რუსუდან შაიშმელაშვილი
რამდენიმე დღეა, საქართველოში იმყოფება „როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას“ ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო. ამჟამად ფონდი იწყებს ახალ პროექტს. ესაა ახალშობილთა საყოველთაო სკრინინგი გულის თანდაყოლილი მანკების კრიტიკული ფორმების გამოსავლენად. ამასთან დაკავშირებით, ქალბატონი ელენე ვიშნევსკაია, საბჭოს წევრებთან ერთად, შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკო-პატრიარქს, ილია მეორეს. შეხვედრამ ძალიან თბილ გარემოში ჩაიარა. მისმა უწმინდესობამ დალოცა სტუმრები და შემდეგი სიტყვებით მიმართა:
„გულითადად მოგესალმებით თქვენ და თქვენს თანმხლებ პირებს. მივესალმები იმ ძალისხმევას, რომელსაც თქვენ იჩენთ ჩვენი ბავშვებისათვის. მე ყოველთვის სიყვარულით ვიხსენებ თქვენს მშობლებს და ვლოცულობ მათთვის… ვფიქრობ, ღვთის შეწევნით ჩვენ მივაღწევთ კარგ შედეგებს და ეს გავრცელდება სხვა ქვეყნებზეც… მადლობა თქვენ ამ დიდი სიკეთისათვის“.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარის გაკეთება ვთხოვე ფონდის პრეზიდენტს და დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთ წევრს.
ელენა როსტროპოვიჩი, ფონდის პრეზიდენტი:
„ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, მთელი ჩვენი ფონდისთვის დიდი პატივია აქ რომ ვიმყოფებით. მისმა უწმინდესობამ ჩვენთვისაც მოიცალა და პროგრამა დაგვილოცა. ეს უფრო მნიშვნელოვანს ხდის ჩვენს წამოწყებას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვილ ბავშვთა შორის გულის მანკის მკურნალობას. მე ძალიან მიყვარს საქართველო. ეს სიყვარული კი ჩემი მშობლებისაგან მომდის. ბედნიერი ვარ, რომ ახლა არა მარტო მუსიკა გვაკავშირებს ერთმანეთთან. ძალიან ამაღელვებელი იყო პატრიარქთან შეხვედრა. დაგვლოცა, ჯვარი მაჩუქა. მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება ეს ვიზიტი. მოხარული ვარ, რომ ქართველი ბავშვების დახმარება შემიძლია. აქვე მინდა დავძინო, მისი უწმინდესობის სახით თქვენ, ქართველებს ღვთის კაცი, წმინდა ადამიანი გყავთ. მადლობა მას, მადლობა თქვენ და მადლობა ყველას, ვინც ეს შეხვედრა დაგეგმა“.
ჯონ ბაიერლი, რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრი:
„რამდენიმე წლის წინ, დიპლომატიური სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, შემომთავაზეს ამერიკული არაკომერციული ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრი გავმხდარიყავი. მოგეხსენებათ, ეს ფონდი მსტისლავ როსტროპოვიჩმა და მისმა მეუღლემ, გალინა ვიშნესკაიამ დააარსეს. ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემდი მუსიკის ამ გიგანტებს და უბრალოდ არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომელიც მოსკოვში ყოფნისას გავიცანი. ამიტომ, შემოთავაზებას უყოყმანოდ დავთანხმდი. რეალობამ უფრო ნათლად დამანავხა, გალინასა და სლავას უდიდესი ჰუმანიზმი. ფონდი ახალშობილთა ჯანმრთელობაზე მზურნველობისათვის დაარსდა. 12 ქვეყანაში, ყირგიზეთიდან იორდანიამდე, ჩვენი პროექტები მოიცავს ვაქცინების მიწოდებას, დიაგნოსტიკური სკრინინგის ჩატარებას, ახალნამშობიარები დედების და მათი შვილებისთვის სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების გაწევას.
ამჟამად „როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას“ ფონდი საქართველოშ შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობს და სთავაზობს სკრინინგებს გულის თანდაყოლილი მანკის კრიტიკული ფორმის გამოსავლენად. ამ დაავადების საწყის ეტაპზე გამოვლენა ქირურგიული ჩარევის შედეგად მისი აღმოვფხვრის საშუალებას იძლევა. ასეთი სახის ოპერაციები თბილისის ჯო ენის სამედიცინო ცენტრში ტარდება. დანამდვილებით ვიცი, რომ ფონდი ქართველ ექიმებს ათასობით სიცოცხლის გადაარჩენაში დაეხმარება“.