დასაქმების პრობლემა საქართველოში, ანუ როდის მოვხვდებით ,,საჭირო დროს, საჭირო ადგილას“

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ნინო ცხოიძე

  უკვე დიდი ხანია, ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა მწვავედ დგას და სწორედ ამას უკავშირდება ქუჩის მოვაჭრეებისა თუ ქართველი ემიგრანტების მოჭარბება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა  სტატისტიკური მონაცემები ზუსტ სურათს ვერ იძლევა, რადგან ყოველი ხელისუფლების დროს  ეს ციფრები საეჭვოდ იცვლება-ხოლმე. ამდენად, ქუჩაში რომ ხალხს ჰკითხოთ, უმუშევრობის რა პროცენტია საქართველოში, წარმოუდგენელია, ვინმემ ზუსტი ციფრი დაასახელოს. თუმცა მათი უმრავლესობა იტყვის, რომ უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქმებულთა რაოდენობა შევარდნაძის ხელისუფლების დროიდან  თითქოს ბევრად არ შეცვლილა, საერთო სურათი მაინც შეცვლილია, რადგან დღეს, ქუჩაში ცხელი ყავის, ხაჭაპურის ან ლობიანის შემოთავაზებით ადრინდელივით ბევრი ადამიანი არ შეგეფებათ. ბაზრობაზე კი იცოცხლე,,,ჩამოტარებით და ჩადგმით“ რას არ მიირთმევენ დახლთან მიჯაჭვული ადამიანები… 

 არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გარევაჭრობის პრობლემა, როგორც წესი, აქტიურდება ხოლმე. ამ გასაცოდავებულ ადამიანებს პოლიციელები ხან საქონლის ჩამორთმევით ემუქრებიან, ხანაც ამ პრობლემას შეგნებულად წაუყრუებენ.  ეს რამდენიმე დღეა, გარემოვაჭრეები ისევ ახმაურდნენ და ხელისუფლებას შეახსენეს, რომ მათ უკან ოჯახები და ბავშვებია, რომლებსაც გამოკვება, სასკოლო სახელმძღვანელოები და ჩასაცმელი სჭირდებათ, ამიტომ მათი ქუჩაში გამოსვლაც აუცილებლობასთანაა დაკავშირებული.

 „ან დაგვასაქმეთ, ან მუშაობის საშუალება მოგვეცით“- უკვე მერამდენე წელია, რაც ასე გაიძახიან, მაგრამ დასაქმდა თუ არა მათგან ვინმე ოფიციალურ სამსახურში, ძნელი სათქმელია. ემიგრაციაში არაერთი ჩემი ნაცნობია სავაჭროდ წასული. ახლა ქართველები იქიდანაც კითხულობენ, რომ ჩამოვიდეთ, სად დაგვასაქმებთო. ხელისუფლება მზა რეცეპტს ვერც აქ დარჩენილებს სთავაზობს და ვერც სამშობლოში დაბრუნებულებს. თუმცა  საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მთვრობამ წელს პირველად  რამდენიმე არასამთვრობო ორგანიზაციაზე გრანტებიც გასცა, რომ უკან დაბრუნებულების გადამზადება, სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა მოეგვარებინა, მაგრამ  არც გრანტის მიმღებები მოხიბლულან მიღებული თანხებით და რატომღაც შემოთავაზებული სიახლით არც თავად გადამზადებულები აღფრთოვანებულან. 

  ამ თემაზე მუშაობის დროს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით დაუსაქმებელი და უკმაყოფილო უფრო მეტი შემომეხმიანა, ვიდრე დასაქმებული. თუმცა რამდენიმე თვის წინ შევხვდი ადამიანებს, ვინც საკუთარი ბიზნესის დასაწყებად მცირედი თანხა მიიღო და კმაყოფილია, რომ საკუთარ ოჯახში დაბრუნდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ იმაზე ბევრად ნაკლები თანხა შემოაქვთ ოჯახებში, ვიდრე საზღვარგარეთიდან აგზავნიდნენ. საინტერესოა, როგორ ახერხებენ საქართველოში სხვადასხვა კვალიფიკაციის ადამიანები სამსახურის შოვნას. ამდენად, ნაცნობ-უცნობებში გამოკითხვა დავიწყე. რამდენიმე ახალგაზრდამ მირჩია, ინტერნეტში ვაკანსიების გვერდებს გავცნობოდი. აქ შემოთვაზება მართლაც იმდენად ბევრია, რომ სანამ საკუთარი კვალიფიკაციის შესაფერისს იპოვი, თვალები დაგეღლება. ჩამოთვლილი ვაკანსიები  მრავალფეროვანია, მათ შორისაა: მძღოლის, ყასბის, მენეჯერის, პრომო-გოგონასი… აღმოსავლეთ თუ დასავლეთ საქართველოში, დუბაის სასტუმროებში თუ თბილისის კაზინოებში…  

 ისე…  საინტერესო,,არითმეტიკაა“, როცა ქვეყანაში  ვაკანსიებია და მაინც ამდენი უმუშევარია. რთული სათქმელია, რა ფენომენია ეს?…  ისიც არაერთხელ  მსმენია, რომ ზეინკლებს, ხარატებს და სხვა სპეციალობის მუშებს სანთლით ვეძებთო. ისინი კი, ვინ იცის, ალბათ „ტაქსაობენ“ და არც იციან, რომ საჭირონი გამხდარან. სიტყვამ მოიტანა და ქართული ორდიპლომიანი მძღოლების თემა ხომ აქ ჩამოსული უცხოელებისთვის დღემდე ამოუხსნელია…

 ფაქტია, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახური, დიდი ხანია, კერძო სექტორის ნაცვლად, სახელმწიფო დაწესებულები გახდა, მაგრამ იქ მოხვედრაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელია, თუ მაღალი თანამდებობის ოჯახის წევრი, კლასელი, მეზობელი, ან ცოლის თუ ქმრის ძმაკაცი არ გყავს…  ასე რომ, ვაკანსიები ადრეც ცხადდებოდა და ახლაც ცხადდება ოფიციალურად, მაგრამ დღეს იმდენი კანონის, ენის ცოდნასა და უცხოურ სერთიფიკატებს თხოვენ, რომ თუ საკუთარი თავის იმედი არ გაქვს, „სივის“ გაგზავნასაც არ მოინდომებ. ცნობილია, თუკი ჰუმანიტარული დარგის სპეციალისტი ხარ,  ინგლისური რომ კარგად არ იცოდე, თითქმის ვერც ერთ პრესტიჟულ სამსახურში ვერ დასაქმდები. თორემ ბარის შვეიცარმა რომ ინგლისური არ იცოდეს, კარის გაღებას ქართულადაც მოახერხებს.

 რაც შეეხება ჩვენს პროფესიას, ბოლო დროს რამდენი მედია-საშუალებაც გაიხსნა, ძირითადად, ყველგან ისეთი ადამიანები დასაქმდნენ, ბოლო 10 წლის განმავლობაში უმუშევრობას და უხელფასობას რომ არ უჩიოდნენ. რამდენიმე მათგანს ვკითხე: როგორ მოახერხეთ ამდენ ტელევიზიაში და რადიოში დასაქმება-თქო. მათი პასუხები განსხვავებული იყო. დამირეკეს და მკითხეს, ჩვენთან ხომ არ გადმოხვალო, მეორემ მითხრა: „სივი“ გავაგზავნე და გასაუბრებაზე დამიბარეს, მესამემ — ჩემმა მეგობარმა გამიწია რეკომენდაცია და დავსაქმდიო. ზოგს მამა ჰყავდა იქ, ზოგს — ქმარი, ზოგსაც — ძმა…  

 ჰოდა, თუ შენი კლასელი, ჯგუფელი, მეზობელი ან შორეული ნათესავი მაინც არ გიპატრონებს, რაც არ უნდა კარგი განათლება, გარეგნობა, მეტყველების და სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილების უნარ-ჩვევებს ფლობდე,  ვის დაკარგვიხარ და დავიწყებიხარ?! მთავარია, დაელოდო როდის მოხვდები,,საჭირო დროს საჭირო ადგილას“. საერთოდ, მოხვდები თუ არა, ეს შენს მარიფათზე კი არა, იღბალზეცაა დამოკიდებული… ყველაფრის მიუხედავად, გულს მაინც ნუ გაიტეხთ. ხომ გაგიგიათ, ცდა ბედის მონახევრეა. ჰოდა, ცდას მაინც რა უდგას წინ? ამდენი ვაკანსიიდან რაღაც მაინც მოირგეთ, თორემ თვითონ არაფერი მოგერგებათ. 

  და კიდევ… ნურავის დაელოდებით, რომ რაიმეს შემოგთვაზებენ, თქვენ თვითონ მიდით, ხელი და ტვინი გაანძრიეთ, მოითხოვეთ და მოგეცემათ!.. 

— რა ვიცი, ასე ამბობენ და…


ყველა ახალი ამბავი
0