ, ღირებულებების დათმობის და ეთიკის დარღვევის გარეშე.
2013 წელს, მისი როლი ლეონარდო დიკაპრიომ ითამაშა მარტინ სკორსეზეს ფილმში ”უოლ სთრითის მგელი”, რომელიც ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით იქნა გადაღებული. ჯორდანის ორი ბესთსელერი წიგნი, „უოლ სტრიტის მგელი“ და „უოლ სთრითის მგელის დაჭერა“, 40–მდე ქვეყანაში გამოქვეყნდა და ნათარგმნია 18 ენაზე.
უოლ სთრითის ნამდვილი მგელი, საკუთარი იუმორით სავსე, პირდაპირი საუბრის მანერით მარტივად ასწავლის მსმენელს, თუ როგორ გამოიყენოს საუკეთესო ბიზნეს სისტემა თავის სასარგებლოდ.