თბილისში ქართულ-ნორვეგიული კულტურის ცენტრი გაიხსნება

© ს. გურგენიძემხატვარ თამარ ლომიძის ტილო
მხატვარ თამარ ლომიძის ტილო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამარ ლომიძის ,,მუნჯი მხატვრობა“ და ,,მეტყველი პოეზია“

 სალომე გურგენიძე

 თამარ ლომიძე ერთნაირად საინტერესო მხატვარი და პოეტია. ამასთან, ის ცხოვრებაშიც შემოქმედებითი ადამიანია. საკუთარი სახლი სამხატვრო გალერეად აქცია. აქ ხშირად იმართება გამოფენები, სალონური შეხვედრები და პოეზიის საღამოები. გამოცემული აქვს ლექსების 4 კრებული. ბოლო კრებული კალენდართან ერთად გამოსცა და მასში 12 თვე  ქალების გამოსახულებითაა წარმოდგენილი. მის ქართულ-ნორვეგიულ ოჯახში ყოველთვის სიმშვიდე, სიყვარული  და ღიმილია. მალე ეს გალერეა ქართულ-ნორვეგიული კულტურის ცენტრად ოფიციალურად იქცევა. ცენტრის გახსნას ნორვეგიის ელჩი და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრებიან. ნიჭიერი პოეტი და მხატვარი ამბობს, რომ,,პოეზია არის მუნჯი მხატვრობა და მხატვრობა კი მეტყველი პოეზიაა“…

-ქალბატონო თამარ, თქვენ ორი მუზის მსახური ხართ, ეს რთულია თუ ერთმანეთს ავსებს პოეზია და მხატვრობა?

-რასაკვირველია, ავსებს, მაგრამ რთულია იმიტომ, რომ გინდა ორივეში სრულყოფილად წარმოაჩინო საკუთარი შესაძლებლობები. თანაც მე ხომ მარტო არ ვარ? ოჯახი მყავს, ქალი ვარ, ძალიან ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. თუმცა ხელოვნებაში ცხოვრებასაც ვახერხებ. პოეზია და მხატვრობა კი ერთმანეთს ნამდვილად ავსებს…

-დამეთახმებით, ყველა ხელოვან ადამიანს უცნაური ხასიათი აქვს. ვიცი, რომ თქვენ  ყოფასაც  ძალიან  შემოქმედებითად  უდგებით? 

 —დიახ, ყველა  ხელოვანს თავისებურად  რთული ხასიათი აქვს. მე  თუ  რაღაც მაწუხებს  და  ვერ  ვწერ, ან ვერ ვხატავ, მაშინ ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ…საერთოდ, ასეთი რაღაცები ემართება ხოლმე შემოქმედ ადამიანს. არ მიყვარს, როცა ამ  დროს ბევრ კითხვას მისვამენ  და მეკითხებიან:  რა გჭირს?. საბედნიეროდ, გვერდით ისეთი ადამინი მყავს, ჩემი მეუღლის სახით, რომელსაც ეს ყველაფერი კარგად ესმის.

- ქალბატონო თამარ, თქვენი მეუღლე, სვენ ვოგი ნორვეგიელია და მას, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ქართველ ნორვეგიელად იცნობენ.

 -დიახ,  იგი კარგად საუბრობს ქართულად, იცის ქართული კულტურა და ტრადიციები, პროფესიონალურად მღერის ქართულ სიმღერებს… მან თვითონ დააფუძნა ტრიო, რომელშიც ორი ნორვეგიელი და ერთი ქართველია. ისინი ხშირად მართავენ კონცერტებს, აქვთ ტურნეები. ქართულ სიმღერას გიორგი უშიკიშვილისგან სწავლობდა. შემდეგ  გიორგიმ მონათლა მართლმადიდებლურად. ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები, ჩვენი ისტორია და ხელოვნება…

– ქალბატონო თამარ, თბილისის ულამაზეს უბანში  ცხოვრობთ და თქვენი სახლი აქციეთ სამხატვრო გალერეად, სადაც ხშირად  იკრიბებიან ხოლმე პოეტები მხატვრები..

 —დიახ, ჩემი სახლიდან  საოცარი ხედები იშლება: სამება, მეტეხი, წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, ნარიყალა, ჩანჩქერი… ყველაფერი მოსჩანს. არ ვიცი, მსოფლიოში ამაზე უკეთეს ადგილას, სად უნდა მეცხოვრა?.. ჩვენი სახლი კულტურული ძეგლია და ყველანაირად ვცდილობთ, რომ გავუფრთხილდეთ მას. რემონტის დროს, როცა გალერეას ვაკეთებდით, კედლები ჩამოვფხიკეთ  და მასზე ნახატები აღმოჩნდა,  ისინი ისევე ხელუხელებელი დავტოვეთ. სახლი კი არა, ფაქტიურად, მუზეუმია…

– რას იტყვის პოეტი თამარ მხატვარ თამარზე და პირიქით?

-არასდროს არ ვარ კმაყოფილი იმით, რასაც ვქმნი. არც მხატვარი და არც პოეტი თამარი არასდროს კმაყოფილნი არ არიან, ასეთი ვარ მე…

-ოთხი კრებული გაქვთ გამოცემული…რომელიმე ლექსიდან ერთ სტროფს ხომ ვერ გააცნობდით მკითხველს?

- უდიდესი ბედნიერებაა ყოველ დილით ასეთი სილამაზის ყურება: როცა მზე ამოდის და ნარიყალასთან ვდგავარ. ეს სტროფი ჩემი ერთი ლექსიდანაა-,,მზევ, შინ შემოდი“ ჰქვია მას.

,,გიამბობ როგორ შეუცვალეს ფრთები არწივებს, 

ღმერთს 

მოპარული ვარსკვლავივით რომ მაფიცებდნენ, 

როგორ მიმაგდეს მგლის ლუკმად და 

როგორ გამწირეს… 

შემოდი, მზეო, 

შინ შემოდი, 

ქარვის სანთელი 

დამინთე ძვლებზე — 

დედაციხის კედლების მთვარედ… 

ოდესღაც ჩემს გულს 

ლოდინივით ურწყავდნენ ფესვებს, 

შენ რომ დაიწყე, 

მე 

დავამთავრე…

შემოდი, მზეო…

- თქვენ ხშირად გიყვართ თბილისის უბნებში სეირნობა და ქალაქის ცხოვრებაზე დაკვირვება.. რაიმეს ხომ არ გაიხსენებდით?

- ერთ ამბავს მოგიყვებით, რაც სოციალური ქსელით გამოვაქვეყნე კიდეც. 13 ივნისის ტრაგედიის მერე ოქროყანის აღმართზე აღარ მისეირნია ძაღლთან ერთად. გუშინ გვიან მომიწია მისი გაყვანა, სიბნელე იყო. ნარიყალა გავიარე, გავცდი ივანიშვილის სასახლეს და დავუყევი დაღმართს. გზის ორივე მხრეს ტყეა. მე ძაღლის იმედი მაქვს, ძაღლს —  ჩემი. უცბად ვხედავ, ვიღაცას სიბნელეში. ბიმიც წინ მექაჩება. ვხედავ ჩემ წინ ჩადრიანი ქალი დგას უძრავად. ამ ტერაქტების გადამკიდე, ერთ ადგილზე გავიყინე. მორჩა, ახლა აფეთქდება რაღაც, ან თავად აიფეთქებს ეს ქალი თავს მეთქი…გული გავიმაგრე, მაგრამ ახლა რა მექნა! არ მინდა იქით გავიხედო, არადა, წყლის ჩხრიალი ესმის ბიმის და იქით მიიწევს. უცებ ვირი დავინახე, ბავშვებიც, მიხა… მაგდანა ყოფილა, ჩვენი მაგდანა! ლურჯას მივეფერე, მაგდანას ხელი გადავხვიე, შენ გაიხარე მეთქი. არადა არც ვიცოდი, ეს ქანდაკება იქ როდის დადგეს…

- ქალბატონო თამარ, მალე თქვენს სახლში ქართულ- ნოირვეგიული ცენტრი გაიხსნება…

–დიახ, 13 დეკემბერს, ჩემს გალერეაში ოფიაციალურად ქართულ-ნორვეგიული ცენტრი გაიხსნება და მასზე დასასწრებად თბილისში ნორვეგიის ელჩი ჩამოდის.

- ქალბატონო თამარ, როგორია ხელოვანი ადამინის მიერ დანახული სამყარო?

 —თუ ის ჭეშმარიტი ხელოვანია, ყოველთვის ცდილობს, რომ სამყაროში სილამაზე  და ესთეტიკა იპოვოს. მის სულზე ასმაგად მოქმედებს ყველანაირი პრობლემა, რაც ამ ესთეტიკასა და ბუნებას ამახინჯებს და ხელოვნებას აზიანებს. მე ვუსურვებდი ყველა ხელოვანს, რომ ჰქონდეს ისეთი ცხოვრება, ისე მოწყობილიყოს სამყარო, რომ  მას არ უხდებოდეს ბრძოლა იმისთვის, რომ სული დაბინძურებისგან დაიცვას…

–დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0