ვერტმფრენის კატასტროფა კრასნოიარსკის მხარეში: 10 ადამიანი დაიღუპა, 15 დაშავდა

© photo: Sputnik / David Sholomovich / გადასვლა მედიაბანკშივერტმფრენი მი–8
ვერტმფრენი მი–8 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიაკომპანია „ტურუხანის“ ვერტმფრენი მი–8, რომლის ბორტზეც 25 ადამიანი იმყოფებოდა, იგარკიდან ორ კილომეტრში ჩამოვარდა. დაიღუპა ეკიპაჟი და შვიდი მგზავრი, გადარჩენილები რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. დაზუსტებული მონაცემებით, კრასნოიარსკის მხარის ჩრდილოეთით ვერტმფრენ მი–8–ის კატასტროფას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მთელი ეკიპაჟი, 15 ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. 

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამხარეო სამსახურმა განაცხადა, რომ მი–8 კრასნოიარსკის მხარეში კავშირზე არ გამოვიდა. ადგილობრივი დროით 11.45 საათზე შემოვიდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია „ტურუხანის“ ვერტმფრენი მოძრაობდა მარშრუტით „იგარკა–ნავთობგადამქაჩავი სადგური“. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მი–8 იგარკის აეროპორტიდან ორ კილომეტრში ენისეის ნაპირზე ცხვირით ჩაერჭო. ის აეროპორტის თანამშრომლებმა დაინახეს და დასახმარებლად პირველები მივიდნენ.

„ბოლო დაზუსტებული მონაცემებით, დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის სამკაციანი ეკიპაჟი, 15 ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაშია“, — განაცხადა დასავლეთ ციმბირის სატრანსპორტო პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოქსანა გორბუნოვამ.

ვერტმფრენის კატასტროფასთან დაკავშირებით, კრასნოიარსკის მხარის ხელისუფლებამ პარასკევი გლოვის დღედ გამოაცხადა.

დაშავებულთა დახმარება

„თხუთმეტი დაშავებული იგარსკის ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, ორი მათგანის მდგომარეობა ძალზე მძიმეა. ამჟამად ყველა ჰოსპიტალიზირებულს საჭირო სამედიცინო დახმარება და სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. მზადყოფნაშია კრასნოიარსკისა და მთელი მხარის სტაციონარები და ტრავმატოლოგიური ცენტრები“, — განაცხადა კრასნოიარსკის მხარის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზოია მასლენიკოვამ.

იგარკაში გაფრინდნენ სანიტარული ავიაცია და სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიური ცენტრის სპეციალისტები. ბრიგადის შემადგენლობაშია სამი რევმატოლოგ–ანესთეზიოლოგი, ნეიროქირურგი, ტრავმატოლოგ–ორთოპედი და ქირურგი. დაშავებულთა მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ მათი კრასნოიარსკში გადაყვანის საკითხს გადაწყვეტენ.

საგანგებო სიტუაციების ადგილობრივი სამსახურის წარმომადგენლის, ელენა იასტრებკოვას მონაცემებით, ადგილზე სულ 100 ადამიანი მუშაობს: მედიკოსები, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები, ოპერატიულ–საგამოძიებო ჯგუფი და ასევე ტექნიკის 27 ერთეული. მიმდინარეობს ვერტმფრენის დემონტაჟი. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავარიულ–სამაშველო სამუშაოებს აწარმოებს.

ავიაკომპანია „ტურუხანის“ მზღვეველი კომპანიაა „სოგაზი“ აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის ლიმიტი, მგზავრის დაღუპვის შემთხვევაში, ორ მილიონ რუბლზე მეტს შეადგენს, მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში — 2 მლნ რუბლს, ხოლო მგზავრის ქონების დაზიანებისას — 23 ათას რუბლს.

მიზეზები და შედეგები

„გაფრენის წინ ვერტმფრენს სრული შემოწმება ჩაუტარდა და ყველაფერი გამართულად მუშაობდა. ამინდიც კარგი იყო“, — განაცხადა იასტრებკოვამ.

ამასთან, მი–8–ის ჩამოვარდნის წინასწარ მიზეზად ანონიმური წყარო სამართალდამცავ ორგანოში, ვერტმფრენის ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს.

დასავლეთ ციმბირის საგამოძიებო სამმართველოს სატრანსპორტო სამსახურებმა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის სსკ–ის 263–ე მუხლის მესამე ნაწილით აღძრეს (საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რასაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის დაღუპვა მოჰყვა).

დასავლეთ ციმბირის სატრანსპორტო პროკურატურამ ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტზე ფრენების უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების შემოწმება დაიწყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0