თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. რუსეთმა სირიაში უახლესი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი С-400 განათავსა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოიწონა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ჰმეიმიმის ავიაბაზაზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უახლესი სისტემის С-400-ის განთავსების თაობაზე. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თურქულმა გამანადგურებელმა რუსული სუ–24 ჩამოაგდო, რომელიც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციაში მონაწილეობდა. თვითმფრინავის ერთი პილოტი დაიღუპა, შტურმანი გადარჩა.
საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი პოდმოსკოვიედან სირიაში სამხედრო–სატრანსპორტო ავიაციის მეშვეობით ერთ დღე–ღამეში გადაიტანეს, განუცხადა სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების წარმომადგენელმა.
საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი С-400 სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ მხარდაჭერით სირიაში რუსული ავიაჯგუფის ფრენების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და მათთვის საფრთხის შემცველ ნებისმიერ მიზანს გაანადგურებს.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებში ვლადიმირ კოჟინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სირიაში გადაგზავნილი С-400 არ გაიყიდება და ამოცანის შესრულების შემდეგ მას რუსეთში დააბრუნებენ.
კომპლექსი განკუთვნილია ბარიერების შემქმნელი თვითმფრინავების, რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის სისტემის მქონე თვითმფრინავების, მზვერავი თვითმფრინავების, სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავების, ბალისტიკური რაკეტების, ჰიპერბგერითი მიზნებისა და საჰაერო თავდასხმის სხვა თანამედროვე და პერსპექტიული საშუალებების გასანადგურებლად.