თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ელიზბარ ოდიკაძე (-97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (-125კგ) ბაქოში ოქროს გრან-პრის მფლობელები გახდნენ. ფინალურ შერკინებაში ოდიკაძე შეჯიბრის მასპინძელს 2012 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს შარიფ შარიფოვს შეხვა და 4:2 მოიგო.
ბევრად მარტივი აღმოჩნდა ტურნირი გენო პეტრიაშვილისათვის, რომელმაც ოქროს მედლისკენ მიმავალ გზაზე მხოლოდ ერთი შეხვედრა გამართა. მან ¼ ფინალში ამერიკელ დომენიკ ბრედლის მოუგო 4:3. ტრამვის გამო ნახევარფინალში მასთან ბრძოლაზე უარი განაცხადა აიაალ ლაზარევმა ყირგიზეთიდან, იმავე მიზეზით ფინალურ სერკინებაში არ გამოვიდა ტურნირის მასპინძელი ჯამალედდინ მაგომედოვი.
ბაქოში ბრინჯაოს პრიზის მფლობელები გახდნენ ოთარ გოგავა (-57კგ) და სანდრო ამინაშვილი (-86კგ). გოგავამ მესამე ადგილისათვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ ფარვიზ იბრაგიმოვს მოუგო, ხოლო ამინაშვილი პოლონელ პატრიკ დუბლინოვსკიზე ძლიერი აღმოჩნდა.
ოქროს გრან-პრის მფლობელი ყოველ წონით კატეგორიაში 10 ათას დოლარს მიიღებს. მეორე და მესამე ადგილზე გასული მოჭიდავეები შესაბამისად 5 და 2 ათას დოლარს მიიღებენ.