როცა ბუნების სიმღერას ნეკროფილები ახშობენ

© https://burusi.wordpress.com/2009/12/07/ushangi-ckheidze-2/მსახიობი უშანგი ჩხეიძე
მსახიობი უშანგი ჩხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უშანგი ჩხეიძე, სწორედ რომ ის ორფეოსია, რომლის ჯადოსნური სიმღერა ჰადესის სამეფოსაც კი ატყვევებდა და გაიფიქრებ: „მრავალნი არიან წოდებულ და მცირედნი რჩეულ“.

 მანანა ტურიაშვილი

 „ისე გააკეთე, როგორც არის, მხოლოდ უფრო ხმამაღლა იმღერე, ბუნება მღერის, იგივე იმღერე, მაგრამ უფრო ხმამაღლა!“ იაკობ ნიკოლაძის აღბეჭდილი ოგიუსტ როდენის ეს ფრაზა, როსტომ ჩხეიძეს გამოუყენებია თავის წიგნში „გადამწვარი მზე“ და დაუწერია: „უშანგი ჩხეიძეც აღტაცდებოდა ფრანგი მოქანდაკის ამ რჩევით, იაკობ ნიკოლაძის წიგნში რომ ამოიკითხავდა, და ძალდაუტანებლად განაზოგადებდა. — ამ სიტყვებში ხელოვნების მთელი არსია მოცემული.“

 ბუნებას თავისი კანონები აქვს, ხელოვნებას —თავისი. ბუნებაში გამოხატულ ხელოვნებას ღვთაებრივი შემოქმედი ქმნის, ხოლო ხელოვნებაში ასახულ ბუნებას, საკუთრი წეს-კანონით შეიარაღებული ღვთისაგან რჩეული ადამიანები ქმნიან. თუ ოდნავ ხმამაღლა არ იმღერე —ოღონდ არა აღმატებულად, ხელოვნება თავის არსსაც დაკარგავს და ადამიანზე ზემოქმედების ძალასაც. „ბუნების სიმღერის“ გარეშე ნატურალიზმი გააღარიბებდა ამ ქვეყანას. 

 უშანგი ჩხეიძე სხვა ქვეყანაში რომ დაბადებულიყო, მას უეჭველად, „ცოცხალი ეროვნული საგანძურის“ სტატუსს მიანიჭებდნენ, რადგანაც თავისი შემოქმედებითა და ცხოვრების წესით, სწორედ ის საგანძურია, რომელიც ქართული ცნობიერების უმაღლეს  ხარისხს გამოხატავს. სიცოცხლეში პერსონაჟად გაქცეული უშანგი ჩხეიძის შემოქმედების გზა გვაერთიანებს იმ ზოგადსაკაცობრიო აზროვნებასთან, სადაც მსოფლიოს რჩეული ქვეყნების ღვთისაგან  ხელდასმული ადამიანების გული ბობოქრობს.  ძნელად მოძებნით და შესაძლოა  ვერც იპოვოთ უშანგი ჩხეიძეზე დაწერილი ისეთი სრულყოფილი წიგნი, რომლის მთავარ ხაზს — დიდი მსახიობის შემოქმედებას და პიროვნებას, ასე ტრაგიკულად ერთვის ქართულ თეატრში განვითარებული 20-იანი და 30-იანი და შემდგომი წლების მოვლენები: ქართული თეატრის კრიზისი, ქართული თეატრის რეფორმა, კორპორაცია „დურუჯი“, განხეთქილება დასში,  მარჯანიშვილის თეატრის დაბადება… როსტომ ჩხეიძის მიერ ჩვეული პროფესიონალიზმით შესწავლილი ქართული თეატრის ეს უზარმაზარი თემა, სხვა სათეატრო წიგნებისაგან განსხვავებით, ახლებური ხერხით არის გადმოცემული და ეს ახალი გზა, წიგნის მთავარი პერსონაჟის — უშანგი ჩხეიძის, მისი ნიჭის აღმომჩენის და განმავითარებლის — კოტე მარჯანიშვილისა და სხვა პერსონაჟთა ე. წ. წამოცდენილ ფრაზებზე თუ ნააზრევზე დაყრდნობით ქმნის ამ ორი შემოქმედის ფსიქო-ემოციურ პორტრეტებს. სწორედ ეს გზა ანიჭებს წიგნს სიცოცხლეს, რაც ამგვარი სახის ნაწარმოებში, რომელსაც საფუძვლად უზარმაზარი და სხვადასხვა სახის დოკუმენტური მასალა უდევს, ძალზე რთული და ძნელად მისაღწევია.

 მწერალი განიხილავს მსახიობის  ნათამაშებ ყველა როლს, ყოველ ნაბიჯს, დაწყებული სცენისმოყვარეთა წრიდან, დამთავრებული მარჯანიშვილის თეატრით. ამ 10-წლიან გზაზე, კარგად მოჩანს უშანგი ჩხეიძის შემოქმედების განვითარების ეტაპები: ზესტაფონის სცენისმოყვარეთა დასში დაწყებული მისი სამსახიობო კარიერა, ახალგაზრდული დაუდევრობა და თავაშვებული ბოჰემური ცხოვრება, მისი ხუმრობებითა და იუმორით გაჯერებული აზროვნება, რაც ასე მნიშვნელოვანია შემოქმედისათვის და ბოლოს ევერესტის მრავალჯერადი დაპყრობა: ჰამლეტი, ურიელი, იაგო, ჩენჩი, ყვარყვარე… 

 უშანგი ჩხეიძის მოღვაწეობის დროს ქართული მწერლობა აგრძელებდა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთელის, სერგეი მესხისა და სხვათა გზას და ქართული თეატრის მიმდინარე მოვლენებში ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ეს ფაქტი უყურადღებოდ არ რჩება როსტომ ჩხეიძეს და მის მონათხრობში შეიგრძნობთ სიამაყის განცდას, როცა გალაკტიონ ტაბიძე, თუ გრიგოლ რობაქიძე, თუ პაოლო იაშვილი, თუ შალვა დადიანი, თუ სიმონ ჩიქოვანი და სხვანი  სიყვარულს, აღტაცებას, შეფასებას გამოხატავენ და წიგნის ტექსტში მათი ფრაზების ზუსტი ჩართვა, ახლა უკვე როსტომ ჩხეიძის მიერ შექმნილ ახალ პერსონაჟს — უშანგი ჩხეიძეს, უფრო მრავალფეროვნად და სიღრმისეულად წარმოაჩენენ. ცხოვრების ორომტრიალის ლაბირინთიდან თავდაღწეულ და ამბიონს მიახლოებულ მნიშვნელოვან თავს უშანგი ჩხეიძეზე როსტომ ჩხეიძე სიმონ ჩიქოვანის ლექსის პწკარედის ოდნავ, უმნიშვნელოდ შეცვლილი ფრაზით ასათაურებს: „ძმა ჰამლეტი, ბავშვი ურიელი, ბრძენი ყვარყვარე“ და ჩვეული სილაღით, ლოგიკაზე დაფუძნებული ფანტაზიითა და იმპროვიზაციით განიხილავს სიმონ ჩიქოვანის ტექსტის სიღრმეს, ვინაიდან საპყრობილედ გადაქცეულ საქართველოში, უშანგი ჩხეიძის ჰამლეტი, თავისი ფილოსოფიური და ზოგადსაკაცობრიო ჰუმანისტური იდეებით, მაყურებლის ერთგული და ფასდაუდებელი ღვიძლი ძმა იყო; ურიელის კვეთება სალ კლდესთან,  მიამიტობის ელფერს ატარებდა, ვინაიდან ადამიანის თავისუფლების შემბორკავ კანონებთან მარტოდ-მარტო ბრძოლა, ბავშვურ თავგანწირვას ჰგავდა, ხოლო ყვარყვარეს სიბრძნე ქართველებისათვის ნიშანდობლივ აზროვნებას გამოხატავდა და ირონიულად ჟღერდა. როსტომ ჩხეიძე წერს: „როლებს როლები ემატებოდა, წარმატება წარმატებას მოჰყვებოდა, ეს რკალი კი აქ იკვროდა: ძმაო, ჰამლეტ, ბრძენო ყვარყვარე, ბავშვო ურიელო! — ზუსტ ეპითეტებში ჩაწურული დიდი ვნებათაღელვანი და აღმაფრენანი, ღრმა სიმბოლიკამდე აზიდულნი, მეტეორის გადაელვების სახიერი ნაკვალევი ზეცაზე…“

 უშანგი ჩხეიძეზე არსებული მასალებიდან მწერალი აზრის გასაშლელად ოსტატურად იყენებს კულისების ცხოვრებას, სარეპეტიციო პროცესს და დრამატურგიულ მასალაზე დაყრდნობით აანალიზებს, როგორც მსახიობის, ასევე  რეჟისორის შემოქმედებას. ის უშანგი ჩხეიძესა და კოტე მარჯანიშვილს სამართლიანად აღიქვამს ტოლ-სწორად და მიგვანიშნებს დასის სხვა წევრებს შორის მათი გამორჩეულობის მიზეზებზე და ამის გამო შექმნილ მათ აბსურდულ, მარტოსულ მდგომარეობაზე. როსტომ ჩხეიძის მონათხრობში ნათლად იგრძნობთ მის ტკივილს ქართველთა სენის შესახებ, გრიგოლ რობაქიძეზე დაყრდნობით, ის აღნიშნავს: „…ქართველთა თანდაყოლილი სენისაგან (ანუ შინაგანად ვერდაძლეული საფრთხისაგან) წარმოშობილ შუღლს…“  სწორედ ეს სენი მიაჩნია როსტომ ჩხეიძეს საქართველოს ბედკრული ისტორიის განვითარების შემაფერხებელ ბნელ ძალად და უშანგი ჩხეიძის, ამ უდიდესი შემოქმედის, დაღუპვის მთავარ მიზეზად. როსტომ ჩხეიძე თვალს უსწორებს რეალობას, ის სიმართლისათვის იბრძვის, მავანთა ჩვეული ჩახვეული, აღმატებითი შეძახილებითა და ე. წ. ტკბილ-ტკბილი, საამებელი სადღეგრძელოებით მოვლენებს არ აფერადებს  და დიდი მსახიობის გარშემო შექმნილი ინტრიგის ბადის მქსოველი ოსტატი ობობების საზარელი ქმედებების შედეგს თვალნათლივ გვანახებს. და რა მწარეა ეს სიმართლე! სულსწრაფად და სულმოუთქმელად კითხულობთ წიგნის ბოლო თავებსაც, სადაც უშანგი ჩხეიძის მეგობრის- დოდო ანთაძის მიერ მოწყობილ ამბავს: უშანგი ჩხეიძის ავადმყოფობის გაბუქება და ფსიქიატრის მოტყუება — არიქა, საზღვარგარეთ მიგვყავს და შემაძრწუნებელი დასკვნა (ლამის შიზოფრენია) დაწერეთო, ამ მიზეზით უშანგი ჩხეიძის სამხატვრო ხელმძღვანელობის პოსტის ჩამორთმევა, თეატრის დასის დუმილი, დიდი მსახიობის 20 წლიანი კარჩაკეტილობა და სიკვდილი… უახლოესმა მეგობარმა, დოდო ანთაძემ, თეატრის სადავეების ხელში ჩასაგდებად 30-იანი წლების პოლიტიკურ კურსს დამეგობრებულმა, კომუნისტური იდეოლოგიის „სწორი ხაზის გამტარებელმა“ ისე მოაწყო ყველაფერი, რომ, როგორც როსტომ ჩხეიძე წერს: „ექიმის ცნობა ხელთ ეპყრათ, ისეთი ნაჭედი ტექსტი, სამხატვრო ხელმძღვანელად კი არა, მგონი უშანგის გარეთ ყოფნაც კი საეჭვო უნდა ყოფილიყო. აგერ ამ თანამდებობისათვის აცახცახებული კაციც თვალწინ ედგათ, მარიფათთან ერთად გავლენაც რომ არასოდეს ჰკლებია. აიღებდნენ და დანიშნავდნენ.“ ფსიქიატრთან საქმის მოსაკვარახჭინებლად მისული დოდო ანთაძის თანმხლების — შალვა ღამბაშიძის „უნებლიე გაბრიყვებაც“ მრავლისმეტყველი ირონიით არის აღბეჭდილი.

 როსტომ ჩხეიძე წერს: „ვერ ეგუებოდნენ უშანგის ჩამოცილებას სცენიდან. რამდენიც უნდა ამტკიცონ და იფიცონ, თავისი ნებით ამჯობინა ასეო, ყველას კარგად მოეხსენება, მწვავე, დაუნდობელ ინტრიგებს რომ შესწირვია, უკეთურებას უზეიმია და ასე უღმერთოდ დაუზიანებია და წაუხდენია არამარტო თეატრალური, არამედ საზოგადოებრივ-კულტურული ყოფა.“ მწერალი კოტე მარჯანიშვილის გარშემო ატეხილ დავიდარაბასაც აანალიზებს, მას ოსტატურად აქვს გამოყენებული ვახტანგ ტაბლიაშვილის წერილი, სადაც ტრაგიკულად გაისმის დიდი რეჟისორის შეძახილი, დასის შეკრებაზე შალვა ღამბაშიძეს რომ მიმართა: „დამიბრუნე ჩემი ოტელო!“  „აეკლოთ „ზემდგომი ორგანოები“ კოტე მარჯანიშვილის ძრახვით და, ვიდრე არ გაისტუმრებდნენ, ვერ მოისვენებდნენ, რათა შემდგომ ნიანგის ცრემლებით გამოეტირებინათ მისი გამოძევებაც და აღსასრულიც.“ ამ საზოგადოებას როსტომ ჩხეიძე სამართლიანად უწოდებს „ნეკროფილურს“, რომელსაც სვავის მსგავსად მოსწონს გახრწნილი გვამების დაგემოვნება, ოღონდ სვავისგან განსხვავებით, ნეკროფილი თავად კლავს და მერე სიამტკბილობს. გულშემატკივრის კითხვაზე დაუბრუნდებოდა თუ არა სცენას უშანგი, აკაკი ვასაძეს განსხვავებული პასუხი ჰქონდა: „ასე დაემართება ყველას, ვინც ყველას მჯობნობას მოინდომებს.“ ამ წამოცდენილი ფრაზით აკაკი ვასაძე  უშანგი ჩხეიძის უპირატესობას აღიარებდა.

 უშანგი ჩხეიძის თავსდატეხილი დრამა იმდენად დიდი იყო, რომ იუმორმა ვეღარ უშველა მსახიობს და სცენას ჩამოშორდა. მაგრამ სასიკვდილოდ დაჭრილ გმირს, უშანგი ჩხეიძის პროტოტიპს, მისივე თხოვნით, თანამებრძოლები გულს ამოუღებენ — გრიგოლ რობაქიძის „გრაალის მცველის“ ამ სიმბოლურ ეპიზოდს როსტომ ჩხეიძე ძალზე ზუსტად და სამართლიანად გამოჰყოფს: „…მზისაგან ნაკვეთი ეს ჭურჭელი, რომელშიც გული მოეთავსებინათ, უშანგის უნდა სჭეროდა ხელთ, და პირველი სიტყვებიც მას უნდა წარმოეთქვა.“ „გრაალის მცველის“ ეს ეპიზოდი უშანგი ჩხეიძის სცენური ცხოვრების დასასრულის წინასწარმეტყველებაცაა; ეს ქართველთა ფსიქიკის მოდელია, რომელიც ღვთისაგან გამორჩეულ ადამიანს აიძულებს მკერდიდან გულის ამოგლეჯას და გაიფიქრებ: იქნებ და ამიტომ ვერ ვაღწევთ თავს იმ ბნელეთს, რასაც ქართული პროვინციალიზმი ჰქვია, სადაც კონკურენცია და პაექრობა კი არ წარმართავს ცხოვრებას, არამედ პროგრესული ძალებისა და აზროვნების შემუსვრით, ღვთის მიერ ხელდადებული ადამიანის ჩახშობით, ცივილიზაციას მოკვეთილი ქართული მრავალსაუკუნოვანი რიტუალის შესრულება უფრო გვართობს: ჯერ ვკლავთ და მერე  გულიანად დავტირით; სადაც ერთის გამარჯვება, მეორის გლოვაა, სადაც საზოგადოება, რომელიც ვერ ხედავს ღვთიურ ნიჭს, ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. როსტომ ჩხეიძე წერს: „და „გრაალის მცველთა“ ის ეპიზოდიც ამიტომაა დამუხტული შინაგანი ვნებითა და ამაღლებული განცდით, რომლის შუაგულიდანაც უნდა ამოიზარდოს უშანგი ჩხეიძე საკულტო ჭურჭლით ხელში, ქვეყნისათვის თავდადებული ჭაბუკის გული რომ ასვენია და ამიტომაც რჩება ის ჭურჭელი სიწმინდის, შეუბღალაობის, თვითმყოფადობისა და გაუტეხელობის სიმბოლოდ.“ 

  მოიყვანს თუ არა მწერლის მიერ მოთხრობილი უშანგი ჩხეიძის ტრაგიკული ისტორია ქართველთა მიერვე გადახრუკულ-გახრიოკებულ ბრძოლის ველზე წვიმას? ალბათ კი, რადგან ეს კათარზისით გამოწვეული ცრემლების წვიმაა, რომელიც ქართველი ერის თვითგამორკვევის საფუძველს ასაზრდოებს და იმედს გიტოვებთ, შხამიანი გველებისა და ტარანტულების  უდაბნოში,  ნიჭით გასხივოსნებული მსხვერპლების სასიცოცხლო ოაზისის ძალაზე. ამ ოაზისში როსტომ ჩხეიძე გვეუბნება: სირაქლემას სინდრომით ნუ დაიავადებთ თავს,  უღირსებზე დითირამბებს ბოლო უნდა მოეღოს და უჩვენეთ მომავალს, რანი ვართ და რანი ვიყავით. აღმოთქვით ის ვითომდა საიდუმლოებანი, რომელნიც ვიცით, მაგრამ არ ვაღიარებთ! აღმოთქვით ის, რაც ერის თვითგამორკვევას ხელს უშლის და სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მსვლელობის ჭეშმარიტ მისიას ჩრდილს აყენებს. უნებურად მახსენდება ჟან-პოლ სარტრის პიესა „ალტონის ტყვეები“, სადაც ერთ-ერთი თემა ფაშიზმის  შემდგომი პერიოდის ცნობიერების თვითგამორკვევაა. იტალიელი რეჟისორის ვიტორიო დე სიკას ამავე სახელწოდების ფილმში ერთ-ერთი გმირი ამბობს: „გახსოვთ გოეთეს სიტყვები: ვინც წარსულს ვერ ჩახვდა, მისი ხელახალი განცდისთვის არის განწირული.“ ხელახალი განცდა, ხელახლად შეცდომის დაშვებაა, რომელიც დემონური ძალებით ასაზრდოებს იმ ადამიანს, ვისაც სხვის ბედნიერებაზე გლოვა, სხვის გამარჯვებაზე წუხილი, ცხოვრების კრედოდ დაუსახავს — აბა სხვაგვარად ვერ ვიცოცხლებთ, ვერ ვიარსებებთ, ამბობენ ისინი და თანამედროვე ფაბრიკებში წარმოებული ხელოვნური  ქსოვილით დაწნული დაფნის გვირგვინებით თავდადგმული განაგრძობენ ბაკხი ქალების გზას, რომელნიც ორფეოსის დასაგლეჯად ყოველთვის მზად არიან. 

 უშანგი ჩხეიძე, სწორედ რომ ის ორფეოსია, რომლის ჯადოსნური სიმღერა ჰადესის სამეფოსაც კი ატყვევებდა და გაიფიქრებ: „მრავალნი არიან წოდებულ და მცირედნი რჩეულ“.

 

ყველა ახალი ამბავი
0