თამაზ ჩიქვანაია
არიან ადამიანები, ვისაც ღვთისგან დიდი ნიჭი აქვთ მიმადლებული. თუ რამე საქმეს სერიოზულად მოეკიდნენ, განგების ეს ნობათი უმალ ამოხეთქავს და ისეთ მძლავრ ენერგიად დაიღვრება, შეჩერება შეუძლებელი ხდება.
პირველ დიდ გამარჯვებას 19 წლისამ მიაღწია. 1963 წელს, ხალხთა სპარტაკიადაზე, ომარ ფხაკაძე ერთ-ერთ წინასწარ გარბენს 10 მეტრის უპირატესობით იგებდა, როცა საჭე ხელში შემოეფშვნა. ბეტონის ტრეკზე დაგორებულს, მარცხენა ფეხი გვარიანად გადაეყვლიფა. თუმცა, ამას ვინ ჩიოდა — ფეხს საერთოდ ვერ ხრიდა. ომართან, ერთი ცნობილი რუსი სპორტული ჟურნალისტი მივიდა და ჰკითხა, რას აპირებო. არაფერსო, უპასუხა ომარმა, სანუგეშოსაც მოვიგებ და ამ ჩემპიონატსაცო.
სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებ იმ ჟურნალისტის გვარს, თუმცა კარგად მახსოვს მისი წერილი იმ დროის ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ გაზეთ „სოვეტსკი სპორტში“, რომელიც დაახლოებით ასე იწყებოდა: წარმოგიდგენიათ, მუსიკალური სკოლის დაწყებით კლასში მოსწავლე გამოიყვანოთ, ურთულესი ნაწარმოების დაკვრა დაავალოთ და მანაც დიდებულად დაუკრასო? შემდეგ კითხვას თავადვე პასუხობდა, დიახ, წარმომიდგენია, თუ ის მოწაფე ან მოცარტია ან შოპენიო. ალბათ, ხვდებით, რომ ომარ ფხაკაძემ ის სპარტაკიადა მოიგო და ჩემმა რუსმა კოლეგამ მოცარტსა და შოპენს სწორედ ის შეადარა.
ცოტა უცნაური კია, ქართველი გოლიათის ამ ვუნდერკინდებთან შედარება, მაგრამ, ცხადია, აქ ფიზიკურ მონაცემები კი არა, ნიჭი იგულისხმებოდა. თავად ომარს მოგვიანებით, უცხოეთში შერქმეული სახელი უფრო მოსწონდა: ორიოდ წელში, ველოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ომარ ფხაკაძე წლის საუკეთესო ველომრბოლელად აღიარა და ქართული ელვა შეარქვა. ეს 1965 წელს, ბასკურ სან-სებასტიანში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მოხდა. ომარმა, პირველად სატრეკო რბოლის ისტორიაში, დაამხო ფრანგი და იტალიელი სპრინტერების ჰეგემონია და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ჯერ იტალიელი ვერზინი, შემდეგ ფრანგი დანიელ მორელონი და ფინალში იტალიელ ჯორდანო ტურინის შანსი არ დაუტოვა. სხვათა შორის, ჯორდანო ტურინის ერთ თვეში ვაჟი შეეძინა და მას ომარი დაარქვა.
აბა, ისე როგორ იქნებოდა, ასეთ დიდ სპორტსმენზე ლეგენდები არ შეთხზულიყო. ლამის ორმეტრიანი, საოცარი ფიზიკური მონაცემების კაცს ველოსიპედის საჭე ვერ უძლებდა. განსაკუთრებით საფინიშო სპურტის დროს, როცა მთელი სიმძიმე საჭეზე მოდის და აკი რამდენჯერმე ხელში შემოეფშვნა კიდეც. დანიის დიდი პრიზის გათამაშებისას, ყველა მოუთმენლად ელოდა იმ დროის ორი უდიდესი სპრინტერის — ფხაკაძე-მორელანის დუელს. ნახევარფინალში, ფრანგ ტარანტინისთან პაექრობისას, პირველ გამოსვლაში ომარის ველოსიპედის საჭემ თქვენი ჭირი წაიღო. საბედნიეროდ, თავად არ დაშავებულა. მეორე და მესამე ცდაზე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა: სრულიად ველოსპორტის სამყარო გადამწყვეტი ფინალის მოლოდინში იყო. ეს ტურნირი ტელევიზიით გადაიცემოდა და ველოსიპედების მწარმოებელი ერთ-ერთი ფირმის ხელმძღვანელობამ, ერთ ღამეში, სპეციალურად ქართველისთვის, ააწყო ველოსიპედი, რომელსაც, როგორც ამობდნენ, ტიტანის საჭე დაუყენეს.
ტიტანისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ახალი სარბოლო მანქანა მართლაც ისეთი გამართული გამოდგა, რომ ქართველი გოლიათის ზეწოლასაც გაუძლო და დანიელ მორელინის შეტევებიც იოლად მოიგერია; მეორე დღეს, ახალ ველოსიპედთან ფონზე კოპენჰაგენის დიდი პრიზით ხელდამშვენებული ომარის ფოტო სპორტული ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდებს ამშვენებდა.
ველოსპორტის იტალიური სკოლა ერთ-ერთი უძლიერესი იყო მსოფლიოში და, ცხადია, გამორჩეული მწვრთნელებიც ჰყავდათ. ერთ-ერთ მათგანს, გვიდო კოსტას ჰკითხეს, რამდენი წელია საჭირო, საერთაშორისო კლასის სპრინტერი რომ გაზარდოთო. ველოსპორტის მაესტრომ უპასუხა: 7-8 წელი, თუ, რა თქმა უნდა, ომარ ფხაკაძე და დანიელ მორელონი არ გყავთ მხედველობაშიო.
წერილის დასაწყისში ღვთისგან ბოძებულ ნიჭზე ვსაუბრობდით. ეჭვი არ არის, თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე, რა გზაც არ უნდა აერჩია, ომარ ფხაკაძე ყველგან წარმატებული და გამორჩეული იქნებოდა. ამის დასტურად გამოდგება გიორგი შენგელიას ცნობილი ფილმი „ხარება და გოგია“, სადაც ომარი მთავარ გმირს, ხარება ჯიბუტს ანსახიერებს. ახლობლებისთვის გასაკვირი სულაც არ იყო, რომ ასე პროფესიულად და მაღალ დონეზე შეასრულა რეჟისორის დავალება. გასაკვირი კი იმიტომ არ იყო, რომ ფილმშიც თავისთავს თამაშობდა: კეთილშობილ, სამართლიან კაცს და ერთგულ, უღალატო მეგობარს…
მოგეხსენებათ, ფილმში ომარს პარტნიორობას ჭიდაობის ლეგენდა ლევან თედიაშვილი უწევდა. იქ არის ეპიზოდი, როცა ხარება და გოგია ერთმანეთს ხუმრობით ეჭიდებიან. როგორც თვითმხილველები ამბობენ, იქ ხუმრობა კი არა, ორი დევგმირის ჯახი იყოო. როგორც ჭეშმარიტ რაინდებს ჩვევიათ, ამ ჯახში ორი ღირსეული კაცის მეგობრობამ გაიმარჯვა.
1993 წელს ომარ ფხაკაძე 49 წლისა გარდაიცვალა. ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ამ ბუმბერაზ ადამიანს ვინმე ან რამე მოერეოდა. ველოსპორტის მსოფლიო ისტორიას გამოაკლდა დიდი სპორტსმენი, რომელმაც გაიელვა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ველოტრეკებზე. აკი, ამიტომ უწოდეს ქართული ელვა, ამიტომაც დაერქვა მისი სახელი თბილისის უნიკალურ ველოდრომს, რომელიც სულ ახლახანს აღგავეს პირისაგან მიწისა.