თამაზ ჩიქვანაია
1972 წლის სექტემბერია. მიუნხენის ოლიმპიადა სადაცაა დასრულდება. ახალი მინავლებულია ტერორისტების მიერ ისრაელი მოჭიდავეების მკვლელობით გამოწვეული აჟიოტაჟი. ხალხით გადაჭედილ შპორტჰალეში, კალათბურთელთა ფინალში, საბჭოთა გუნდი ხვდება ამერიკის უძლიერეს ნაკრებს, რომელსაც ამ დრომდე ოლიმპიადებზე არასოდეს წაეგო. საბჭოთა ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ორი ქართველია – ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია. განგებამ ინება, რომ ორივეს მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა ამ შეხვედრაში. მიშას ამერიკელთა უძლიერესი მოთამაშის დუაიტ ჯონსონის განეიტრალება ევალებოდა ეს. არც ისე იოლი გახლდათ. შეხვედრის შუაწელს ამერიკელმა იდაყვი მოარტყა ქართველს სახეში. ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო და აბა, მიშა რისი ქართველი იყო, ეს შეერჩინა. მოკლედ, მოედანზე ლამის მუშტი-კრივი გაჩაღდა, რის შემდეგაც მსაჯებმა ორივე კალათბურთელი შეხვედრის დასრულებამდე გასახდელში მიაბრძანეს. ამერიკელებმა დაკარგეს გუნდის ხერხემალი, საბჭოთა ნაკრებში კი ვიდევ ერთი ქართველი რჩებოდა, რომლის საოცარმა ნახტომმა ბოლო წამებზე გუნდს შეხვედრის გადარჩენის შანსი დაეტოვა. უფრო ზუსტად კი… შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე, ანგარიში იყო 49:48 საბჭოთა გუნდის სასარგებლოდ და ბურთიც მათ ჰქონდათ. ალექსანდრ ბელოვს ბურთი თუნდაც შპორტჰალეს გუმბათისკენ ესროლა, მოგებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა, მაგრამ მან სრულიად მოულოდნელად ბურთი მოედნის საკუთარ ნახევარზე გადმოაგდო, სადაც უკვე წაგებას შეგუებული დაგ კოლინზი დახვდა და უმალ მოწინააღმდეგის კალათისკენ გაექანა. მაღალი ნახტომი და, უეცრად, ვიღაცის მძლავრმა ხელმა ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ გადააგდო. მსაჯებმა ჯარიმა დააფიქსირეს. კოლინზმა ორივე საჯარიმო აუღელვებლად ჩააგდო და, შეხვედრის დასრულებამდე 3 წამით ადრე, ახლა ამერიკელები გადიან ერთი ქულით წინ. ეს სამი წამი გუნდს საკანდელიძის მიღებულმა ჯარიმამ შეუნარჩუნა. ივან ედეშკოს პასმა მთელი საკალათბურთო მოედანი გადასერა და ამერიკელთა ფარქვეშ სწორედ ის ალექსანდრ ბელოვი მოძებნა, ვისმა შეცდომამაც მთელი აურზაური გამოიწვია. ბელოვმა ბურთი ამერიკელ მცველებთან ჭიდილში დაიჭირა და ხელმეორე ნახტომით კალათში გაგზავნა. ეს უკვე გამარჯვება იყო. ამერიკელთა პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო. განაწყენებულმა ოკეანისგაღმელებმა ვერცხლის მედლების მიღებაზე უარი განაცხადეს და მედლების ეს კომპლექტი დღესაც შვეიცარიაში, ლოზანას ოლიმპიურ მუზეუმში ინახება.
ორივე დიდი ადამიანისთვის დამახასიათებელი საოცარი თვისებებით იყო დაჯილდოებული, ბედმა ორივეს დიდი განსაცდელიც არგუნა, ორივე 2004 წელს, 13 დღის ინტერვალით გარდაიცვალა – ზურა 25 იანვარს, მიშა — 8 თებერვალს. რიცხვი ცამეტი კი მიშას უცვლელი ნომერი იყო კალათბურთის მოედანზე. თითოეულ მათგანს არაერთგზის შევხვედრივარ, მაგრამ ახლა ერთი ისტორია გამახსენდა, სადაც ორივე ერთად მონაწილეობდა.
80-იანი წლების დასაწყისში, თბილისის „დინამომ“ ისე ცუდად დაიწყო ჩემპიონატი, რომ გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხის წინაშე დადგა. სრულიად საკალათბურთო თემმა, მხოლოდ ამ ორის კაცის ავტორიტეტი და ცოდნა თუ გადაგვარჩენსო, ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია გუნდის მწვრთნელებად დაინიშნა. თბილისში კიევის „სტროიტელი“ იყო ჩამოსული. ჩვენებს უეჭველად გამარჯვება სჭირდებათ, მაგრამ მაშინ, იმ კიევურ გუნდში, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ტკაჩენკო და ბელოსტენნი თამაშობდნენ. ორი გიგანტი, ერთის სიმაღლე 220 სანტიმეტრი იყო, მეორის – 214. მათი გამჩერებელი „დინამოში“, უბრალოდ, არავინ იყო. დიღომში, „დინამოს“ ბაზაზე მისულ ქორქიას და საკანდელიძეს მეც ვახლდი. სწორედ ამ ორთან დალაპარაკებას აპირებდნენ. ბაზაზე გვითხრეს, ერთი თქვენი მეგობარი იყო და იმან წაიყვანა სადილადო. ეს მეგობარი კარგი ქალაქელი თენგიზ ყალიჩავა გახლდათ, რომელსაც მიშასთვის უთქვამს — ტკაჩენკოსა და ბელოსტენნის მე მოვუვლი და აგერ ნახავ, დღეს მაგათ თამაშის თავი თუ ექნებათო. მიშას მაშინ დიდი ყურადღება არ მიუქცევია მეგობრის ნათქვამისთვის, მაგრამ ახლა საქმე უკვე არა დინამოს, არამედ თენგიზის გადარჩენას ეხებოდა. რატომ-მეთქი, ვიკითხე. ზურამ მიპასუხა, ბიჭო, ეგენი ერთ დალევაზე 6-6 ბოთლ არაყს სვამენ და მერე გადიან სათამაშოდო, არიქა იქნებ მივასწროთ, თორემ ჩააკვდებათ თენგიზი ხელშიო. საბედნიეროდ, მალე მივაგენით, სოფელ დიღმის შესასვლელში, იმ დროს პოპულარულ რესტორანში შესულებს ასეთი სურათი დაგვხვდა: ეს ორი ვეებერთელა კაცი არყით სავსე „მალენკოვის“ ჭიქებს უჭახუნებდა ერთმანეთს, თენგიზ ყალიჩავას კი, „სტალიჩნის“ 12 ცარიელი ბოთლის გარემოცვაში, მშვიდად ეძინა მაგიდაზე თავჩამოდებულს.