თამაზ ჩიქვანია
,,ნიკოლშოუს“ ცნობილი სიმღერა ალბათ გახსოვთ: ზოგი ისე რომ უბერავს და ზოგი — ასე? სამწუხაროდ, ამ სიმღერის დაწერის დროს ქალბატონი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად ჯერ არ იყო დანიშნული, თორემ ხომ გვეცოდინებოდა, თავად ის საით უბერავს — მარცხნივ, მარჯვნივ, თუ ყველა მიმართულებით?!
რომ ვთქვა, დიდი პოლიტიკოსი ვარ-თქო, სავარაუდოდ, არ დამიჯერებთ და მართალიც იქნებით, მაგრამ კარგი და ცუდი პოლიტიკური განცხადების გარჩევა, აშკარად, შემიძლია. ახლახან ინტერნეტში გავრცელდა თავდაცვის მინისტრის განცხადება და რბილად რომ ვთქვა, გავოცდი; მინდა თქვენც გაგაოცოთ და ამიტომ გთავაზობთ ამონარიდს გადაცემა „არჩევანში“ გაჟღერებული მისი გამოსვლიდან:
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი: „რუსეთის პოლიტიკა მაშინ დამარცხდება და პრობლემის მოგვარება მაშინ დაიწყება, როდესაც ევროპა და აშშ თამამად გასცემენ პასუხს ძალიან მარტივ კითხვაზე, მზად არიან თუ არა რუსეთთან ომისთვის შუაგულ ევროპაში. ეს არის მთავარი ტესტი. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა. რუსეთის შეჩერების ერთადერთი გამოსავალი არის პუტინის რწმენა, რომ ევროპა მზად არის ამ ომისთვის, ასეთ შემთხვევაში ომი არ იქნება, რადგან პუტინს შეეშინდება… როგორც კი დარწმუნდება, რომ ცივილიზებული სამყარო მზად არის კონფრონტაციისთვის, მაშინ ყველაფერი შეიცვლება და ჩვენი პრობლემების მოგვარებაც დაიწყება“.
თურმე რა იოლი ყოფილა რუსეთისთვის საკადრისი ადგილის მიჩენა, საკმარისია, თითი დაუქნიონ, პუტინს შეეშინდება და მაშინვე საქართველოში კაცს აფრენს, არიქა, აფხაზეთი და ოსეთი წაიღეთ და თან წერილობით საბოდიშო ტექსტსაც გვაახლებს. მსგავსი გულუბრყვილობა კარგა ხანია, არ მსმენია. თუმცა მთავარი ეს არ არის; დღეს, როგორც არასდროს, ბოლო 50 წლის მანძილზე, სამყარო მესამე მსოფლიო ომის გაჩაღების საშიშროების წინაშე დგას. მსგავსი რიტორიკა, თუნდაც ისეთი პატარა ქვეყნის მხრიდან, როგორც საქართველოა, ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია და წინა ხელისუფლების მიერ არჩეული, რუსეთთან კომფრონტაციის გზის გაგრძელებას წარმოადგენს.
— ქალბატონო თინა, იქნებ ევროპა-ამერიკისთვის გერჩიათ ჯერ მოლაპარაკება სცადონ ვითარების დასაშოშმინებლად. ვითომ არ დაგიჯერებენ? ან ასე რამ გაგამამაცათ და ვინ დაგაიმედათ? ვიცი მე, ერთი კაცი დაპირებებით რომ აავსეს და მერე მგელს შეაჭამეს; თქვენც იგივე კურდღლის დაჭერას ხომ არ აპირებთ?!
კეთილი ინებეთ და როცა ცივილიზებული სამყარო მოზომილ განცხადებებს აკეთებს, თქვენს თავზე ზედმეტს ნუ აიღებთ და იაფფასიან პიარს მოერიდეთ; დავიჯერო, ვერ ხვდებით, რომ ამით ქვეყანას უხერხულ მდგომარეობაში აყენებთ?! მოგიტრიალდებათ ის ევროპა-ამერიკა და ერთი ცნობილი ანდაზა რომ ვიცით, დაახლოებით იმ შინაარსის შემცველ პასუხს გაგცემთ: „კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირო…“
რადაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!